თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი მიიჩნევს, რომ საუდის არაბეთში განხორციელებული სიკვდილით დასჯა ქვეყნის შიდაპოლიტიკური საქმეა, იუწყება ოთხშაბათს რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „როიტერიზე“ დაყრდნობით.
მანამდე თურქეთის ვიცე-პრემიერმა ნუმან ქურთულმუშმა ცნობილი შიიტი მქადაგებლის ნიმრ ან-ნიმრის სიკვდილით დასჯაზე კომენტარისას განაცხადა, რომ ანკარა ზოგადად სიკვდილით დასჯის და მით უმეტეს, პოლიტიკურად მოტივირებული დასჯის წინააღმდეგია.
შაბათს, საუდის არაბეთის შსს–მ 47 ადამიანის სიკვდილით დასჯის შესახებ განაცხადა, რომლებიც ტერორიზმისა და მისი წაქეზების გამო გასამართლდნენ. დასჯილთა შორის იყო ნიმრ ან–ნიმრი. მისი სიკვდილით დასჯის ამბავმა ისლამური სამყაროს შიიტ პოლიტიკოსებსა და რელიგიურ მოღვაწეთა შორის უკმაყოფილება გამოიწვია. თეირანმა მკაცრად დაგმო მქადაგებლის სიკვდილით დასჯა, ირანში მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა, კერძოდ, თავს დაესხნენ თეირანში საუდის არაბეთის საელჩოს და მეშჰედში — საკონსულოს. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ადილ ალ-ჯუბეირმა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ განაცხადა.