თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. 2016 წელს დასრულდება საქართველოს ენერგეტიკის რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის რეალიზაცია, რომელთა განხორციელება გასულ წელს დაიწყო და რომელთა ჯამური ინვესტიცია 50 მილიონ დოლარს აღემატება, — ნათქვამია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ანგარიშში.
კერძოდ, დასრულდება 220/110 კილოვოლტიანი ქვესადგურის „ხორგას“ მშენებლობა და რეაბილიტაცია, 500/200/100 კილოვოლტიანი ქვესადგურის „ქსანის“ მშენებლობა, 220/110 კილოვოლტიანი ქვესადგურის „მარნეულის“ მშენებლობა და 220-110 კილოვოლტიანი ქვესადგურის „მენჯის“ მშენებლობა.
2015 წელს ენერგეტიკის სფეროში რამდენიმე შეთანხმება გაფორმდა პროექტების რეალიზაციაზე.
მათ შორის „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ (GSE) გააფორმა კონტრაქტი ინდურ კომპანიასთან KEC ახალციხე-ბათუმის 220 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობაზე. მშენებლობა 2015 წლის აგვისტოში დაიწყო და 2018 წელს დასრულდება.
პროექტი ითვალისწინებს 220 კილოვოლტიანი 142 კილომეტრიანი გადამცემი ხაზის მსენებლობას ბათუმიდან ახალციხის მიმართულებით. პროექტის დაგეგმილი საინვესტიციო ღირებულება 40 მილიონი დოლარია.
2015 წელს ასევე ხელი მოეწერა შეთანხმებას 500 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზის მშენებლობაზე „ქსანი-სტეფანწმინდა“.
2013-2015 წლებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების სავარაუდო ჯამური საინვესტიციო ღირებულება 515 მილიონ დოლარს შეადგენს.