ტერაქტები თურქეთში 2015–1016 წლებში

© AP Photo / Lefteris Pitarakisსულთანაჰმეთის მოედანი სტამბოლში, აფეთქების შემდეგ
სულთანაჰმეთის  მოედანი სტამბოლში, აფეთქების შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვემოთ გთავაზობთ ცნობას თურქეთში 2015–2016 წლებში მომხდარი ტერაქტების შესახებ.

2016 წელი

13 იანვარს პროვინცია დიარბექირის პოლიციის განყოფილების წინ დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, რომლის შედეგადაც 39 ადამიანი დაიჭრა, ხუთი კი გარდაიცვალა. დაზიანდა ახლომდებარე შენობები.

12 იანვარს  მძლავრი აფეთქება მოხდა სტამბოლის ცენტრში, სულთანაჰმეთის მოედნის სიახლოვეს მდებარე ტრამვაის გაჩერებაზე, როდესაც იქ ტურისტების ჯგუფი იმყოფებოდა. დაიღუპა 10 გერმანელი ტურისტი და დაიჭრა 17 ადამიანი. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აფეთქება სირიელმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო, ხოლო პრემიერ–მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ ტერაქტში „ისლამური სახელმწიფოს“ კვალი დაინახა. გერმანული მედიის ინფორმაციით, ტურისტული ჯგუფი პენსიონერებისგან შედგებოდა.

2015 წელი

27 დეკემბერს ქალაქ ჯიზრეში გზისპირა ნაღმი აფეთქდა. შედეგად დაიღუპა სამი სამხედრო მოსამსახურე, ხოლო ორი ძალოვანი დაიჭრა. აფეთქება თურქეთში აკრძალული „ქურთისტანის მშრომელთა პარტიის“ (ქმპ) წევრებმა მოაწყეს.

23 დეკემბერს სტამბოლის აეროპორტ საბიჰ გექჩენში, ლაინერების სადგომზე მომხდარი აფეთქებისას ორი დამლაგებელი დაშავდა, რომელთაგან ერთი მოგვიანებით გარდაიცვალა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ქურთისტანის გათავისუფლების შევარდნებმა“ აიღო.

15 დეკემბერს ქალაქ სილვანში მომხდარი აფეთქებისას დაიღუპა ორი და დაიჭრა ოთხი პოლიციელი.  ტელეარხ NTV–ის ინფორმაციით, აფეთქება თურქეთში აკრძალული „ქურთისტანის მშრომელთა პარტიის“ (ქმპ) წევრებმა მოაწყეს.

1 დეკემბერს აფეთქების ხმა გაისმა სტამბოლის მეტროსადგურ „ბაირამფაშას“ მიწისზედა გადასასვლელზე. დაიღუპა ერთი და დაიჭრა ასევე ერთი ადამიანი.

10 ნოემბერს „ქურთისტანის მშრომელთა პარტიამ“ ქალაქ სილვანში, სამხედრო ბადრაგის გავლის ადგილას, გზისპირა ნაღმი ააფეთქა. დაიჭრა 19 სამხედრო.

2 ნოემბერს ქალაქ ნუსაიბინის საცხოვრებელ რაიონში ავტომობილი აფეთქდა, რა დროსაც ოცამდე ადამიანი დაშავდა.

10 ოქტომბერს ორი აფეთქება მოხდა ანკარაში, პროფკავშირებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული მიტინგის დაწყების წინ, რომელიც თურქულ–ქურთული კონფლიქტით გამოწვეული ძალადობის ტალღის წინააღმდეგ იყო მიმართული. თურქული მედიის ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტებმა მოაწყეს. შედეგად დაიღუპა 102 ადამიანი, ხოლო 500–ზე მეტი დაშავდა.

