თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“ (არაბული ვერსიით „დაიში“) პასუხისმგებლობა აიღო სატვირთო მანქანის აფეთქებაზე ლიბიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ზლიტენში მდებარე საწვრთნელ ბაზაზე. აფეთქების შედეგად 70 კაცი დაიღუპა, იტყობინება ტელეარხი „ალ-ხადასი“.
დანაღმული ავტომანქანა ხუთშაბათს დილას აფეთქდა ბანაკის მოედანზე იმ დროს, როცა იქ 100-ზე მეტი ადამიანი სამხედრო წვრთნას გადიოდა. სააგენტო ასოშეიტედ პრესის მონაცემებით, აფეთქების შედეგად 200-მდე ადამიანმა დაზიანებები მიიღო.
ტერორისტული ორგანიზაცია ”ისლამური სახელმწიფო” დღეს, მსოფლიო მშვიდობის შენარჩუნებისთვის, ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა. სამ წელიწადში ტერორისტებმა ერაყისა და სირიის მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაპყრობა შეძლეს. გარდა ამისა, ისინი საკუთარი გავლენის ჩრდილოეთ აფრიკის, კერძოდ, ლიბიის ტერიტორიაზე გავრცელებას ცდილობენ. ტერორისტების რაოდენობის შესახებ მონაცემები დაუზუსტებელია, სხვადასხვა წყაროებით, მათი რაოდენობა 50-დან 200 ათასამდე მერყეობს.