რა საიდუმლოებებს გაუმხელს ზუგდიდში „ჯვარედინა სასახლის“ ნაშთები არქეოლოგებს

© ს. კაკაჩიაზუგდიდში აღმჩენილი "ჯვარედინა სასახლის" ნაშთები. საარქივო ფოტო.
ზუგდიდში აღმჩენილი ჯვარედინა სასახლის ნაშთები. საარქივო ფოტო. - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზუგდიდში, დადიანების რეზიდენციაში მიმდინარე არქეოლოგიური კვლევების შედეგად , XIX საუკუნეში ომერ ფაშას მიერ განადგურებული „ჯვარედინა სასახლის“ ნაშთები გასული წლის დეკემბერში აღმოაჩინეს.

სოფო კაკაჩია

ამ ეტაპზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რა ცვლილებებს შეიტანს აღნიშნული არქეოლოგიური აღმოჩენა  ზუგდიდის დადიანების სასახლის ბოტანიკური ბაღის ისტორიაში და რა მნიშვნელობის აღმოჩენაზეა საუბარი?!  Sputnik-ს არქეოლოგი რევაზ პაპუაშვილი მოუთხრობს, რომელიც აღნიშნულ არქეოლოგიურ გათხრებს ხელმძღვანელობს.

რევაზ პაპუაშვილი: მოგეხსენებათ, რომ  2015 წლიდან მიმდინარეობს  საპროექტო სამუშაოები ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციისათვის. საპროექტო სამუშაოების ფარგლებში არქეოლოგიური კვლევებიც იგულისხმება. ამ არქეოლოგიური კვლევის ფარგლებში,  ჩვენ რამოდენიმე ობიექტზე გავამახვილეთ ყურადღება. ერთ-ერთი იყო ბაღის ცენტრალურ ნაწილში არსებული,  გაურკვეველი ტიპის ნანგრევები, რომელიც თითქმის ეკალ-ბარდებით იყო დაფარული და ბოტანიკური ბაღის საერთო გეგმაზეც  არ იყო დაფიქსირებული. ჩვენ დავინტერესდით თუ რა უნდა ყოფილიყო ამ ადგილას, დავიწყეთ  გაწმენდითი სამუშაოები და ამის შემდეგ თვალსაჩინო გახდა, რომ ეს იყო „ჯვარედინა სასახლე“, რომელიც აღწერილი აქვს  მარი ბროსეს  1848 წელს. 

© ს. კაკაჩია."ჯვარედინა სასახლის" მარი ბროსესეული გეგმა. საარქივო ფოტო.
ჯვარედინა სასახლის მარი ბროსესეული გეგმა. საარქივო ფოტო. - Sputnik საქართველო
"ჯვარედინა სასახლის" მარი ბროსესეული გეგმა. საარქივო ფოტო.

წყაროებიდან ცნობილია, რომ მარი ბროსემ 1848 წელს შობის ღამე გაატარა დადიანებთან  და აღწერა ის  სასახლე, რომელიც ისტორიაში  „ჯვარედინა სასახლის“ სახელითაა ცნობილი,  მაგრამ  სად იყო ეს ჯვარედინა სასახლე ზუგდიდში  კონკრეტულად, აქამდე უცნობი იყო. 

მარი ბროსემ ასევე დაგვიტოვა  ამ სასახლის ჩანახატი და გეგმა, რაც გათხრების შედეგად დასტურდება, ვინაიდან ერთი ერთში იმეორებს მარი ბროსეს მიერ დატოვებულ სასახლის გეგმას გათხრების შედეგად გამოვლენილი ნანგრევები“.

