ოთარ მეღვინეთუხუცესი: სიცოცხლე ყველაზე დიდი საჩუქარია!

© pirveliradio.geოთარ მეღვინეთუხუცესი. საარქივო ფოტო.
ოთარ მეღვინეთუხუცესი. საარქივო ფოტო. - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოთარ მეღვინეთუხუცეს არც მაყურებლის აღიარება და სიყვარული აკლდა და არც ჯილდოები და პატივი. თეატრისა და კინოს მსახიობს როლებიც შესაფერისი ჰქონდა. თენგიზ აბულაძე თუ ლილი იოსელიანი, გიგა ლორთქიფანიძე თუ თემურ ჩხეიძე, მისი თანამედროვენი, მასზე უფროსი და გაცილებით უმცროსი რეჟისორები სიამოვნებით მუშაობდნენ ოთარ მეღვინეთუხუცესთან.

ის სერიოზული და სევდიანი იყო, ერთი შეხედვით თავის თავშიც ჩაკეტილიც, მაგრამ საუბრის პროცესში მისი გულწრფელობა გაოცებას იწვევდა. 16 იანვარს, ოთარ მეღვინეთუხუცეს 84 წელი შეუსრულდებოდა. წინამდებარე ინტერვიუ ბატონ ოთართან რამდენიმდე წლის წინ ჩაიწერა და დღეს პირველად წარვადგენ მკითხველის წინაშე: 

- ბატონო ოთარ, ბედს, იღბალს ხელოვანის ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს? თქვენ კინოსა და თეატრის ბევრ რჩეულ რეჟისორთან მუშაობდით…

- ბედი დიდ რამეს ნიშნავს, ვინაიდან საქმემ შეიძლება ნიჭიერი კაციც გარიყოს. მსახიობობა ხომ სხვაზე დამოკიდებული პროფესიაა. რეჟისორმა უნდა მოგცეს როლი, მან უნდა ამოგიცნოს, შენი ნიჭიერება დაინახოს. მარჯანიშვილმა 26 წლის ზესტაფონელ ბიჭს ჰამლეტის როლი მისცა. იმ სულმნათს ეს უნარიც ჰქონდა, ხედავდა, აი, ბედი! სულ ათი წელი იყო უშანგი ჩხეიძე სცენაზე და ქართული თეატრის ისტრიაში წარუშლელი კვალი დატოვა. მაშინ, რომ არ მიმხვდარიყვნენ, ეს კაცი რაღაცა დიდის გამკეთებელიაო, იქ დამთავრდებოდა მისი ცხოვრება!

სხვა არტისტის წარმატების არ მეშინოდა და არც მშურდა მისი. ისე, ვინმეზე უსამართლოდ, რომ იტყოდნენ უკეთესიაო, ეს მაღიზიანებდა. თუ ერთმა მსახიობმა მეორეს აჯობა, მიზეზი შენ თავში უნდა ეძებო: რა ვერ მოვახერხე! პირველ რიგში, ჩემ თავს უნდა მოვთხოვო. მაგრამ რატომ უნდა შემშურდეს? რა, ჩემ საქმეს ვინმეზე ნაკლებად ვაკეთებ? როცა ძალიან ნიჭიერ ადამიანს სხვა ნიჭიერი არ უყვარს, მათი არაფერი მესმის. ძალიან ნიჭიერს ვისი უნდა ეშინოდეს, ვისი უნდა შურდეს? არ მესმის, ის ხომ განუმეორებელი და ერთადერთია! ამას წინათ ტელევიზიაში ვიყავი და წამყვანმა მითხრა თქვენ ხუთეულში შედიხართო… ასე იმიტომ მითხრა, რომ გავეღიზიანებინე და მეთქვა: არა, მე პირველი ვარ! ვუპასუხე: ვერ დაგისახელებთ პირველებს იმიტომ, რომ ჩემ მეგობრებს ეწყინებათ, ვიღაცას გულს ვატკენ! ისე, ვერიკო იყო პირველი თუ სესილია, შეიძლება ამის თქმა? ორი აბსოლუტურად განსხვავებული, გენიალური არტისტი იყო, ხომ?

© მ. ტურიაშვილი.ოთარ მეღვინეთუხუცესი. ფოტოარქივი.
ოთარ მეღვინეთუხუცესი. ფოტოარქივი. - Sputnik საქართველო
ოთარ მეღვინეთუხუცესი. ფოტოარქივი.

- ბატონო ოთარ, ამდენი წელია ამ საქმეს ემსახურებით და როგორ ჩამოაყალიბებდით, რა არის მსახიობის პროფესიონალიზმი?

