თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. მართლმადიდებლური სამყარო დღეს, 7 იანვარს ქრისტეშობას აღნიშნავს.
წმინდა ლუკა მახარებელი სახარებაში აღნიშნავს, რომ ქრისტესშობა რომის იმპერიაშიგამოცხადებულ ხალხის აღწერას დაემთხვა. ებრაელები აღწერას შტოებისა და შთამომავლობის მიხედვით აწარმოებდნენ. ეს ჩვეულება იმდენად ძლიერი იყო, რომ იმპერატორავგუსტუსის განკარგულების შეტყობისთანავე, ყოველი იუდეველი იმ ქალაქებისკენ გაემართა, საიდანაც იყვნენ წარმომავლობით.
იოსები და ქალწული მარიამი გალილეაში, ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდნენ, მაგრამ, როგორც ცნობილია, წარმომავლობით დავითის შტოდან იყვნენ, ამიტომაც აღწერისთვის ბეთლემში — დავითის ქალაქში გაემგზავრნენ, სადაც დაიბადა და მეფედ ეკურთხა დავით მეფსალმუნე.
ნაზარეთიდან ბეთლემამდე გზის გავლას სამ დღეზე ცოტა მეტი სჭირდებოდა. ბეთლემიდან აღმოსავლეთით იყო დავითის ჭა, ხოლო მის მოპირდაპირე მხარეს გამოქვაბული. როცა იოსები და მარიამი ქალაქს მიუახლოვდნენ, მარიამს მშობიარობის დრომ მოუწია. იოსებმა დასაბინავებელი ადგილის ძებნა დაიწყო, მაგრამ ვერ იპოვა, რადგან აღწერის გამო უამრავი ხალხი იყო ბეთლემში თავმოყრილი.
ვინაიდან უკვე ღამდებოდა და მომავალი მესიის დედისთვის არ აღმოჩნდა ქალაქში ადგილი, იოსები და მარიამი იძულებულნი გახდნენ ქალაქგარეთ, სწორედ იმ გამოქვაბულში შეეფარებინათ თავი, სადაც უამინდობისას მწყემსები ნახირს აბინავებდნენ.
იესო ქრისტე იშვა ღამით, როცა ბეთლემში და მის შემოგარენში ყველა ღრმა ძილს იყო მიცემული.
შობის ღამეს სამყაროში დიადი სასწაულები მოხდა:მაცხოვრის დაბადებისთანავე გამოქვაბულში უეცრად პირდაპირ ქვიდან ამოხეთქა წყარომ, შორეულ რომში მიწიდან სურნელოვანმა ზეთმა იწყო დენა და მდინარის წყალს შეერია, წარმართული ტაძარი, რომელსაც მარადიულს ეძახდნენ, დაინგრა, მასში მდებარე კერპები დაიმსხვრა, ცაზე კი სამი მზე გამოჩნდა, ესპანეთში იმ ღამეს ცაზე თვალისმომჭრელად მბრწყინავი ღრუბელი გაჩნდა, ისრაელში, მიუხედავად ზამთრისა, ვაზი აყვავდა. ხოლო ყველაზე დიდი სასწაული ანგელოზების გამოცხადება იყო, რომლებიც მწყემსებს გამოეცხადნენ.
გამოქვაბულის მოპირდაპირედ, რომელშიც მაცხოვარი იშვა, მაღალი კოშკი იდგა. კოშკში მწყემსები ცხოვრობდნენ. სამ მათგანს იმ ღამეს არ ეძინა, ვინაიდან ფარას დარაჯობდნენ.
სწორედ მათ გამოეცხადა მთავარანგელოზი გაბრიელიზეციური ბრწყინვალებით. მის დანახვაზე მწყემსები ძალიან შეშინდნენ, მაგრამ გაბრიელმა უთხრა მათ: „ნუ გეშინიათ! მე გახარებთ თქვენ უდიდეს სიხარულზე, რომელიც იქნება ყოველი ადამიანისთვის: რამეთუ დავითის ქალაქში მხსნელი იშვა, რომელიც არის უფალი ქრისტე“.