28 სექტემბერს დიარბექირის პროვინციაში „ქურთისტანის მშრომელთა პარტიის“ წევრების მიერ ჩადებული ნაღმი ამოქმედდა, თუმცა, დაგეგმილზე ადრე. დაშავდა 10–დან 16 წლამდე ასაკის ხუთი ბავშვი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იმავე დღეს ბითლისის პროვინციაში გზისპირა ნაღმი აფეთქდა, რომელიც ასევე „ქურთისტანის მშრომელთა პარტიის“ წევრების მიერ იყო დამონტაჟებული. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

22 სექტემბერს ვანის პროვინციაში „ქურთისტანის მშრომელთა პარტიამ“ ჯავშანმანქანა ააფეთქა, რა დროსაც 13 სამხედრო დაიჭრა.

15 სექტემბერს 12 თურქი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა მუშის პროვინციაში მანქანის აფეთქებისას. ამ ტერაქტშიც „ქურთისტანის მშრომელთა პარტიაა“ ეჭვმიტანილი.

8 სექტემბერს ქმპ–მ პოლიციელებით სავსე მიკროავტობუსი ააფეთქა, რა დროსაც 10 ადამიანი დაიღუპა.

3 სექტემბერს ოთხი პოლიციელი დაიღუპა ქმპ–ის მიერ მარდინის პროვინციაში დამონტაჟებული გზისპირა ნაღმის აფეთქებისას.

30 აგვისტოს 12 წლის ბიჭი დაიღუპა დიარბექირის პროვინციაში დისტანციურად მართვადი ნაღმის აფეთქებისას. ტერაქტის მომწყობთა სამიზნე სამხედრო ტრანსპორტი იყო, რომელსაც აღნიშნულ ადგილას რამდენიმე წუთის შემდეგ უნდა გაევლო.

29 აგვისტოს ქურთმა ბოევიკებმა მარდინის პროვინციაში ავტობუსი ააფეთქეს, რის შედეგადაც 24 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათი პოლიციელი დაიჭრა.

24 აგვისტოს ჰაკარის პროვინციაში დისტანციურად მართვად ნაღმზე აფეთქდა სამხედრო მანქანა. დაიღუპა ორი თურქი სამხედრო, ხოლო სამი — დაიჭრა.

19 აგვისტოს რვა სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა სიირტის პროვინციაში მომხდარი აფეთქებისას.

15 აგვისტოს სამი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ბინგელის პროვინციაში, ხოლო ექვსი — დაიჭრა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ქმპ–ს დაეკისრა.

10 აგვისტოს ღამით სტამბოლში, პოლიციის განყოფილების სიახლოვეს, დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგადაც შენობა ნაწილობრივ ჩამოიშალა. მოგვიანებით რამდენიმე დაუდგენელმა პირმა ცეცხლი გაუხსნა პოლიციელებს, რომლებიც აფეთქების რაიონს სწავლობდნენ. სროლების შედეგად დაღუპა ერთი პოლიციელი და სამი თავდამსხმელი. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ქმპ–მ აიღო.

იმავე დღეს ოთხი პოლიციელი დაიღუპა და ერთი დაიჭრა გზისპირა ნაღმის აფეთქების შედეგად. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, აფეთქება ქურთებით დასახლებულ ქალაქ სილოპიში მოხდა.

2 აგვისტოს მარდინის პროვინციაში ბოევიკები ნავთობსადენ კირკუკ–ჯეიჰანს დაესხნენ თავს და ცეცხლი გაუხსნეს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს, რომლებმაც სამხედრო დახმარების გამოძახება მოასწრეს. დასახმარებლად მოსული მანქანებიდან ერთ–ერთი, ტერორისტების მიერ დამონტაჟებულ ნაღმზე აფეთქდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. შედეგად, დაიღუპა ერთი სამხედრო, ხოლო რვა დაიჭრა.

იმავე დღეს ქმპ–ს ბოევიკებმა 2 ტონა ასაფეთქებლით დანაღმული ტრაქტორი ააფეთქეს სამხედრო პოლიციის შენობის მახლობლად ქალაქ დოღუბაიაზითში. თურქეთ–ირანის საზღვარზე. დაიღუპა ორი და დაიჭრა 24 სამხედრო მოსამსახურე.

