პირველი ქართველი რომელმაც მსოფლიოს ირგვლივ იმოგზაურა

© ს. კაკაჩია.აკაკი ჭანტურიას ძეგლი ზუგდიდის მუზეუმის ეზოში. არქივის ფოტო.
აკაკი ჭანტურიას ძეგლი ზუგდიდის მუზეუმის ეზოში. არქივის ფოტო. - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მეცნიერი, არქეოლოგი და ეთნოგრაფი აკაკი ჭანტურია პირველი ქართველი იყო, ვინც გასული საუკუნის დასაწყისში გემით თითქმის მთელ დედამიწას შემოუარა.

სოფიო კაკაჩია

ზუგდიდიში, სამეგრელოს მთავარი ისტორიული ღირსშესანიშნაობის — დადიანების მუზეუმისაკენ მიმავალ ბილიკზე, შეუძლებელია გულგრილად ჩაუარო გვერდი იქვე ბაღის სკამზე მჯდომ ინგლისურ ფრაკში გამოწყობილ ხელჯოხიან მამაკაცს. ეს ევროპული გარეგნობის, აპრეხილულვაშებიანი ბრინჯაოს ფიგურა, რომელიც თბილი მზერით მიგაცილებთ კარამდე — მუზეუმის სულისჩამდგმელი, მისი დამაარსებელი, ცნობილი ქართველი მეცნიერი, არქეოლოგი და ეთნოგრაფი აკაკი ჭანტურია გახლავთ. რომ არა ამ ადამიანის ერთი საუკუნის წინანდელი თავდაუზოგავი შრომა, დღეს ის სიმდიდრე რითაც ასე ამაყობენ ზუგდიდელები და მთელი საქართველო —  დადიანების მემკვიდრეობის სახით (და არა მარტო), თამამად შეიძლება ითქვას რომ არ იარსებებდა. 

ამ საოცარი ბიოგრაფიის მქონე ადამიანის ცხოვრებასა და ერის წინაშე მის დამსახურებაზე საუბარს, კიდევ არაერთხელ დავუბრუნდებით. ამჯერად კი მასზე  მეცნიერის ერთადერთი შთამომავალი — კესო ჭანტურია გვიამბობს.

© ს. კაკაჩია.ქართველი მოგზაური და მეცნიერი აკაკი ჭანტურია. ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი.
ქართველი მოგზაური და მეცნიერი აკაკი ჭანტურია. ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი. - Sputnik საქართველო
ქართველი მოგზაური და მეცნიერი აკაკი ჭანტურია. ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი.

კესო ჭანტურია:

ძნელია ისაუბრო საკუთარ ოჯახის წევრზე, თუმცა ორმაგად საპასუხიმგებლოა  მისი სამემკვიდრეო სამეცნიერო გზის გაგრძელება  და მარტომ შეეჭიდო  იმ გზას, რომელსაც აკაკი ჭანტურიას სახელის  უკვდავყოფა ჰქვია. 

აკაკი ჭანტურია 1881 წ. 12 თებერვალს სოფელ ჩქვალერში მღვდლის ივანე ჭანტურიას და დიასახლისი ხანზე შამუგიას ოჯახში დაიბადა. დაამთავრა ჯვარის საჯარო სკოლა და შემდეგ უკვე სენაკის სასულიერო სასწავლებელი. მისი ძმები, როგორც მამა, სასულიერო პირები იყვნენ, თუმცა აკაკიმ სხვა გზა აირჩია, სხვა მისწრაფებები ჰქონდა.  

ბათუმში როტშილდის ქარხანაში დაიწყო მუშაობა, სადაც თავისუფალ დროს ბევრ კითხულობდა, სწავლობდა უცხო ენებს, ეცნობოდა მსოფლიო ლიტერატურას და 1904 წელს ყველასაგან მოულოდნელად გაემგზავრა ლონდონში. იქ მან ჯერ დაამთავრა გეოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო შემდეგ შეისწავლა  არქეოლოგია, ეთნოგრაფია, ისტორია, კარტოგრაფია, სამუზეუმო საქმე, ფილოლოგია, ფოლკლორი და  ხელოვნება. 

შესანიშნავად ფლობდა სხვადასხვა ენებს, ეს გახლავთ: რუსული, ინგლისური, ლათინური, ბერძნული, ფრანგული, შოტლანდიური და პოლონური.  მას დამთავრებული ჰქონდა ლონდონის უნივერსიტეტი, ამერიკაში ბარეტის კოლეჯი, ასევე ოდესისა და ხარკოვის უნივერსიტეტები, ამასთანავე იყო ბრიტანეთის სამეფო აკადემიისა და სამუზეუმო საბჭოს  წევრი.  ის პირველი ქართველი იყო, ვინც გემით იმოგზაურა დედამიწის გარშემო,  მოიარა ამერიკა (სამხრეთი, ჩრდილოეთი), ავსტრალია, ახალი ზელანდია, ფილიპინები, ინდოჩინეთი, ინდოეთი, არაბეთი, აფრიკა. შემდეგ კი ლონდონის ალმა-მატერს დაუბრუნდა.