ამ სიტყვებით მთავარანგელოზმა მესიის ჭეშმარიტ დანიშნულებაზე მიანიშნა, რომელიც არამარტო ებრაელთათვის მოვიდა, არამედ ყველა ხალხისთვის, რამეთუ სიხარული იქნება ყველასათვის, ვინც მას მიიღებს, როგორც მხსნელს. გაბრიელმა ისიც უთხრა მწყემსებს, თუ სად იპოვიდნენ ახალშობილ ყრმას.
იმ დროს, როცა გაბრიელმა ამის შესახებ აუწყა მწყემსებს, ზეციდან ანგელოზთა გალობის ხმა მოისმა, რომლებიც ასე ადიდებდნენ ღმერთს:
„დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.
ერთმანეთში მოთათბირების შემდეგ, მწყემსებმა გადაწყვიტეს ახალშობილის დაბადების ადგილას მისულიყვნენ და ენახათ, მართალი იყო თუ არა, რაც მათ მთავარანგელოზმა უთხრა. გამოქვაბულში მათ იხილეს საქონლის ბაგაში მწოლიარე ყრმა და ირწმუნეს, რომ ეს სწორედ ის სანუკვარი მესია იყო, რომელიც კაცობრიობის სახსნელად იშვა მიწაზე.
მწყემსებმა ყველაფერი უამბეს წმინდა იოსებსა და ღვთისმშობელს. სალომეა (ნათესავი ღვთისმშობლისა და იოსებისა) და ყველა იქ მყოფი, რომლებიც ახალშობილის სანხავად იყვნენ მოსულები, გაოცდნენ მწყემსების მონათხრობით. ღვთისმშობელი კი „ჩუმად უსმენდა მათ და იმარხავდა ყოველ სიტყვას გულში“.
ქრისტესშობამდე რამდენიმე თვით ადრე ცაზე უჩვეულო ვარსკვლავი გამოჩნდა. აღმოსავლელმა მოგვებმა და ფილოსოფოსებმა შეამჩნიეს იგი და დაიწყეს ფიქრი,თუ რას ნიშნავდა ამ საკვირველი ვარსკვლავის გამოჩენა. როგორც წმინდა მამები ამბობენ, შობის ვარსკვლავი ცაზე იმ მომენტიდან აინთო, როცა მთავარანგელოზმა გაბრიელმა ქალწულ მარიამს ახარა, რომ მისგან ქვეყნიერების მხსნელი იშვებოდა.
როცა ქრიტესშობამდე ცოტა დროღა იყო დარჩენილი, სამი მოგვი: კასპარი, მელქიორი და ბალთაზარი — თითოეული თავისი ქვეყნიდან, პალესტინისკენ გაემართა.
იერუსალიმში შესულმა მოგვებმა, რომლებიც დიდებული აღკაზმულობისა და მათი ქარავნის ფუფუნების გამო ყველამ აღმოსავლეთიდან მოსულ მეფეებად და წინამძღოლებად მიიღო, ხალხში გაიკითხეს, თუ სად იშვა იუდეველთა მეფე, რომლის ვარსკვლავიც აღმოსავლეთით იხილეს. ამან შეაძრწუნა იუდეველთა მეფე ჰეროდე, რომელსაც მოგვების გამოჩენამდე ცოტა ხნით ადრე ფარისეველებმა ტახტის დაცემა უწინასწარმეტყველეს. დიდი მეუფის საყოველთაო მოლოდინი აღმოსავლეთიდან, კერძოდ კი, იუდეიდან, მით უფრო აშინებდა ჰეროდეს, რომ ჯერ კიდევ რომში ყოფნისას შეიტყო მისი მოსალოდნელი შობის შესახებ.
როდესაც მას მეუფის მძებნელ უცხოტომელთა მოსვლის ამბავი მიუტანეს, ჰეროდემ მოგვები იხმო და აუწყა, რომ აღთქმული მეუფე ბეთლემში უნდა დაბადებულიყო და სთხოვა, იქითკენ ესწრაფათ, გულმოდგინედ მოეძებნათ ყრმა და როდესაც იპოვიდნენ, მისთვის ეცნობებინათ ამის შესახებ, რათა მასაც ეცა თაყვანი მეფისთვის.
