მიხეილ თუმანიშვილის მოსწავლეს, პროფესიონალიზმი ძვალსა და რბილში ჰქონდა გამჯდარი, ამიტომ მისი თაობის თითქმის ყველა ნიჭიერ რეჟისორთან უმუშავია და წარმატებისთვისაც მიუღწევია. ბოლოს, მძიმე სენმა დარია ხელი და შემოქმედებითი სიმწიფის პერიოდში წავიდა ამ ქვეყნიდან. მსახიობს გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე შევხვდი. თქვენს წინაშეა მიშა ჯოჯუას, სამოქალაქო ომებში და ქვეყნის სიდუხჭირით დაკარგული თაობის მსახიობის, გამოუქვეყნებელი ინტერვიუ.
- მიშა, რას დაარქმევდი მსახიობის პროფესიონალიზმს?
— რეპეტიციიდან რეპეტიციამდე, მსახიობი წინ უნდა წავიდეს, თითოეული დღე წინ გადადგმული ნაბიჯი უნდა იყოს. პირადად მე, ამით ვცხოვრობ, ამით მძინავს. თითქმის მთელი დღე თეატრში ვარ, აქ ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს. პროფესიონალი მსახიობი, სხვა საქმეზე დროს ვერ დაკარგავს, ვინაიდან ის როლით ცხოვრობს და სულ ამაზე ფიქრობს — რა, როგორ უნდა გააკეთოს!
- მიშა, რატომ ხარ აქ კარგად?
— თეატრში ადრე მოვდივარ, მიყვარს აქ ყოფნა, უხილავი კონტაქტი ხდება. ალბათ, აქურობაზეც კარგად ვმოქმედებ. კედლები, ფარდა, სკამი მაგიდა — თითქოს უსულო საგნებია, მაგრამ ჩვენ ერთად კარგად ვართ. ზოგი თეთრ მაგიას არქმევს თეატრს, ზოგიც შავს, მაგრამ ეს გადამწყვეტი არ არის. აქ სხვანაირად სუნთქავ, სხვა ფიქრები გაქვს, სხვა განწყობაზე ხარ, ბუნება გეცვლება… მოკლედ, მაგიაა! ანსამბლი თეატრისათვის აუცილებელია, მაყურებლისთვის არის უცილებელი — ის აურას ქმნის, რომელიც კრავს სპექტაკლს. ლიდერობა კარგია, მაგრამ ანსამბლის წევრი უნდა იყო აუცილებლად, ეს თეატრს ეხმარება, მთავარ საქმეს ეხმარება.
მიშა, შენ გითამაშია მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლებში, შენი თაობის რეჟისორებთან და არ თაკილობ სტუდენტების სპექტაკლებში თამაშს. რატომ არა აქვს მნიშვნელობა, ვისთან თამაშობ? მე მგონია, რომ იმდენად გიყვარს ეს პროფესია, რომ შენთვის მთავარია ძიება, მთავარია შენ როლზე მუშაობა. ხომ არ ვცდები?
მართალი ხარ იმიტომ, რომ როგორც ყველა საქმეში, მსახიობისთვისაც პირველ რიგში დგას ღირსების საკითხი. თუ ღირსება გაქვს, მნიშვნელობა არ აქვს ვისთან თამაშობ, გამოცდილ თუ დამწყებ რეჟისრთან.
- რას გულისხმობ ღირსებაში?
— საქმის მიმართ დამოკიდებულებას. ყველა რეჟისორთან ვმოქმედებ ფორმულით: მოდი, ერთად ვიმუშაოთ! იმიტომ, რომ აქ არავინ იცის საბოლოოდ რა გამოვა. კი, ფორმულები ვიცით, ზეამოცანები ვიცით, გამჭოლი მოქმედებები ვიცით, მაგრამ ამის ზემოთ არის რაღაც მთავარი, რაც არ ვიცით და ყველა ვეძებთ: ბატონი მიშა და სტუდენტიც… აი, ეს არის ღირსება.
მე რომ გაკვირდები, ხან თეატრში, ხან ქუჩაში თუ სცენაზე, სულ მგონია, რომ ჩართული ხარ, სულ რაღაცას ეძებ…
აუცილებლად. მე არ მწამს არტისტი, რომელიც მარტო სცენაზეა მსახიობი. შევარდა სცენაზე, უცებ რაღაცა ითამაშა და გამოვარდა. ამ დროს ვინ ხარ? მეწაღე? თუ არტისტი ხარ, იყავი, რა! 24 საათიანი ფიქრი, 25 საათიანი ფიქრი…
- შენი პროფესია დაკავშირებულია ფსიქოლოგიასთან, ადამიანის შინაგან სამყაროსთან და არ გღლის გამუდმებით სხვადასხვა პერსონაჟების მოტივაციების დადგენა?