© ს. კაკაჩიააკაკი ჭანტურიას მეუღლე ქეით უოლტერ ბოლი. ოჯახის ფოტოარქივი.
აკაკი ჭანტურიას მეუღლე ქეით უოლტერ ბოლი. ოჯახის ფოტოარქივი. - Sputnik საქართველო
აკაკი ჭანტურიას მეუღლე ქეით უოლტერ ბოლი. ოჯახის ფოტოარქივი.

1920 წელს  აკაკი ჭანტურია ცოლ-შვილთან ერთად სამშობლოში ბრუნდება და  მუშაობს სამეგრელოში მუზეუმის დაარსების იდეაზე.  ისტორიულად ცნობილი ფაქტია, რომ მაშინდელმა მთავრობის მეთაურმა ნოე ჟორდანიამ  დაიბარა ბატონი აკაკი  და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა შესთავაზა, თუმცა უარი განაცხადა ამ მაღალ ჩინზე და ბატონ  ნოეს  სამეგრელოში მუზეუმის დაარსების ნებართვა სთხოვა. დადიანების ქონება ზუგდიდის გარდა სალხინოსა და ჭკადუაში — პრინც აშილ მიურატის სასახლეში ინახებოდა. სალხინოდან ნივთების მიღება აკაკის მთელ ეპოპეად ექცა — მცველების თანხლებით მიდიოდა და აურაცხელ საგანძურს ურმებით ეზიდებოდა. დიდი შრომის ფასად 1921 წლის 1 მაისს ზუგდიდში აკაკი ჭანტურიამ სამეგრელოს მუზეუმი გახსნა. მან ოცნება რეალობად აქცია. შემდეგ იყო 1937 წელი და აკაკი ჭანტურიას დევნა საბჭოთა ხელისუფლების მიერ. 1940 წელს კი იგი აიძულეს დაეტოვებინა მუზეუმი, რის შემდეგაც როგორც ამბობენ უამრავი რამ დაიკარგა მუზეუმის საცავებიდან…

© ს. კაკაჩიააკაკი ჭანტურიას შვილიშვილი კესო ჭანტურია.
აკაკი ჭანტურიას შვილიშვილი კესო ჭანტურია.  - Sputnik საქართველო
აკაკი ჭანტურიას შვილიშვილი კესო ჭანტურია.

- ბატონი  აკაკის ოჯახზეც მოგვიყევით, თქვენ მისი ერთადერთი შვილიშვილი ბრძანდებით?

დიახ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ასეა. მას ცოლად ჰყავდა წარმოშობით ლონდონელი ქალბატონი  ქეთრინ უოლტერ ბოლი, რომლისგანაც  ხუთი ვაჟი შეეძინა. ქეთრინმა მოინდომა და  ისწავლა ქართული და მეგრული. საუბედუროდ ძალიან ახალგაზრდა — 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. ხუთი შვილი ბაბუამ მარტო აღზარდა, ხუთივემ უმაღლესი განათლება მიიღო  და მეცნიერ-მუშაკები იყვნენ.  ქეთრინს საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ  მის ნათესავებთან სამწუხაროდ ხშირი ურთიერთობა არ ჰქონდა (ქვეყნის პოლიტიკიდან გამომდინარე), რასაც თავისებურად ძალიან განიცდიდა. მინდა გითხრათ, რომ  შვილები დედას საოცრად ჰგავდნენ ფიზიკურად. ხასიათის სიმტკიცითა და შეუპოვრობით კი მათ ყველა მამას ადარებდა თურმე. 

დედმამიშვილებიდან ოჯახი კი  მარტო ერთმა — მამაჩემმა შექმნა. მამაჩემის და-ძმათაგან  დღეს არც ერთი მათგანი ცოცხალი აღარაა. 

ბატონი აკაკი ჭანტურია  1949 წლის 11 მაისს  ზუგდიდში თავისი ხელით აგებულ სახლში გარდაიცვალა დაკრძალლულია  ჭანტურიების საგვარეულო სასაფლაოზე. 

 ოჯახის გვარის გამგრძელებელი კი ჩემი შვილები  პატარა აკაკი და ნიკოლოზი არიან,  რომელნიც საოცრად ამაყობენ თავიანთი დიდი  ბაბუით!… მე ვცდილობ გავაგრძელო მისი გზა, გამოვეცით რამდენიმე წიგნი, ასევე გამოსაცემად თითქმის მზადაა მისი 4 ნაშრომი.  

ბედნიერი ვარ, რომ ზუგდიდელებმა დააფასეს ბატონი აკაკის ღვაწლი. მოგახსენებთ, 2014 წლის 30 დეკემბერს ბაბუას დაარესბული მუზეუმის ტერიტორიაზე მისი ძეგლი გაიხსნა. იდეის ავტორი ზუგდიდის „ჩოხოსანთა“ კავშირის წევრები არიან, ხოლო მოქანდაკე „ჩოხოსანთა“ საზოგადოების ქუთაისის სადროშოს წარმომდგენელი მოქანდაკე გიორგი კიკვაძე.

… და  დღეს ისევ ისე, კვლავ მისი დაარსებული მუზეუმის სადარაჯოზე დგას ბატონი აკაკი ჭანტურია…


ყველა ახალი ამბავი
0