თეონა,ზურა, ნუნუკა, არმინე და ანაითი მეზობლები არიან და ბავშვობიდან მეგობრობენ. ანაითმა მეგობარ გოგონებს უგემრიელესი სომხური ტოლმის კეთება ასწავლა, იმათ კი საცივის საიდუმლო გაუმხილეს. ზურა ღორის ხორცისგან არომატულ „ოჯახურს“ ამზადებს.
საახალწლოდ მეზობლები იკრიბებიან და თათბირობენ, ვინ გამოაცხობს ხაჭაპურს, ვინ გააკეთებს გოზინაყს… არმინე ხუთ ოჯახზე გათვლილ ბლინებს ახვევს და ამბობს, რომ კარგი მეზობლების გარემოცვაში ახალი წლის შეხვედრას არაფერი სჯობს. საახალწლო აჟიოტაჟს ბავშვების ხმაური აძლიერებს — თოვლის პაპისთვის სასურველი საჩუქრების სიას ადგენენ.
31 დეკემბერს მეზობლები აუცილებლად სტუმრობენ ერთმანეთს. მეკვლედ ყველას ჯანმრთელი და წარმატებული ადამიანი სურს, ვინაიდან ძველთაგან დამკვიდრებული რწმენით, სწორედ მეკვლეზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ოჯახისთვის მომავალი წელი. სტურად კანფეტების, ჩურჩხელისა და გოზინაყის გარეშე მისვლა მიუღებელია.
საახალწლო სუფრა უხვი სანოვაგისგან იზნიქება. ტრადიციული სომხური სუფრა საქართველოში საცივისგან, ფხალეულისგან, ნიგვზიანი ბადრიჯნისგან, ხორციანი ბლინებისგან, ტოლმისგან, ლაბისგან („ხალადეცი“), მწნილეულისგან, ღორის ხორცის მწვადისგან შედგება, ქართული სუფრა კი — ყველაფერ ზემოთ ჩამოთვლილს პლუს მჭადი და ღომი. რაც შეეხება ტკბილეულის ასორტიმენტს, ის საკმაოდ ფართოა. გოზინაყის გარდა საახალწლო სუფრაზე აუცილებელია ჩურჩხელაც. ეს ის მინიმუმია, რაც თითოეულ ოჯახში უნდა იყოს საქართველოში.
მიუხედავად იმისა, რომ სომხურ ოჯახებში სადღესასწაულო სუფრაზე აუცილებლად აქვთ ქართული შოთის პური, არც სომხურ ტრადიციულ ლავაშს ივიწყებენ, რომელშიც ქაბაბს ახვევენ.
ტრადიციის მიხედვით, ამ დღეებში ჯიბეები ყველას კანფეტებითა და ტკაცუნებით (პეტარდებით) აქვს გამოტენილი. სტუმარი ოჯახში ტკბილეულითა და ალკოჰოლური სასმელით — ღვინითა თუ სომხური კონიაკით ხელდამშვენებული მიდის. საქმე ისაა, რომ უცხოეთში მცხოვრები სომხები ერთმანეთისთვის რაიმე სომხურის ჩუქებას ამჯობინებენ, ვინაიდან ეს ბევრად მნიშვნელოვან საჩუქრად მიიჩნევა.
ახალი წლის პირველი დღეები ნელ-ნელა შობის დღესასწაულში გადაიზრდება. 5 იანვრიდან საქართველოს სომხურ ეკლესიებში საშობაო ღვთისმსახურება იწყება, რომელზე ძირითადად სომეხი ახალგაზრდობა იყრის თავს. აი 6 იანვარს კი ასაკისა და სქესის განურჩევლად, ყველა ეკლესიაში მიდის ნაკურთხი წყლის მისაღებად. მიუხედავად იმისა, რომ სომხური შობა 6 იანვარს მთავრდება, ადგილობრივი სომხები 7 იანვარსაც განაგრძობენ დღესასწაულის აღნიშვნას — ქართულად.
და სწორედ აქ იწყება მარადიული დავა ქართველებსა და სომხებს შორის: ვისი საეკლესიო კალენდარი უფრო სწორეა და მართებული. მეზობლები, რომლებიც საუკუნეთა განმავლობაში, თაობიდან თაობაში, არაფრით თმობენ პოზიციებს — არცერთი მხარე — ხანგრძლივი კამათის შემდეგ ზავდებიან და ყანწებით ღვინის სმაში შეჯიბრებაზე გადადიან.