თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. ფრანგული ფილმის, „სტალინის დივნის“ გადაღება, რომლის რეჟისორიც მსახიობი ფანი არდანი გახლავთ, პორტუგალიაში დაიწყო, — აცნობა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ „მოსფილმის“ წარმომადგენელმა სერგეი სიმაგინმა. საბჭოთა პოლიტიკური ლიდერის როლს ჟერარ დეპარდიე ითამაშებს.
მანამდე მედია წერდა, რომ ჟერარ დეპარდიე სტალინის როლის შესრულებისთვის ემზადებოდა, რომელიც ჟან დანიელ ბალტასის რომანის, „სტალინის დივნის“ მიხედვით უნდა გადაღებულიყო. რეკვიზიტის ნაწილსა და კოსტიუმებს გადამღებ ჯგუფს რუსული კინოკონცერნი გადასცემს.
სიუჟეტის მიხედვით, ახალგაზრდა მხატვარი დანილოვი 1950 წელს საბჭოთა ლიდერის საიდუმლო რეზიდენციას ეწვია, რათა მასთან მონუმენტ „ხალხის მამის“ პროექტი განეხილა.
„ფანი არდანის გადამღებ ჯგუფს იმ დროის კოსტიუმები — სამხედრო ფორმა და რეკვიზიტი გავუგზავნეთ. გვაცნობეს, რომ ყველაფერი მოირგეს და გადაღებები უკვე დაიწყეს“, — თქვა სიმაგინმა.
მან იქვე დაამატა, რომ დეპარდიესთვის კოსტიუმს ფრანგები თავად შექმნიან მისი არასტანდარტული ზომების გამო.
ჟერარ დეპარდიე და ფანი არდანი ერთმანეთს პირველად თითქმის 25 წლის წინ შეხვდნენ ფრანსუა ტრიუფოს ფილმში „მეზობელი ქალი“ (La femme d'à côté). ისინი ერთმანეთს მხოლოოდ 2004 წელსღა შეხვდნენ პარიზის თეატრის, „მადლენის“ სცენაზე მარგერიტ დიურასის პიესაში „მხეცი ჯუნგლებში“. გასული წლის შემოდგომაზე დეპარდიემ და არდანმა ერთად მიიღეს მონაწილეობა თეატრალურ დადგმაში „ინგრიდ ბერგმანის ხსოვნა“.