- ჩვენ საქმეს ბოლო და ძირი არ გააჩნია. კაცობრიობამ თეატრის თეორიის სახით თუ გამოცდილებით ბევრი რამ დააგროვა და დღეს ვხედავთ სამსახიობო ოსტატობის უმაღლეს დონეს, მაგრამ ეს მაინც შუა გზაზე ყოფნაა. სწორედ ესაა პროფესიონალიზმი, როცა მიღწეულით არ კმაყოფილდები და იქით რა იქნება, იმას ეძებ. იპოვი თუ არა, არ ვიცი, მაგრამ თუ ეძებ,  შენსას უცილებლად მიაგნებ. ეს აღმოჩენა შეიძლება სხვამ ვერ შეამჩნიოს, მაგრამ სწორედ ეს პატარა რამ შეგასხამს ფრთებს და სიხარულს განიჭებს. სხვას აღარ შეეკითხები, ვინაიდან შენ იცი, ამა და ამ სიტუაციაში, როგორ უნდა მოიქცე. აი, ეს არის პროფესიონალიზმი! ვინც ეძებს საკუთარს, ვისაც შრომის უნარი არ ასვენებს. ნიჭმა ვერ მოასვენაო, ფიროსმანზე, ხომ ამბობდნენ?

- იმ დღეს, როცა სპექტაკლს თამაშობთ, რა ხდება მსახიობში?

- წლებმა და გამოცდილებამ თავისი მოიტანა და შევძელი, რომ მთელი დღე ამით არ ვიყო დაკავებული. მოგეხსენებათ, ტექსტზე მუშაობის დროს, ფარულ დინებებს ვეძებთ, ე. წ. მეორე პლანს. მთელი დღე თითქოს სხვა რამით ვარ დაკავებული, ვთქვათ ფოიეში ფეხბურთზე ვლაპარაკობ, მაგრამ ქვეცნობიერად მაინც როლზე ვფიქრობ. ჩემთვის მთავარი მაინც საქმეა. მე რომ მთლიანად გამოვეთიშო საქმეს, მერე გავვარდე სცენაზე და ვითამაშო, ასე არ ხდება.

- სპექტაკლის დამთავრების შემდეგ, რა ხდება?

- გააჩნია რა როლს ვთამაშობ: ოიდიპოს, ოტელოს თუ მეფე ლირს… როგორც წესი ღამე ვერ ვიძინებ. „ის“ შენთან არის… ფარდა დაეშვა, დამთავრდა და მორჩა ყველაფერი — ასე არ არის, ის შენთან არის, არ გასვენებს! თუ პერსონაჟის ცხოვრებით იცხოვრე და თუ ის შენად მიიღე და რაღაცა გაითავისე, იოლად ვერ მოიცილებ. მერე სულ ვფიქრობ: რა იყო სწორი, რა არ გამოვიდა, რა გამოვასწორო… ეს პროცესი შეიძლება დამღლელია და დამქანცველი, მაგრამ მაინც სასიამოვნოა. 

- თქვენ მიერ ნათამაშებ როლებში, როგორ ფიგურირებს პიროვნება?

- გააჩნია მსახიობს. ეტყობა ეგეც ინდივიდუალურია. ზოგისთვის თავისი თავის გამომჟღავნებაა მთავარი. მე ეგ ამბავი არ მხიბლავს. შეიძლება დათა თუთაშხიას პიროვნული თვისებები, რაღაცით ჩემსას ჰგავს, მაგრამ მე მაინც ჩემ იდეალთან მქონდა საქმე და არა ოთარ მეღვინეთუხუცესთან.

© photo: courtesy of M. TuriashviliКадр из фильма "Дата Туташхия"
Кадр из фильма Дата Туташхия - Sputnik საქართველო
Кадр из фильма "Дата Туташхия"

- რას წარმოადგენს თქვენთვის მაყურებელი?

- მაყურებელი, რომ საჭირო არ იყოს, მაშინ მხოლოდ რეპეტიციებით დავკმაყოფილდებოდით. მსახიობისთვის რეპეტიცია ძალიან საყვარელი პროცესია. არა იმიტომ რომ ეძებ, ქმნი და სრული თავისუფლება გაქვს, არამედ შეგიძლია გაჩერდე, შეგიძლია თავიდან დაიწყო, არ გეშინია: დღეს არ გამოვიდა, ხვალ გამოვა! ამ დროს ბედნიერია კაცი, იმიტომ რომ შემოქმედებასთან აქვს საქმე, ძიებაშია, მაგრამ თუ ეს შემოქმედება ვინმეს არ აჩვენე, მაშინ რად გინდა? შემდეგ, მაყურებლის თვალწინ თუ მიაღწიე ამ თავისუფლებას, ესეც ბედნიერებაა! რატომ გინდა მაყურებელთან ერთად მიაღწიო ამას? იმიტომ რომ ყველაზე ძნელი მარტოობაა. ამას ძალიან ცოტა უძლებს. მსახიობში ეს გრძნობა აუცილებლად არსებობს. შენ გინდა შენი შნო გამოაჩინო და მაყურებელში თანაგრძნობა იპოვო. რაც უფრო ბევრი მაყურებელი ესწრება წარმოდგენას, მით უფრო ბედნიერი ვარ, ვინაიდან უფრო მეტი ადამიანისაგან ვღებულობ თანაგრძნობას. რატომ ვებღაუჭებით სიტყვებს, როცა გავიგებთ, რომ მავანმა და მავანმა თქვა: შენზე კარგი არტისტი არავინ  არისო, რატომ? განა მართლა ასეა?! მაგრამ ეს სჭირდება კაცს, თურმე ვიღაცის თანადგომა გინდა, გინდა რომ სხვას მოსწონდე. ხომ ამბობენ, შეყვარებულმა კაცმა პასუხიც, რომ არ მიიღოს, ბედნიერიაო, მაგრამ ოოო, როგორ უნდა პასუხი! აი, როგორც შეყვარებულ ქალს ან კაცს სწყურია მიჯნურის პასუხი, ასე სწყურია არტისტს მაყურებლის თანაგრძნობა.

