თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ შეიძლება თანამდებობა დატოვოს. ამის შესახებ დღეს დაგეგმილ კახა ცხადაძის პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი.
საქართველოს ფედერაციის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ცხადაძეს ხელფასი საგრძნობლად უმცირდება, კომიტეტი მთავარ მწვრთნელს ბონუსების სისტემას სთავაზობს, რომელსაც იგი ნაკრებისთვის დასახული მიზნის მიღწევის შემთხვევაში მიიღებს.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას ცხადაძემ განაცხადა, რომ სფფ-ს მისი გათავისუფლების უფლება აქვს. ამასთან, მწვრთნელის განმარტებით, ფედერაციას აქვს ვალდებულება, რომლის შესრულებაც აუცილებელია.
„მე ჩემი კომენტარი ხელფასის დაკლებასთან დაკავშირებით უკვე გავაკეთე. ჩემი მხრიდან ყველაფერი გაკეთდა, დანარჩენი ფედერაციამ უნდა გააკეთოს. შეუძლია გამიშვას, მერე კი მე გავაკეთებ განცხადებას. თუმცა, ეს უკვე სხვა ისტორიაა. მე ქუჩიდან არ მოვსულვარ — მე კონტრაქტი მაქვს, ფედერაციას ვალდებულებები აქვს, ბევრი რაღაცაა. მე ჩემი ცხოვრება ორწელიწადნახევრით დაგეგმილი მაქვს და მე ნაკრებში ვმუშაობ", — განაცხადა ცხადაძემ სატელეფონო ინტერვიუში.
აღნიშნული განცხადება ცხადაძემ სფფ-ის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„ბოლო პრესკონფერენციაზე მე იმ ცვლილებებზე ვისაუბრე, რომელიც სფფ-ის კომიტეტის მიერ იქნა მიღებული. ცხადაძეს სწორედ ეს ცვლილებები გავაცანი. სამწუხაროდ, მისი პასუხი ჯერჯერობით არ მაქვს“, — განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში ლევან კობიაშვილმა.
კახა ცხადაძე საქართველოს ნაკრების მწვრთნელის თანამდებობაზე 2014 წლის ნოემბერში, თემურ ქეცბაიას გათავისუფლების შემდეგ დაინიშნა.