არა, არა! თუ გღლის, მაშინ მიხედე სხვა საქმეს! ბიზნესმენი გამოდი, ჩემო ბატონო ან ბანკირი, რა, ცუდია?
- რომელი პროცესია მნიშვნელოვანი: რეპეტიცია, შინ მუშაობა თუ ფიცარნაგზე, რომ ხარ და სპექტაკლს თამაშობ?
— ყველა! მე რომ შინ სცენებს ვაწყობ, ნეტა ისე რეპეტიციაზე გამომდიოდეს! გეზი, ხომ მოცემული მაქვს და ამ პროცესს სახლში ვაგრძელებ, რასაც მეორე დღეს რეჟისორთან ერთად ვადგენ — სწორი იყო თუ არ იყო. იქნებ ასე ჯობს, ან ისე! მაგრამ პროცესი არ ჩერდება! ჩემი პერსონაჟით ვცხოვრობ, ამ ადამიანს ვამატებ და ვამატებ რაღაცეებს, რასაკვირველია რეჟისორთან შეთანხმებით, ვინაიდან ის არის ამ პროცესის მმართველი, არა? თუ ეს შედგა და სცენაზე გადმოიტანე ჩანაფიქრი, მაშინ ტკბობა კი არა, თრობაა — ეს არის ბედნიერება და ამიტომ მიყვარს ჩემი საქმე!
- მიშა, ჩვენი დუხჭირი ცხოვრების გამო, გიფიქრია თუ არა, მივატოვებ ამ პროფესიას და სხვა რამეს მოვკიდებ ხელს?
— ღმერთმა დამიფაროს! მე ამით ვცხოვრობ, ჩემი საჭმელი ეს არის! იყო დრო, როცა 2 დღე არაფერი მიჭამია, ჩაიც კი არ გვქონდა შინ და ადუღებულ წყალს ვსვამდი, მაგრამ ერთხელ არ დამიწუწუნია და სპექტაკლი მითამაშია… საჭმლის ფული არ მაქვს, ამაზე როგორ ვილაპარაკო? და ამის გამო რეპეტიცია ვერ გავიარე, რა ამბობ? თუ რეპეტიციაზე ვერ მივედი, ესე იგი, მოვკვდი და მხოლოდ ეს გაამართლებს ჩემს საქციელს. ტრანსპორტი არ არის? ფეხით უნდა მოხვიდე!
- მე ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ცხოვრებისეულ სიტუაციებში, თავიდან ბოლომდე იქ ხარ…
— აბა, როგორ! ასეთი პროფესია მაქვს! სხვა რა გზა მაქვს? აბა, რა ვქნა? თავი უნდა შევინახო?.. რისთვის? მაშინ უნდა გახდე ბუღალტერი, სხვანაირად არ შეიძლება!
შენ გინდა, რომ ბოლომდე დაიხარჯო, ბოლო წუთები, წამებიც კი ამოწურო!
ახლა, წლები როცა გემატება, აზომვა და აწონვა ხდება… აი, ახლა ამას ვამბობ და ვფიქრობ: ჰა, ბერდები, მიშა და ჭკვიანდები, ბრძენდები?
- მიშა, მე მგონია, რომ პროტესტის გამომხატველი ადამიანი ხარ თუ მეჩვენება? რევოლუციონი არ მგონიხარ, მაგრამ…
— არ გეჩვენება! ესეც ღირსებასთან არის დაკავშირებული. ჩემი პროტესტი გამომდინარეობს იქიდან, რა ღისების მატარებელი ხარ შენ და რას აწყდები გარშემო. მე არ ვამბობ, რომ ჩემისთანა მეორე არ არის, მაგრამ ქრისტიანობამ, ხომ მასწავლა რაღაცეები? ტელევიზორს ვუყურებ, ქუჩაში ვაკვირდები ხალხს…
- სიმშვიდეს, რა გირღვევს, მიშა?
— ქართველების ტვინის გადაყირავება! რა უნდა მოხდეს, რომ ქართველი თავის თავს დაუბრუნდეს? დავიჯერო, აღარ მოხდება? შეგვჭამა გარე სამყარომ, მარტო მანკიერი ავითვისეთ, გესმის? გაოცებული ვარ! ღირსება დავკარგეთ! ბევრჯერ ვაუღლე ეს სიტყვა, მაგრამ, რა ვქნა?
თავისუფალი, იუმორით აღსავსე მიშა ჯოჯუას სული იმ პლასტიკურ სხეულს ჰგავდა, რომლსაც სცენაზე განსხვავებული ფორმების მიღება შეეძლო.