- ბატონო ოთარ, თქვენი აზრით ვინ არიან მსახიობები, როგორი ფსიქიკის ხალხთან გვაქვს საქმე?

- მსახიობებზე უთქვამთ და მართლებიც არიან — ეს არის ავადმყოფი ხალხი და რატომ? ყოველთვის სხვაზე არიან დამოკიდებულები. რეჟისორი, როგოც ბურთს, ისე გვათამაშებს — გადააგდე, გადმოაგდე, რასაც გინდა იმას გიშვება! გეტყვის: ახლა გათამაშებ ჰამლეტს, მერე ამ როლს სხვას მისცემს. ამიტომ გიჟს გავს ეს ხალხი. ძალიან ძნელია ამის გაძლება და ჩვენი ფსიქიკაც აქედან გამომდინარეა. ისე მოუთმენლები ვართ, გაზვიადებული და გამძაფრებული გრძნობები გვაქვს… სულ იმის ფიქრში ვართ, როგორი იქნება ხვალინდელი დღე, როგორ წარიმართება ჩვენი ბედი. ისევ შეყვარებულ კაცს ვადარებ ამ ამბავს, რომელსაც უყვარს, უყვარს და რა ქნას არ იცის, მიიღებს პასუხს იქიდან თუ არა? არტისტი სულ ამ დღეშია. მერე, ვასო გოძიაშვილს აქვს ნათქვამი: კარგი რა, დავიღალე, სულ გამოცდა შეიძლებაო. ესეც ხომ არის, კაცო! ითამაშა კაცმა ერთი როლი გენიალურად მეორე და მესამედაც უნდა დაამტკიცოს, რომ ის გენიოსია!

© photo: courtesy of M. Turiashviliჯუანშერ ჯურხაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, დიმიტრი ყიფიანი, აკაკი ვასაძე. "დიდოსტატის მარჯვენა" , ფოტოარქივი.
ჯუანშერ ჯურხაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, დიმიტრი ყიფიანი, აკაკი ვასაძე. დიდოსტატის მარჯვენა , ფოტოარქივი. - Sputnik საქართველო
ჯუანშერ ჯურხაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, დიმიტრი ყიფიანი, აკაკი ვასაძე. "დიდოსტატის მარჯვენა" , ფოტოარქივი.

- სამაგიეროდ ტაში, ოვაციები, მაინც დიდი ბედნიერებაა!

- მე მაშინ ვარ ბედნიერი, როცა სცენაზე რაღაცით მაინც მივუახლოვდები ჩემ ჩანაფიქრს. თუმც არსებობს სხვა ბედნიერებაც: ოჯახური სიმყუდროვე, ერთგულება, სიყვარული, შვილი… მახსოვს, სანამ ჩემი გოგო დაიბადებოდა, იმდენად დარწმუნებული ვიყავი, რომ ბიჭი იქნებოდა, რომ სახელიც კი მქონდა შერჩეული და უკვე დავარქვი მამაჩემის სახელი — ვახტანგი. გოგო, რომ დაიბადა, მეგონა ქვეყანა ჩამოინგრა, კატასტროფა მოხდა. აი, შემდეგ აზიატი ოთარ მეღვინეთუხუცესი, საბავშვო ეტლით ქუჩაში დავასეირნებდი ჩემ ქალიშვილს და არ მაინტერესებდა, ვინმე თუ იტყოდა: უყურე, კაცს ბავშვი დაჰყავს! მითუმეტეს დიღომში ვცხოვრობდით მაშინ და ჩვენს წრეში ძირითადად აზიატები იყვნენ. შვილისადმი გრძნობა აუწერელი ბედნიერება ყოფილა. ისე ვიტყოდი, რომ სიცოცხლე ყველაზე დიდი საჩუქარია!

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0