თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. აჭარასა და სამეგრელო —ზემო სვანეთის რეგიონში მუნიციპალური სამსახურები და მოხალისეები დიდთოვლობის შედეგებს ებრძვიან, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, აჭარაში ძლიერმა თოვლმა ბათუმის ბულვარში ხეები დააზიანა. მოხალისეები ბულვარის ტერიტორიაზე დილიდან მუშაობენ. ადგილობრივი მუნიციპალური სამსახურები გზების გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ. დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა ასევე ქობულეთისა და ხელვაჩაურის რაიონებშიც.
ამ დრომდე თოვს სამეგრელოს რეგიონში. ზუგდიდში მთელი ღამის განმავლობაში სპეც. ტექნიკით გზებზე ტექნიკური მარილი დაყარეს. გაწმენდითი სამუშაოების დასრულებამდე, ზუგდიდის მერიის გადაწყვეტილებით, „ყინულის მოედნის“ კონსტრუქცია აიღეს, რომელიც რამდენიმე დღეში უნდა გაეხსნათ.
ძლიერი თოვლის გამო, ორთავე რეგიონის მოსახლეობას ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება.