თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში ათი საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონია პარასკევს, სპორტული რადიო JAKO.FM-ის ათი წლის იუბილის აღნიშვნის დროს გაიმართება.
საუკეთესო ათეულს სპორტული მედიის წარმომადგენლები კენჭისყრით აირჩევენ. ნომინაციაში 50-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს.
დაჯილდოების ცერემონიას ჩაატარებენ ოლიმპიური ჩემპიონები, მინისტრები, სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები და სპორტული გაზეთების რედაქტორები. გამარჯვებულებს შესაბამისი მედლები, დიპლომები, თასები და ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ.
ცერემონიაზე ასევე საუკეთესო რესპონდენტისთვის დაწესებულია JAKO.FM-ის სპეციალური პრიზი, რომელსაც ცნობილი მსახიობი კახი კავსაძე გადასცემს.
ცერემონია თბილისის ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ 20:00 საათზე დაიწყება.
JAKO.FM — საქართველოში პირველი და ერთადერთი სპორტული რადიოა. მაუწყებლობს 2006 წლის 15 იანვრიდან 96.3 FM სიხშირეზე. რადიო ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, მსახიობის, სპორტული კომენტატორის კოტე მახარაძისა და ქართველი სპორტული კომენტატორის ჯამლეტ ხუხაშვილის სახელს ატარებს. რადიო JAKO.FM საქართველოში და საერთაშორისო არენაზე მიმდინარე სპორტულ ღონისძიებებს აშუქებს.