29 ივლისის ღამით ტერორისტებმა ნავთობსადენი კურკუკ–იუმრთალიქი ააფეთქეს,  რომლითაც ერაყული ნავთობი შედის ქვეყანაში.

28 ივლისს ქურთმა ბოევიკებმა ქალაქების, დიარბექირისა და მუშის დამაკავშირებელი ორი ხიდი ააფეთქეს. ხიდები დაინგრა.

26 ივლისს თურქეთის არმიის ორი მოსამსახურე დაიღუპა და ოთხი დაიჭრა დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად.

25 ივლისს შვიდი პოლიციელი დაიჭრა დიარბექირში მას შემდეგ, რაც დაუდგენელმა პირმა მათ ხელყუმბარა ესროლა, ხოლო ჰაკარის პროვინციაში სამი პოლიციელი დაიჭრა თვითნაკეთი ბომბის აფეთქების შედეგად. ერთი პოლიციელი სავარაუდოდ ქურთმა ბოევიკებმა გაიტაცეს.

5 ივნისის საღამოს დიარბექირში, პროქურთული „სახალხო დემოკრატიული პარტიის“ წინასაარჩევნო მიტინგის დაწყების წინ, ორი აფეთქების ხმა გაისმა, რის შედეგადაც დაიღუპა სამი და დაშავდა 80 ადამიანი.

31 მარტს სტამბოლის მართლმსაჯულების სახლში ტერორისტებმა პროკურორი აიყვანეს მძევლად და 2013 წელს ქუჩის აქციებისას 15 წლის ბერქინ ელვანის სიკვდილში დამნაშავე პოლიციელების დაპატიმრება მოითხოვეს. მოზარდი სტამბოლის „გეზი–პარკთან“ დაკავშირებული აქციებისას გაზის ყუმბარების სროლაში მოჰყვა, კომაში ჩავარდა და 9 თვის შემდეგ გარდაიცვალა. მოლაპარაკებები 6 საათი გრძელდებოდა. შეტევა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც პროკურორის კაბინეტიდან სროლის ხმა გაისმა. სპეცოპერაციის შედეგად პროკურორი მძიმედ დაიჭრა, ხოლო მისი მძევლად ამყვანი ტერორისტები მოკლეს.

13 თებერვალს დაუდგენელმა პირმა ყუმბარა ისროლა თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ შენობის წინ ქალაქ ფეთჰიეში. სამსართულიან შენობაში პანიკა ატყდა. ახალგაზრდა უცნობი მამაკაცი სწრაფად მიეფარა თვალს. დაშავებულებზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.

13 თებერვალს ორი ადამიანი დაიჭრა უმნიშვნელოდ ქალაქ სურუჩის პოლიციის განყოფილებასთან მომხდარი აფეთქების შედეგად. მათგან ერთი პოლიციელი გახლდათ.

6 იანვარს ტერაქტი მოხდა სტამბოლის ცენტრში მდებარე პოლიციის განყოფილებაში. თვითმკვლელის ქამრით აღჭურვილმა ქალბატონმა შენობაში აიფეთქა თავი. დაიჭრა ორი პოლიციელი, რომელთაგან ერთი მოგვიანებით გარდაიცვალა. პოლიციის განყოფილებაში მოსახვედრად ქალმა ინგლისურად განაცხადა, რომ საფულე დაკარგა. აფეთქების შემდეგ გაირკვა, რომ თვითმკვლელი ტერორისტი ქალი ჩეჩენი აბუ ედელბიევის ქვრივი გახლდათ, რომელიც უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში ნორვეგიაში ცხოვრობდა, ხოლო მოგვიანებით „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი გახდა და საბოლოოდ სირიაში დაიღუპა.

ყველა ახალი ამბავი
0