თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ბერლინში გამართულ მინისტერიალზე სურსათის უსაფრთხოების საკითხები განიხილა, ინფორმაცია ამის შესახემ ტელეკომპანია „იმედმა“ კვირას გაავრცელა.
მინისტერიალი სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენა „მწვანე კვირეული 2016“-ის ფარგლებში გაიმართა, რომელშიც 60 ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრებმა მიიღეს მონაწილეობა.
„ეს მინისტერიალი დახურული ფორმატისაა… და მასზე მსჯელობა ისეთ საკითხებზე მიმდინარეობს, რომელიც დღეს აქტუალურია. ძირითადად ეს ეხება სურსათის უსაფრთხოებას, რომელიც, როგორც იცით, საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია და შესაბამისად, ჩვენ ამ პროცესში მთავარი როლი გვაქვს“, — განაცხადა დანელიამ.
მინისტერიალს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე.
„მწვანე კვირეულის“ გამოფენა, რომელიც 16 იანვარს გაიხსნა, 25 იანვრამდე გასტანს.