თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია სამშაბათს, 5 იანვარს.
საქართველოს რეგიონებში, უკვე მეხუთე დღეა დიდთოვლობის შედეგად რთული ვითარებაა შექმნილი. უხვმა ნალექმა დასავლეთ რეგიონებში გზებზე პრობლემები შექმნა, მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, ზვავსაშიშროების გამო საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა ჩაიკეტა.
პრემიერის დავალებით, ვითარებას დასავლეთ საქართველოში მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი ადგილზე გაეცნო.
მისი ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდებისა და საავტომობილო გზების გაწმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
დასავლეთ საქართველოში იმყოფებიან ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი.