საქართველოში ახალი წლის მერე თხილამურებით სასრიალოდ წავედით. მალე ჩავედით — კრასნოდარის მხარიდან ერთი დღე-ღამეში უკვე თბილისში გავჩნდით. დედაქალაქი დავათვალიერეთ და გუდაურში გავემგზავრეთ — ასევე უპრობლემოდ. დაგეგმილი გვქონდა, რომ 9 იანვარს გავმგზავრებულიყავით უკან, რათა 11 რიცხვში სამსახურში გასვლა მოგვესწრო. მაგრამ დაგვაგვიანდა. ჯერ გათოვდა, მერე კი 8 იანვარს გუდაურიდან საზღვრისკენ მიმავალ გზაზე რამდენიმე ზვავი ჩამოწვა. ამის შესახებ რუსეთში მცხოვრები ნათესავებისგან შევიტყვეთ. ახალ გუდაურში, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, ინტერნეტის საქმე მთლად კარგად არ არის. ქსელი კია, მაგრამ არცერთი გვერდი არ იტვირთება ნორმალურად, ამიტომაც ახალი ამბების გაგება ჭირდა. თბილისისკენ მიმავალი გზა სულ ბოლოს გაწმინდეს და თბილისსა და გუდაურს შორის მოძრაობა შესაძლებელი გახდა. აი რუსეთის საზღვრამდე მისვლის კი არანაირი შანსი არ არსებობდა.
იქ ირგვლივ უჩვეულო სილამაზეა, ჰაერიც რაღაც გიჟურია, მაგრამ ამ ყველაფერს ვეღარ ამჩნევ, როცა სამსახურში დაგვიანებისა გეშინია. ვისაც ძალიან ეჩქარებოდა, თბილისში მიდიოდა და მერე იქიდან მიფრინავდა. მაგრამ უქმე დღეებში თვითმფრინავებზე ბილეთების შოვნა ჭირდა. მოკლედ, ვისაც ძალიან ეჩქარებოდა, ძალიან ძვირსაც იხდიდა. მანქანებით ჩამოსულებს კიდევ ერთი ვარიანტი ჰქონდათ: ჩასულიყვნენ თბილისში, მერე აზერბაიჯანში გადასულიყვნენ და იქიდან აეღოთ გეზი რუსეთისკენ. მაგრამ ასეთ გზას სამი დღე–ღამე სჭირდება ერთის ნაცვლად. ჩვენ ადგილზე მოცდა ვამჯობინეთ იმის იმედით, რომ გზას, ადრე თუ გვიან, გაწმენდნენ.
გვაკვირვებდა ის, რომ ინფორმაცია ძალიან მწირი იყო. შეუძლებელი იყო გაგება, როდის გაიხსნებოდა გზა. შესაძლოა ეს ქართველებისთვის ისე რთული არ იყო, იმიტომ რომ არსებობს „ცხელი ხაზები“ — სადაც ინფორმაციას მხოლოდ ქართულად იძლევიან — და საიტები, რომლებზეც უამრავი ინფორმაციაა, ოღონდ ასევე ქართულად. რუსეთიდან ჩასულ უამრავ ტურისტს კი ინფორმაციას რუსულად ოფიციალურად არავინ აწვდიდა.
არც ახალი ამბების ვებგვერდებზე იყო არანაირი ინფორმაცია. ყველანი ვნერვიულობდით, იმიტომ რომ ორშაბათს ბევრი ჩვენგანი სამსახურებში იყო გასასვლელი. კვირას რამდენიმე ასეული მანქანა, მათ შორის ჩვენიც, უღელტეხილისკენ დაიძრა იმის იმედით, რომ გზა გაიხსნებოდა.
