თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ ავღანეთში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის სამხედროების გაცილების ცერემონიალში მიიღეს მონაწილეობა, აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ოთხშაბათს, 6 იანვარს.
ქართველი სამხედროები 2015 წლის იანვრიდან მონაწილეობენ არასაბრძოლო მისიაში „მტკიცე მხარდაჭერა“, რაც ავღანეთის სახელისუფლებო ძალებისათვის სწავლებასა და დახმარების გაწევას მოიაზრებს. საქართველო მეოთხე ქვეყანაა, რომელიც არ წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრს და მიუერთდა ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს.
„სამხედროებს წარმატება მინდა ვუსურვო და რაც ყველაზე მთავარია, მშვიდობით დაბრუნება. ისევე ამაყად ეტარებინოთ საქართველოს დროშა, როგორც ყველა იმ კონტინგენტს, რომელიც მანამდე იმყოფებოდა მისიებში საქართველოს სახელით. ეს ბიჭები არიან ჩვენი მთავარი იმედი, ჩვენი ქვეყნის წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი და დარწმუნებული ვარ, რომ მათი მისიაც ისეთივე წარმატებული და საამაყო იქნება, როგორც ყველა მათი წინამორბედის“, — განაცხადა ხიდაშელმა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, მაზარ-ი-შარიფში შვიდ თვეს დაჰყოფს.
ქართველი სამხედროები გერმანიის კონტინგენტის დაქვემდებარებაში სწრაფი რეაგირების ამოცანებს შეასრულებენ.
„ბრავო“ ასეული ავღანეთში III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულს ჩაანაცვლებს.
მისია „მტკიცე მხარდაჭერა“ ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან, აშშ-ის სამხედრო ოპერაციის სტადიის დასრულების შემდეგ ამოქმედდა. 2015 წლის დასაწყისში ქაბულში, ყანდაგარში, გერათში, მაზარი-შარიფში 12 ათასამდე კაცი განალაგეს. მისია არასაომარია — ნატოს სამხედრო მოსამსახურეებს თავდაცვა შეუძლიათ, მაგრამ ავღანეთის უშიშროების ძალებთან ერთად საომარ მოქმედებებში არ ჩაერთვებიან.