თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მეზიერმა დაადასტურა მედიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მილიონი ლტოლვილის შესახებ, რომლებიც ქვეყანაში 2015 წელს ჩავიდნენ.
„ეს ციფრი მილიონზე ოდნავ მეტია“ — განაცხადა ოთხშაბათს მეზიერმა ბრიფინგზე და დასძინა, რომ საუბარია Easy-ს რეგისტრაციის პირველადი სისტემის მონაცემებზე. მინისტრის განცხადებით, ის არაზუსტია, რადგანაც „არსებობს ლტოლვილთა ორმაგი რეგისტრაცია“.
მეზიერის თქმით, ლტოლვილთა 40% გერმანიაში სირიიდან ჩავიდა, ქვეყანაში ასევე ბევრი მოხვდა ავღანეთიდან და ერაყიდანაც. „სირია პირველ ადგილზეა“, — განაცხადა მინისტრმა.
უფრო ადრე სააგენტო „როიტერმა“ სამთავრობო წრეებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2015 წელს Easy-system-ის რეგისტრაციის სასაზღვრო სისტემაში 1090 ათასი ლტოლვილი აღირიცხა. მხოლოდ დეკემბერში გერმანიაში 127 320 ადამიანი ჩავიდა.