ბებიის რჩევა და ჰოლივუდელი ,,ფრენდები“

© თ. გოგნიაშვილი.კინორეჟისორი მარიამ ხაჭვანი. არქვის ფოტო.
კინორეჟისორი მარიამ ხაჭვანი. არქვის ფოტო. - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახლახან ახალგაზრდა, წარმატებულ რეჟისორს - მარიამ-ბაკაჩო ხაჭვანს კორეიდან ყველაზე დიდი ტელევიზიის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და როგორც რეჟისორს შესთავზეს მონაწილეობის მიღება ფილმში, სადაც მან სვანეთის კუთხის კულტურა და კულინარია უნდა წარადგინოს.

სვანეთში, სოფელ უშგულში დაიბადა. მსოფლიო წარმატებას 26 წლის ასაკში მიაღწია. ყოველთვის განიცდიდა, რომ ამ კუთხის განსხვავებული ტრადიციები ხშირად არასწორი და უარყოფითი კუთხითაა ნაჩვენები. ამიტომაც გადაწყვიტა გადაეღო ფილმი, რომელიც ნამდვილ სვანურ ყოფას ასახავდა. მისი პირველივე ფილმის,,დედეს“ სცენარი სანდენსისა და კანის კინოფესტივალებზე საუკეთესო პროექტებს შორის მოხვდა. მეორე ფილმმა "დინოლამ“ კი 17 საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი ჯილდო მოიპოვა და პირველი მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმი გახდა, რომელიც ევროპის კინოაკადემიამ შეარჩია.

–მარიამ, სამყარო, რომელზეც რეალისტურ ფილმებს იღებ მკაცრი, მაგრამ ამავე დროს რომანტიულია. ესაა  ცხოვრება —კინოში და კინო —ცხოვრებაში, როგორ მიჯნავ მათ? 

–როგორც შემოქმედი მეც ამ ყოფაში გავიზარდე და ჩემთვის ეს ყველაფერი ჩვეულებრივია, ესაა ცხოვრება კინოშიც და რეალურადაც.. ადრე სულ მეგონა,რომ ევროპის უმაღლეს წერტილში სხვა ცხოვრება იყო, ქალაქში სხვა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში-სხვა… მაგრამ ეხლა მივხდი, რომ ცხოვრება ყველგან ერთნაირია მსგავსი ადამიანური პრობლემებით, უბრალოდ მდებარეობაა სხვადასხვა….

–იქნებ ასეთი მკაცრი ტრადიციები სვანეთში იმის გამოა, რომ ეს კუთხე თავადაა ზედმეტად მკაცრ ბუნებრივ გეოგრაფიულ-კლიმატურ გარემოში და ადამიანს ამ გარემოსთან ადაპტაცია ბავშვობიდანვე არ გაჭირვებოდა? 

–გეთანხმები, სვანეთში მართლაც მკაცრი კლიმატური პირობებია, იქ ცხრა თვეა თოვლიანი ზამთარი, ამას უგზოობაც ემატება. ხალხი მთელი ზაფხული თავდაუზოგავად მუშაობს, რომ ზამთრისთვის მოემზადოს. ხუთი წლის ბავშვები მთაში საქონლის წამოსაყვანად მიდიან, მაშინ როცა ქალაქში ბავშვს უყურადღებოდ გვერდით ოთახშიც ვერ ტოვებენ. ეს ყველაფერი ადამიანის ბუნებაზე, მის ხასიათზე მოქმედებს, ამიტომ ისინიც უფრო ძლიერები და გულადები არიან, უფრო მეტად ითმენენ ტკივილს. საოცარი ისტორიები მაქვს მოსმენილი, სულ მიკვირს ამ ყველაფერს ადამიანები როგორ უძლებდნენ… თუმცა ესეცაა, უშგული ვიზუალურად ჩემთვის სამოთხეა.

–შენ ხარ სვანურად ღრმად მოაზროვნე, ამ სიტყვის კარგი გაგებით-ჯიუტი ადამიანი. მახსოვს, ერთხელ თქვი, კანის ფესტივალზე წავალო და შენი ფილმი იქ მართლაც იხილეს. ამის მერე რაც,,დაიქადნე“- ისიც აასრულე. ამ წარმატებებმა როგორც ხელოვანს ალბათ თავდაჯერება შეგმატა.

