საქართველოს პრემიერმა და აშშ-ის ელჩმა თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს

© gov.geგიორგი კვირიკაშვილი და იან კელი
გიორგი კვირიკაშვილი და იან კელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს, თუ აშშ რა გზით უნდა დაეხმაროს საქართველოს, რა სფეროში იქნება ამერიკა მისთვის ყველაზე საჭირო, "რათა ქვეყანა წარმატებული გახდეს".

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის მეთაურის რანგში, საქართველოში აშშ-ის ელჩთან იან კელისთან (Ian C. Kelly) ოთხშაბათს, 6 იანვარს შეხვედრა გამართა, აღნიშნულია პრემიერის პრესსამსახურის განცხადებაში.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხთა ფართო სპექტრი განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემასაც.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ თუ რა გზით უნდა დავეხმაროთ საქართველოს, რა სფეროში ვიქნებით მისთვის ყველაზე საჭირო, რათა იგი წარმატებული გახდეს," — აღნიშნა იან კელიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

დიპლომატმა განმარტებით, აშშ საქართველოს მთავრობასთან ფართო და ღრმა თანამშრომლობას გააგრძელებს. მან კვირიკაშვილს პრემიერის თანამდებობაზე წარმატებები უსურვა. 

საქართველოს პარლამენტმა 29 დეკემბერს საქართველოს განახლებულ მთავრობას გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით ნდობა გამოუცხადა. კვირიკაშვილის მთავრობაში თანამდებობა შეინარჩუნა ყველა მინისტრმა, გარდა ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრისა — ეს პოსტები თავად გიორგი კვირიკაშვილს ეკავა. ეს  პროცედურა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 23 დეკემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0