თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. ლატვიის პრეზიდენტი რაიმონდ ვეიონისი (Raimonds Vējonis) საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აპრილში ეწვევა, განაცხადა რიგაში მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.
თბილისში ვეიონისი საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მოწვევით ჩამოვა, რომელმაც ლატვიელი კოლეგა ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში მოიწვია.
„ჩვენ მას (ლატვიის პრეზიდენტს- რედ.) თბილისში ველოდებით, ვიზიტი საქართველოში აპრილის დასაწყისშია დაგეგმილი“, — განაცხადა დავით უსუფაშვილმა მედიასთან, რომელიც პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
დავით უსუფაშვილი ლატვიაში პარლამენტის დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ორმხრივი ვიზიტის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები უკვე გამართა ლატვიის პრემიერ-მინისტრთან ლაიმდოტ სტრაუჟმასთან (Laimdota Straujuma).
ასევე დაგეგმილია შეხვედრები ლატვიის პარლამენტის სპიკერთან, ვიცე-სპიკერთან და უვროპასთან ურთიერთობის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარესთან.
ქართული დელეგაცია ლატვიის უნივერსიტეტში უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. გარდა ამისა, დავით უსუფაშვილი და საქართველოს პარლამენტის დეპუტატები მონაწილეობსა მიიღებენ ქართული ანბანისადმი მიძღვნილ გამოფენაში.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, დავით უსუფაშვილთან ერთად, არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიხეილ მაჭავარიანი და ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ვიქტორ დოლიძე.