თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. საახალწლო დღესასწაულზე თბილისში ტურისტთა უმეტესობა მეზობელი სომხეთიდან ჩამოვიდა, განაცხადა საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამაარსებელმა შალვა ალავერდაშვილმა სამშაბათს, 5 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოში 2015 წელს ჩამოსულ ვიზიტორთა რაოდენობამ 5,897 მილიონზე მეტი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 6,9%-ით მეტია. ვიზიტორთა შორის საქართველოს უახლოესი მეზობლები ლიდერობენ. პირველ ადგილზეა სომხეთი — 2015 წელს საქართველოს ამ ქვეყნის 1,467 მლნ მოქალაქე ეწვია (ზრდა — 11%).
„მთელი ახალი წლის პერიოდში თბილისი ტურისტებით იყო სავსე. მათი უმეტესობა სომხეთიდან ჩამოვიდა. სომხეთში 7 იანვრამდე ისვენებენ, ამიტომ ბევრმა მათგანმა თბილისში ჩამოსვლა და ახალი წლის აქ შეხვედრა გადაწყვიტა. ეს ჩვენთვის ძალიან კარგია“, —აღნიშნა ალავერდაშვილმა.
სომხეთის შემდეგ მეორე ადგილზე აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან — 1,392 მლნ ვიზიტორი (ზრდა 9%). მესამე პოზიცია თურქეთის მოქალაქეებს უკავიათ — 1,391 მლნ (ზრდა 4%). პირველ ათეულშია რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ისრაელი, ყაზახეთი, გერმანია და აშშ.