თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. საქართველოს მოქალაქე მალხაზ მახარაძემ და აზებაიჯანელმა ბიზნესმენმა ზაჰირ ჰუსეინოვმა დაადასტურეს, რომ სტამბოლში ცოტა ხნის წინ აღმოჩენილი, ფლამანდელი მხატვრის, ანტონის ვან დეიკის ნახატი 2010 წელს თბილისში შეიძინეს და კანონიერად გაიტანეს თურქეთში კულტურის სამინისტროს დახმარებით.
მანამდე თურქული მედია იუწყებოდა, რომ დაკავებული იყო ორი ბიზნესმენი, რომლებიც საქართველოდან კონტრაბანდული გზით გატანილი ნახატის გაყიდვას ცდილობდნენ. გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოში ნახატი რუსეთიდან მოხვდა, ხოლო რუსეთში — ევროპიდან. ამასთან საქართველოს შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა უარყვეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები იყვნენ.
ვან დეიკის ტილო 14 მლნ დოლარადაა შეფასებული.
თბილისელი აბაშიძეების ოჯახმა განაცხადა, რომ ნახატი 2010 წლამდე მათი საკუთრება იყო. ეკა აბაშიძემ ჟურნალისტებს უამბო, რომ ტილო მისმა ძმამ 15 წლის წინ შეიძინა თბილისის ერთ-ერთ საკომისიო მაღაზიაში 5 ათას დოლარად. თუმცა მოგვიანებით, ფინანსური პრობლემების გამო, ოჯახმა, რომელმაც არ იცოდა, ვინ იყო ნახატის ავტორი, ის გაყიდა.
„მოვიდა ორი მამაკაცი — მალხაზ მახარაძე და ზაჰირ ჰუსეინოვი. შევთანხმდით 37 ათას დოლარზე… მაშინ 7 ათასი დოლარი გადაგვიხადეს, ნახატი კი წაიღეს და გაქრნენ. ველოდებოდით, რომ მოვიდოდნენ და დარჩენილ თანხას მოგვიტანდნენ, მაგრამ როცა მივხვდით, რომ ამის გაკეთებას არ აპირებდნენ, ინტენსიურად ვურეკავდით. ჰუსეინოვი ყოველთვის გვპასუხობდა და გველაპარაკებოდა, მაგრამ ყოველთვის გვატყუებდა“, — განაცხადა ეკა აბაშიძემ და დაამატა, რომ მოგვიანებით მყიდველებზე სასამართლოში სარჩელიც შეიტანა.
მახარაძემ და ჰუსეინოვმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში დაადასტურეს, რომ ფლამანდელი მხატვრის ნამუშევარი საქართველოდან კულტურის სამინისტროს დახმარებით გაიტანეს.
„ტილო თურქეთში ერთ კაცთან დავტოვე და საქართველოში დავბრუნდი. ამის მერე ის აღარ მინახავს და ფულიც არ მოუციათ. ის 8 ათასი დოლარიც დავკარგე, რომელიც იმ ქალს გადავუხადე (აბაშიძის თქმით, 7 ათასი დოლარი, _ რედ.). ჩვენ ოფიციალურად მივედით კულტურის სამინისტროში, ფული გადავიადეთ და ნახატი საზღვარზე გადავიტანეთ“, _ განაცხადა ჰუსეინოვმა.
მახარაძემ თავის მხრივ განაცხადა, რომ „თურქეთში მაშინ ტლიოს გაყიდვა ვერ მოხერხდა“.
ქართველი ხელოვნებათმცოდნეები აცხადებენ, რომ მათ არაფერი იცოდნენ საქართველოში ვან დეიკის ნახატის არსებობის თაობაზე.