დაახლოებით 6 საათის განმავლობაში ადგილზე ვიდექით. პოლიციას გზა გადაკეტილი ჰქონდა და მანქანებს არ ატარებდა. თავიდან გვითხრეს, რომ ერთი ან დღე–ღამნახევარი მაინც მოგვიწევდა ლოდინი, მაგრამ უკან არავინ გაბრუნებულა. საღამოსკენ ითქვა, შეიძლება გზა უფრო ადრეც გაიხსნასო და საბედნიეროდ, ასეც მოხდა — 7 საათზე გაიხსნა და ჩვენც დავიძარით.
სხვა პრობლემა, მაგალითად, ღამის გასათევისა და კვებისა, არ არსებობდა. პროდუქტი თბილისიდან ჩამოჰქონდათ. რამდენჯერმე ვერტმფრენსაც მოვკარით თვალი — ვისაც საშუალება ჰქონდა, ამ გზით აღწევდა თავს იქაურობას. ერთადერთი პრობლემა — ეს სრული ინფორმაციული ვაკუუმი იყო. წარმოდგენა არ გვქონდა, რამდენ ხანს მოგვიწევდა ლოდინი და ამას ვერც გუდაურში გვეუბნებოდნენ, ვერც სასტუმროში და ვერც ადგილობრივი თანამშრომლები.
აშკარა იყო, რომ არც თავად პოლიცია ფლობდა ინფორმაციას, იმიტომ რომ ვხედავდით, როგორ ელოდებოდნენ ჩვენთან ერთად ათგრადუსიან ყინვაში გზის გახსნას. კი, ყველას ყურადღებას გვაქცევდნენ, გველაპარაკებოდნენ, მაგრამ გზის გახსნის თაობაზე ვერაფერს გვეუბნებოდნენ. არსებობს რუსულენოვანი ფორუმი, რომლის მეშვეობითაც გუდაურში წასვლის მსურველი რუსები და უკრაინელები ურთიერთობენ. თუმცა ოფიციალური ინფორმაცია არც იქ იყო და ხალხი ყურმოკრულ ამბებს უზიარებდა ერთმანეთს. იქ დაიწერა, რომ სინამდვილეში გზა გაწმენდილი იყო და ამიტომაც ადამიანები სასტუმროებში აღარ დაბრუნდნენ, არჩიეს, რომ გზის გახსნას ადგილზე დალოდებოდნენ. მით უმეტეს, რომ ძალიან დიდი რიგი დადგა და ადგილის დაკარგვა არავის სურდა.
ბოლოს, როგორც იქნა, შეღამებულზე გაგვიშვეს — ოღონდ მხოლოდ გუდაურიდან წამსვლელები. გზა გაწმენდილი იყო, მაგრამ ადგილ–ადგილ მოყინული, თუმცა საზღვრამდე უპრობლემოდ მივაღწიეთ. საქართველოს სასაზღვრო პუნქტი სწრაფად გავიარეთ, აი რუსეთისაზე კი კიდევ სამი საათი ვიდექით, ვინაიდან საზღვარი უამრავმა ადამიანმა ლამის ერთდროულად გადაკვეთა.
საბოლოოდ, რუსეთში ჩავაღწიეთ. უნდა გითხრათ, რომ მიუხედავად გადატანილი ნერვიულობისა და თოვლში „ტყვეობისა“, საქართველოო ნამდვილად ძალიან სტუმართმოყვარე ქვეყანაა. ერთხელაც კი არავის დასცდენია საწყენი სიტყვა, გუდაურელები კი ყველანაირად ცდილობდნენ, რამით დაგვხმარებოდნენ ჩარჩენილებს.
კიდევ გავემგზავრები თუ არა საქართველოში მომავალ ახალ წელს? ჯერ არ ვიცი. ეს კია, აუცილებლად შევისწავლი ამინდის პროგნოზს. ყველას ვურჩევდი, ყოველი შემთხვევისთვის, შვებულებიდან რამდენიმე დღე მოიტოვოს მარაგში. საქართველოს უჭირს სტუმრებთან განშორება და მათ ხან გზებზე თოვლის ხერგილებით აკავებს, ხანაც სხვა საშუალებებით — უბრალოდ, წასვლის სურვილი არ გიჩნდება.