თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ჰოლანდიაში, ზამთრის სამკვირიანი არდადეგების შემდეგ, ფეხბურთის ეროვნული ჩემპიონატი განახლდა. „ვიტესმა“, რომლის შემადგენლობაშიც ორი ქართველი ლეგიონერი — ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია თამაშობს, გასვლითი შეხვედრა ჩაატარა „კამბურთან“ და ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ერთი გოლი ყაზაიშვილის ანგარიშზე ჩაიწერა.
საქართველოს ნაკრების ნახევრამცველმა გოლი 90-ე წუთზე გაიტანა. ყაზაიშვილისთვის ეს მეშვიდე გოლია ამ სეზონზე. რაც შეეხება კაშიას, ის მინდორზე მატჩის ბოლოსკენ გამოვიდა შეცვლაზე. 18 ჩატარებული ტურის შემდეგ „ვიტესი“ 31 ქულით მეოთხე ადგილზეა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ კი სრული 90 წუთი გაატარა მინდორზე ფრანგული „რეიმსის“ შემადგენლობაში. კლუბმა გასვლითი მატჩი „გეზელეკ აიაჩოსთან“ ანგარიშით 2:2 დაასრულა. ამ დროისათვის „რეიმსის“ აქტივში 22 ქულაა და გუნდს ზონიდან გავარდნისგან ერთი ქულა აშორებს.
პორტუგალიურმა „ფეირენსემ“, რომლის შემადგენლობაშიც თამაშობს საქართველოს ნაკრების მესამე მეკარე გიორგი მაკარიძე, გასვლითი მატჩი წააგო „ავეშუსთან“ ანგარიშით 0:1. „ფეირენსეს“ ამ დროისათვის 42 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა სეგუნდა ლიგაში.
გიორგი აბურჯანია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გადავიდა ესზპანურ „ხიმნასტიკში“, „ალავესას“ წინააღმდეგ მატჩის განაცხადში იყო შეყვანილი, თუმცა მინდორზე არ გასულა. „ხიმნასტიკმა“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა მოწინააღმდეგე და ახლა მეშვიდე ადგილზეა ესპანეთის მეორე ლიგაში.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ სრულად მოირჩინა 7 სექტემბერს მიღებული ტრავმა და „კიევოს“ წინააღმდეგ „ემპოლის“ განაცხადში მოხვდა. თუმცა მწვრთნელებმა მაინც არ გაუშვეს ფორვარდი მინდორზე. ეს შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. „ემპოლიმ“ 31 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზე განთავსდა.
გიორგი პაპუნაშვილმა ბრემენის „ვერდერის“ შემადგენლობაში ითამაშა. ავსტრიული „აუსტრიის“ წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, რომელიც ანგარიშით 2:2 დასრულდა, ქართველმა ნახევარმცველმა 79 წუთი გაატარა მინდორზე. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ტრიბუნიდან ადევნებდა თვალყურს საქრათველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე.
„როსტოვის“ შემადგენლობაში კი ნიკა კაჭარავას დებიუტი შედგა, რომელიც იქ „ცხინვალიდან“ გადავიდა. ჩინეთის „ჰენან ჯიანიეს“ წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში თავდამსხმელმა პირველი ტაიმი ითამაშა. „როსტოვის“ მწვრთნელთა შემადგენლობამ დადებითი შეფასება მისცა კაჭარავას თამაშს. შეხვედრა რუსული კლუბის გამარჯვებით დასრულდა — ანგარიშით 2:1.