იოსები და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ახალშობილ ყრმასთან ერთად ჯერ კიდევ ბეთლემში იმყოფებოდნენ, როცა შორეული აღმოსავლეთიდან წამოსული მოგვები იერუსალიმში მივიდნენ. იერუსალიმიდან ბეთლემისკენ მიმავლებს გზას ის უჩვეულო ვარსკვლავი უჩვენებდა. ვარსკვლავი თითქმის მიწამდე დაეშვა და ბოლოს იმ გამოქვაბულის თავზე გაჩერდა, სადაც ბაგაში ახალშობილი მაცხოვარი იწყვა. იხილეს რა საქონლის ბაგაში მწოლიარე ყრმა, აღმოსავლელი ბრძენნი მიხვდნენ, რომ ახალშობილის მეუფება ფუფუნებასა და დიდებულ დარბაზებში კი არა, სიღარიბეში, მორჩილებასა და ამქვეყნიური დიდების მოძულებაში იყო. წარმართ განსწავლულებზე მოულოდნელმა სანახაობამ არ იმოქმედა და ის რწმენა არ შერყევიათ, რის გამოც ასეთი გრძელი გზა გაიარეს. პირიქით, შევიდნენ საქონლის სადგომში, მიახლნენ ბაგაში მწოლიარე ყრმას და თაყვანის სცეს არა მარტო როგორც მეფეს, არამედ როგორც ღმერთსაც და ძღვენიც მიართვეს: ოქრო, გუნდრუკი და მური: ოქრო — როგორც მეფეს, გუნდრუკი — როგორც ღმერთს და მური — როგორც კაცს, ვინაიდან მურს გარდაცვლილის ცხედრის გასაპატიოსნებლად იყენებდნენ, რათა შენახულიყო იგი.
ამის შემდეგ მოგვები აპირებდნენ, ბეთლემიდან კვლავ იერუსალიმში შეევლოთ და ჰეროდესთვის მესიის სამყოფელი ეუწყებინათ, მაგრამ უფლის ანგელოსმა, რომელიც სიზმარში გამოეცხადათ, მათ ჰეროდეს ბოროტი განზრახვის შესახებ აუწყა და უბრძანა, სხვა გზით დაბრუნებულიყვნენ საკუთარ ქვეყნებში.
როდესაც მოგვებმა, ღვთის ნებით, ჰეროდეს დავალება არ შეასრულეს, იუდეველთა განრისხებულმა მეფემ სასტიკი ბრძანება გასცა. მან ბეთლემსა და მის სანახებში ჯარისკაცები გაგზავნა და უკლებლივ ყველა ორ წლამდე ასაკის ბიჭის მოკვდინება დაავალა.
სახარება მოგვითხრობს, რომ იოსებს სიზმარში ეუწყა საფრთხის შესახებ დ ამიტომაც ქალწულ მარიამთან და ყრმა იესოსთან ერთად ეგვიპტეში გაიქცა. წმიდა ოჯახი იქ ჰეროდეს გარდაცვალებამდე ცხოვრობდა.
ქრისტიანულმა ეკლესიამ უფლის ძის ქვეყნად ხორციელად მოვლინების აღსანიშნავად ქრისტეშობის დღესასწაული დააწესა — ჯერ კიდევ მოციქულთა დროს, რომელთა კანონებში ვკითხულობთ: „შობის დღესასწაულს (მარტიდან მეათე თვის 25 რიცხვში. — რედ.) უნდა უქმობდნენ, რადგან იგი ადამიანებს აძლევს სიხარულს მარიამ ქალწულისგან ამ სოფლის გადასარჩენად ღვთის სიტყვის შობით“.
ახალი წელთაღრიცხვის პირველი სამი საუკუნის განმავლობაში ზოგი ეკლესია ქრისტეშობასა და ნათლისღებას ერთ დღეს აღნიშნავდა, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, ის იყო, რომ მორწმუნეთა ერთ ნაწილს სჯეროდა, რომ ქრისტე საკუთარ დაბადების დღეზე მოინათლა მდინარე იორდანეში. აღსანიშნავია, რომ სომხური სამოციქულო ეკლესია დღემდე ინარჩუნებს ამ ტრადიციას.
337 წელს რომის პაპმა იულიუს I-მა ქრისტეშობის დღესასწაულად 25 დეკემბერი დაადგინა. კათოლიკური ეკლესია მას შემდეგ სწორედ ამ დღეს აღნიშნავს მესიის ხორციელ მოვლინებას, ხოლო მართლმადიდებლური ეკლესია — ახალი კალენდრის მიხედვით, 7 იანვარს ზეიმობს ქრისტეშობას.