განუმეორებელი ლილი ფოფხაძის უჩინარი საქმე

© მ. ტურიაშვილილილი ფოფხაძე და რობერტ სტურუა. არქივის ფოტო.
ლილი ფოფხაძე და რობერტ სტურუა. არქივის ფოტო. - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსთაველის თეატრის წარმატება შინ თუ უცხოეთში, ძნელია ქალბატონი ლილი ფოფხაძის გარეშე წარმოიდგინო. რობერტ სტურუას სახელგანთქმული დასის გამარჯვებებში მას ლომის წილი მიუძღვის. ლილი ფოფხაძე ქართული თეატრის ისტორიის განუყოფელი ნაწილია.

მანანა ტურიაშვილი

ქალბატონი ლილი 2011 წელს ამერიკაში წავიდა და დღეს სან-ფრანცისკოში შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს.  აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, ლილი ფოფხაძეს თეატრალური საზოგადოების სპეციალური პრემია მიენიჭა — ქართული თეატრის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის.

ქალბატონ ლილისთან ინტერვიუ მის დაბადების დღეზე — 14 იანვარს ჩავწერეთ. 

- ქალბატონო ლილი, მსურს კიდევ ერთხელ შევახსენო მკითხველს, როგორ მოხვედით თეატრში…

— თეატრში შემთხვევით მოვხვდი. თითქმის 10 წელი ვმუშაობდი გამომცემლობაში მხატვრული ლიტერატურის რედაქტორად. თეატრთან მაკავშირებდა ის, რომ მყავს და — მსახიობი ნანი ჩიქვინიძე და რუსთაველის თეატრში და სხვა თეატრებშიც, ყველა სპექტაკლი მქონდა ნანახი. ზუსტად იმ პერიოდში, რობერტ სტურუა  თავის გუნდს ქმნიდა და რუსთაველის თეატრში სალიტერატურო ნაწილის გამგის ადგილზე ეძებდნენ არა თეატრმცოდნეს, არამედ ლიტერატორს.

ამ დროს მოვიდნენ თეატრში, გოგი ალექსი-მესხიშვილი, იური ზარეცკი, გია ყანჩელი და უცებ მომიხდა გამომცემლობის დატოვება. არაჩვეულებრივი კოლექტივი იყო, ვმეგობრობდით, გამიჭირდა იქიდან წამოსვლა. ბესიკ ხარანაულმა ასე გამომაცილა: "წადი, წადი, ლილი, აუყევი ელბაქიძის აღმართს, სულ მალე წამოცუნცულდები უკან!" მას ვერ წარმოედგინა, რომ მე თეატრში დავმკვიდრდებოდი. მართალი გითხრათ, შინაგანად ვღელავდი, მაგრამ ამ სიტყვებმა სულ გადამრია. ძალიან მოკრძალებული და შეშინებული შევედი რუსთაველის თეატრში და ვის ადგილას? მანამდე აკაკი ბაქრაძე მუშაობდა სალიტერატურო ნაწილის გამგედ. ის ახალი წასული იყო და მისი ადგილი დავიკავე.

- როგორ შეეგუეთ ახალ კოლექტივს, ქალბატონო ლილი?

— მახსოვს, ეს კიდევ კარგი, ცოტა მოგვიანებით შევიტყვე, ბატონ ეროსის უთქვამს, ღმერთმა გაანათლოს მისი სული, ეს ლილი ფოფხაძე, საიდან დაგვეცა თავსო. მაგრამ შემდეგ, ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი მისგან. სახელს არ მეძახდა, მაგრამ დიდ თანაგრძნობას ავლენდა იმით, რომ მურმან ლებანიძის ლექსის სტრიქონით მომართავდა: „თეთრო ლედი, როგორა ხარ?!“ ჩემთვის, ეს იყო ძალიან დიდი რამ! იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, თეატრი კოლექტიური შემოქმედებაა და აქ დამკვიდრება ძალიან ძნელია. 

© მ. ტურიაშვილი.თემურ ჩხეიძე, ნუკრი ლომიძე, გოგი ქავთარაძე, ლილი ფოფხაძე, ეკა ნერგაძე, დეა ჩხეიძე, ნანი ჩიქვინიძე. არქივის ფოტო.
განუმეორებელი ლილი ფოფხაძის უჩინარი საქმე - Sputnik საქართველო
თემურ ჩხეიძე, ნუკრი ლომიძე, გოგი ქავთარაძე, ლილი ფოფხაძე, ეკა ნერგაძე, დეა ჩხეიძე, ნანი ჩიქვინიძე. არქივის ფოტო.

- თეატრის რა თვისებას გამოარჩევდით?

— თეატრს ერთი საოცარი თვისება აქვს, ჩაგიხუტებს გულში და სიგიჟემდე შეგაყვარებს თავს და მერე ისე დაუნდობლად ამოგიგლეჯს გულიდან, რომ შესაძლოა, ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდეს ადამიანს. 