© Photo: Courtesy of Mariam Khachvaniფილმ "დედეს" გადაღებები. რეჯისორი მარიამ ხაჭვანი. არქივის ფოტო.
ფილმ დედეს გადაღებები. რეჯისორი მარიამ ხაჭვანი. არქივის ფოტო. - Sputnik საქართველო
ფილმ "დედეს" გადაღებები. რეჯისორი მარიამ ხაჭვანი. არქივის ფოტო.

— ღმერთი ყველაფერში მეხმარება…კანისფესტივალზე ჩემი ფილმის ჩვენების სურვილი თავიდანვე მქონდა. იქ "დედეს“ სცენარით მოვხდით. მახსოვს, ჩემმა პროდიუსერმა მითხრა კანში მივდივართო, ამის მერე უფრო დავიჯერე, რაც გულით გინდა-ყველაფერი აგიხდება. ძალიან მიხარია, რომ ტრადიციების მოყვარულ ფრანგებს ჩემი ხედვა და ფილმები განსაკუთრებულად მოსწონთ. საფრანგეთში ჯერ არ ყოფილა ფესტივალი, სადაც "დინოლა“ გავაგზავნეთ და არ მიეღოთ, თანაც პრიზები ყველგან ავიღეთ. ამიტომ არ მიკვირს, რომ ფილმის ფესტივალზე გაგზავნას ძირითადად საფრანგეთიდან გვთხოვენ. მიხარია, რომ მათი მხრიდან ყოველთვის დიდი ინტერესია. ეხლა ახალ მიწვევას ველოდები. ამჟამად კი უშგულში ვიმყოფები, სადაც ფილმ "დედეს" საფინალო გადაღებებს შევუდექი. 

–მკითხველს შევახსენებ, რომ 17 საერთაშორისო ფესტივალზე გაქვს ჯილდო მოპოვებული, სხვები ასეთ აღიარებას მთელი ცხოვრება ელიან. შემდეგი,,გაჩერება“- ჰოლივუდია?..

— სიმართლე გითხრათ, ჰოლივუდზე არც ვოცნებობ, ჩემი სურვილია ძალიან ცნობილ, კლასიკოს რეჟისორად ვითვლებოდე და მერე ჰოლივუდელი მსახიობები აქეთ მომძებნიან.  26 წლის ვიყავი,,დინოლა“ რომ გადავიღე და დაახლოებით სამი წლის განმავლობაში ვმოგზაურობდი სხვადასხვა ფესტივალებზე, ბოლო პრიზი ერთი თვის უკან ავიღეთ. ამ ბოლოს დროს სოციალურ ქსელში დავაკვირდი, რომ ხშირად მეგობრობას მთხოვენ ის უცხოელები, რომლებსაც ინფორმაციაში ჰოლიუდის მსახიობი უწერიათ, რამდენიმემ რომ დამამატა, გამეცინა: ეტყობა, უკვე მცნობენ მეთქი.

-გავიგე, კორეის ტელევიზიიდან მოგივიდა მოწვევა…

— დიახ, მათ შემატყობინეს, რომ სვანეთის ტრადიციებსა და კულინარიაზე გადაღებული ჩემი დოკუმენტური ფილმით დაინტერესდნენ. მთხოვეს, თქვენი კულტურა გაგვაცანიო და თქვენს კუთხეში ცნობილი კერძები გააკეთეო.გამიხარდა და შევეცდები უგემრიელესი სვანური კერძები, მე რომ ვიცი, ისეთები გავაკეთო, ეს ფაქტი კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ კინოხელოვნება ქვეყანას მსოფლიოში საუკეთესო,,პიარს’’უკეთებს.

–მარიამ, შენი ფილმი ბებიის რეალურ ცხოვრების ამბავს ასახავს. რომელია  რჩევა, რაც მისგან აითვისე? 

–ბებია ახლა 90 წლის არის, მას მძიმე ბავშობა ჰქონდა და მერე ორი შვილი დაეღუპა. თითქმის ყოველდღიურად მეუბნება: მოუფრთხილდი ნერვებს და არაფერზე ინერვიულო, ყველაფერი გაივლისო. ხედავ? მე არაფერი მჭირს და მგონია, რომ ყველაფერი მჭირსო. მართლაც ესეა, ყოველდღე უნდა, რომ ანალიზები აიღოს, ექიმებს კი ეცინებათ: იმდენად ჯანმრთელია, ნეტავ, ჩვენც ასე ვიყოთო.

-დიდი მადლობა, ახალ ფილმებს, პრიზებს და ბებიის რჩევის გათვალისწინებას გისურვებ…

 

ყველა ახალი ამბავი
0