მეორე მნიშვნელოვანი ობიექტი ასევე, ბოტანიკური ბაღის შემოსასვლელში, მარჯვენა მხარეს იქნა ნაპოვნი რომელზედაც  ჩავატარეთ სამუშაოები, ეს არის დიდი სასახლის ნანგრევები. ჯერ კიდევ საძირკვლის ცალკეული ფრაგმენტებია გამოჩენილი, მაგრამ მისი მაშტაბი თითქმის 80 მეტრამდე ან მეტი სიგრძის არის და ჩვენ არ ვიცით ჯერ ის სამხრეთით გაგრძელდება თუ ჩრდილოეთით. თუმცა აღსანიშნავია,რომ ეს გაცილებით დიდი მოცულობის სასახლეა ვიდრე დღეს არსებული ორივე სასახლე  ერთად (ეკატერინესეული, ნიკოსეული) სავარაუდოდ ეს ის სასახლე უნდა იყოს, რომელიც 1836 წელს  დაეწვათ დადიანებს  და ასევე ხმა გავრცელდა თითქოს დავით დადიანი მოჰყვა ამ ხანძარში  და გარდაიცვალა, მაგრამ საბედნიეროდ გადარჩა. ასევე სასახლის გერკვეული ნაწილიც, მოგვიანებით ის დაანგრიეს და  მანდ ააშენეს ნიკოსეული სასახლე თუმცა როგორც იონა მეუარგია წერს ისიც დაიწვა. ამის შემდეგ უკვე აშენებენ ეკატერინესეულ სასახლეს 1870-იან წლებში ხოლო 1890-იან წლებში ნიკოსეულ სასახლეს, რომელიც დღესაც დგას.. 

ჩვენ გავაგრძელებთ აღნიშნულ ობიექტებზე  გათხრებს უკვე ზაფხულიდან, რადგან ზამთარში ფაქტიურად შეუძლებელია სიღრმეში ჩასვლა, ვინაიდან წყალი ამოდის ზამთარია და გასაგები მიზეზების გამო, როგორც მოგახსენეთ ამ ეტაპზე ამ სასახლის ცალკეული ფრაგმენტებია ნაპოვნი. მე დარწმუნებული ვარ, რომ დადიანების ბოტანიკური ბაღი არა მარტო დენდროლოგიური თვალსაზრისით იქნება საინტერესო,  არამედ  ისტორიულ-არქეოლოგიურითაც“.

© Sputnik / Sopho Kakachiaზუგდიდი, დადიანების სასახლე. საარქივო ფოტო.
ზუგდიდი, დადიანების სასახლე. საარქივო ფოტო. - Sputnik საქართველო
ზუგდიდი, დადიანების სასახლე. საარქივო ფოტო.

შეგახსენებთ, რომ  ზუგდიდში, დადიანების საგვარეულო რეზიდენციაში მუზეუმი  1921 წელს დაფუძნდა. სამუზეუმო კომპლექსი  სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა და თავად ნიკო დადიანის სასახლეებისაგან, კარის ეკლესიისა და დადიანების მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღისაგან შედგება. მთავარმა დავით დადიანმა სასახლეში ჯერ კიდევ 1850-იან წლებში გახსნა მუზეუმი, სადაც განთავსებული იყო ანტიკურ ქალაქ არქეოპოლისის (ნოქალაქევი) არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უნიკალური ნუმიზმატიკური მასალა, შუა საუკუნეების ევროპული საბრძოლო აღჭურვილობა, ეთნოგრაფიული და სახვითი ხელოვნების ნიმუშების დადიანებისეული კოლექცია. ამჟამად მუზეუმში დაცულია 44 475 ექსპონატი, მათ შორის: ძვ. წ. I ს. — ახ. წ. XIX ს-ის ოქრომჭედლობის ნიმუშები, ანტიკური საბერძნეთისა და ძველი კოლხეთის კულტურის ამსახველი არქეოლოგიური მასალა, ქრისტიანული სიწმინდეების კოლექცია, ევროპული გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები; სამეგრელოს მთავართა, საფრანგეთის, რუსეთის, ესპანეთის საიმპერატორო ოჯახის წევრთა რელიქვიები, XV-XIX ს-ის ხელნაწერი წიგნები და სიგელ-გუჯრები, ნაპოლეონ ბონაპარტესა (6000 ტომი) და დადიანების ბიბლიოთეკა, ევროპისა და აზიის საბრძოლო იარაღების ნიმუშები, რუსი ”პერედვიჟნიკების”, ფრანგი ბატალისტებისა და ინგლისელი ”მარინისტების” ფერწერული ტილოები, მდიდარი ფოტოფონდი (5000 ფოტო), ფრანგული, გერმანული, ჩინური, რუსული და სხვა წარმომავლობის ბროლის, ფაიფურ-ფაიანსის ჭურჭელი და სხვა.


ყველა ახალი ამბავი
0