მოკლედ, შეიკრა გუნდი და მე ბედნიერი ვარ, რომ იმ დროს მოვხვდი რუსთაველის თეატრში, როდესაც მან საქვეყნოდ გაითქვა სახელი. ეს ჩვენ ცხოვრების ბედნიერი წლებია — გასტროლები, ოვაციები…

მინდა ვთქვა, რომ თუ თეატრი იწყება სიტყვიდან, რობერტს სტურუას შემოქმედება იწყება საწერ კალმიდან და ქაღალდიდან. იყო დრო, როცა ამის გამო მას საყვედურობდნენ. რატომ ხდება ეს? სპექტაკლის დადგმას, რობერტ სტურუა ტექსტზე მუშაობით იწყებს. მოკლედ, ამ დროს მოვედი მე. „ექიმი სტოკმანი“ იდგმებოდა და ჩვენ შევხვდით ერთმანეთს. ეს რაღაც გამართლებული შეხვედრა იყო. შეიძლება შედგეს ერთი შეხვედრა, მეორე და მერე ჩვევები გაჩნდეს, ადამიანების შეგუებას დრო სჭირდება, არა?.. ჩვენ შემთხვევაში, ეს მაშინვე მოხდა! შეიძლება იმიტომ, რომ ტექსტზე მუშაობა ჩემთვის ახალი არ იყო. არ ვიცი, ვერ გეტყვით. ასე მოხდა ჩემდა საბედნიეროდ. რობერტ სტურუამ და საერთოდ თეატრმა, ძალიან ბევრი რამ მასწავლა. 

- კონკრეტულად, რომ გვითხრათ ქალბატონო ლილი, რა ისწავლეთ?

— ქართული ენა მაქვს მხედველობაში. თეატრი, მოგეხსენებათ აჩქარებული ტემპის ორგანიზაციაა. აქ ყოველთვის ეჩქარებათ, უკანასკნელ წუთში გასცემ ყველაფერს, ამიტომ ყოველთვის ვჩქარობთ. მე რობერტ სტურუამ მიმაჩვია სწრაფ აზროვნებას. ზოგჯერ იცით რას მიკეთებდა? ჩართულია ტელევიზორი, ჩართულია მაგნიტოფონი, ვიღაცეები შედიან, გამოდიან და ამ დროს, უაღრესად საპასუხისმგებლო საქმეს ვაკეთებთ. ასე მუშაობდა რობერტ სტურუა, ეს მისი მუშაობის სტილია და მას უნდოდა ამ სტილს შევგუებოდი. იმ სიმყუდროვის შემდეგ, რაც მე 10 წელი მქონდა გამომცემლობაში,  ცოტა ძნელი იყო, მაგრამ შევძელი. 

- რა ხდებოდა ამ პროცესში, ქალბატონო ლილი?

— ეს ძალიან დიდი თემაა, მაგრამ ძირითადს გამოვყოფ. ამ დროს იქმნება სპექტაკლი, მჟღავნდება სპექტაკლის დედააზრი; აქ ლიტერატურაში საკმაოდ მნიშვნელოვანი რომელიღაც გმირი შესაძლოა განზე გავიდეს და არც ისე მნიშვნელოვანი აზრობრივად დაიტვირთოს. და რაც მთავარია: ამ დროს აზრობრივი აქცენტები კეთდება. თეატრის ენა სხვა რამ არის, ის რაც ქაღალდზე შესანიშნავად იკითხება, შესაძლოა სცენაზე არ გამოდგეს, ამიტომ, ხან რედაქცია კეთდება, ხან თარგმანი, ხან მე და რობერტი თანაავტორები ვიყავით და ახალი პიესა იქმნებოდა. მაგალითად, ავთანდილ ვარსიმაშვილთან ერთად გავაკეთეთ „ვარიაციები თანამედროვე თემაზე“. და ბოლოს ვიტყვი: მე ბედნიერი ვარ, ვინაიდან მე ვარ მოწმე და ერთ-ერთი მონაწილე ამ საუკეთესო წლებისა და საერთოდ, მე მიმაჩნია, რომ ადამიანი ღვთის მადლიერი უნდა იყოს თუ მთელი ცხოვრება აკეთებს იმ საქმეს, რასაც მისთვის ბედნიერება მოაქვს.

© მ. ტურიაშვილირუსთაველის თეატრის დასი. ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი.
განუმეორებელი ლილი ფოფხაძის უჩინარი საქმე - Sputnik საქართველო
რუსთაველის თეატრის დასი. ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი.

- ქალბატონო ლილი, მაინც რა სირთულეს შეხვდით თეატრში?

