თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. სატვირთო ავტომობილების მძღოლები, რომლებიც საქართველოდან რუსეთისკენ მიემართებოდნენ, უკვე რამდენიმე დღეა, რუსეთის საზღვართან დგანან და საკვებისა და საწვავის გარეშე ლარსის გამშვები პუნქტის გახსნას ელოდებიან, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
აღსანიშნავია, რომ გადამღებმა ჯგუფმა ამინდის პირობების გამო ადგილზე მისვლა ვერ შეძლო. ინფორმაცია ადგილობრივ ხელისუფლებას ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.
საქართველოს რეგიონებში მეოთხე დღეა თოვს, რამაც არაერთი პრობლემა, პირველ რიგში, სატრანსპორტო გზებზე გამოიწვია. ბოლო ორი დღის განმავლობაში რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა, რის შედეგადაც 150 ავტომობილი მინუს 17 გრადუს ყინვაში გზის გაწმენდის მოლოდინში გაჩერებული იყო.
დიდთოვლობის გამო აჭარის მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ბათუმის პორტი მოსალოდნელი შტორმის გამო დაკეტილია, არ სრულდება ავიარეისები ქუთაისის აეროპორტიდან. საქართველოს შსს-ს ოპერატიული მართვის სააგენტოში 31 დეკემბრიდან 4 იანვრის ჩათვლით პერიოდში 700-ზე მეტი სატელეფონო ზარი შევიდა მოქალაქეებისგან, რომლებიც დიდთოვლობის შედეგად დაშავდნენ.