— ჩემი მოღვაწეობა, უჰ, ხმამაღლა გამომივიდა! გამომცემლობაში ლიტერატურაზე ვმუშაობდი, ხომ? მწერლებთან ვმუშაობდი და თეატრში სირთულე ის იყო, რომ უკვე რამდენიმე ადამიანთან ვმუშაობდი. რას აკეთებდა რობერტ სტურუა? უცებ შემიყვანდა 20 კაცში და იქ მიხდებოდა ტექსტის კეთება. ამდენი ამაგი, ამდენი გაღება — ეს ხომ ჰაერში არ იფანტება? ადამიანები, ხომ სიცოცხლის ნაწილს დებენ ამ საქმეში? ამ წუთში, მაპატიოს მკითხველმა, ჩემს თავს არ ვგულისხმობ, ვინაიდან საქმემ უნდა გამოგაჩინოს და არა ლაპარაკმა, მაგრამ მე ხომ ამას წლების მანძილზე ვუყურებდი! თეატრის ხალხი სიცოცხლის ნაწილს, ჯანმრთელობის ნაწილს დებს ამ საქმეში, რომელიც ძალიან ძვირფასი ხდება და მისი მოგლეჯა ძალიან მტკივნეულია.

გითხარით, თავიდან გამიჭირდა, მერე ჩავეფალი ამაში, მღელვარებაც გამიქრა, მაგრამ სულ მაწუხებდა დადგინება — ეს ყველგან ასეა, ხომ? შენი ადგილი უნდა დაიმკვიდრო. ეს ძალიან დიდ ტკივილებთან არის დაკავშირებული. ამ მხრივ, მე მგონი დიდად არ გამოვირჩევი. რაც გიყვარს, რასაც ემსახურები, რაზედაც ამაგი გაქვს, ის ძალიან ძნელი დასათმობია! მნიშვნელობა არ აქვს, ის ადამიანია თუ საქმე…

- ქალბატონო ლილი, თქვენ ბრძანეთ რუსთაველის თეატრის სახელგანთქმულ პერიოდზე, მაგრამ თვით თქვენთვის, როდის დგებოდა ბედნიერების წუთები? 

— ერთი პერიოდი ტელეგადაცემებსაც ვაკეთებდი, გასტროლებზე რაღაცას ვაქვეყნებდი და თითოეული სიტყვა, რასაც გამოიმეტებდა მაყურებელი, ბედნიერებას მანიჭებდა… რასაც მე და ბატონი რობიკო, წლების მანძილზე ვაკეთებდით, ეს მაინც უჩინარი საქმე იყო, და უფრო საჩინოა სცენაზე დგომა, როცა ტაშს გიკრავენ და ყვავილებს გესვრიან. მე ხომ მსახიობი არ ვიყავი და სცენაზე არ ვიდექი, მაგრამ იმ ადამიანებისაგან, ვისთანაც მე ურთიერთობა მქონდა, იმდენი თბილი სიტყვა მაგონდება! აბა, რისთვის ვართ?

© მ. ტურიაშვილილილი ფოფხაძე. ოჯახის არქივი.
განუმეორებელი ლილი ფოფხაძის უჩინარი საქმე - Sputnik საქართველო
ლილი ფოფხაძე. ოჯახის არქივი.

- ადამიანის ცხოვრებას ტკივილიც თან სდევს, ეს გარდაუვალია!

— ყველა თავის ჯვარს ეზიდება. პირად ცხოვრებაში, ხან ნათელია, ხან ბნელი. ადამიანმა ამას უნდა გაუძლოს. რას აკეთებს ის, როდესაც საშინელ,  სულიერ ტკივილს განიცდის? ზოგი აქეთ-იქით დაძრწის, დარბის და ადგილს ვერ პოულობს, ზოგი გარინდული წევს და ჭერს მიჩერებია. მე რას ვშვები ამ დროს: მივდივარ თაროსთან, ვიღებ წიგნს, ვფურცლავ სრულიად მექანიკურად და ვიწყებ კითხვას. აი, მერე უკვე არაფერი მესმის, გაგიჟებული ვარ, გადარეული ვარ! ვკითხულობ და ვკითხულობ: „რა ლამაზი ხარ, ქალაუ…“ და მე ნელ-ნელა ვმშვიდდები და დროის უმცირეს მონაკვეთში ვხვდები, რომ გადავრჩი. წიგნს უამრავი სიკეთე ახლავს და მე შევეცადე ჩემი ეს სიყვარული შვილებისთვის მეჩუქებინა, რაც შედარებით იოლად მოვახერხე. მერე შევეცადე ჩემი შვილიშვილებისათვის შემეყვარებინა წიგნი. ეს იოლი არ იყო, ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მაინც მოვახერხე. რაც მე ძალიან მიყვარდა, რასაც თაყვანს ვცემდი, ის ვაჩუქე და გამომართვეს. მე სხვა სიმდიდრე არ გამაჩნია! ეს არის ჩემი ერთადერთი სახსოვარი, მაგრამ არსებობს კი, სხვა რამ, ამაზე უფრო ძვირფასი?

 

ყველა ახალი ამბავი
0