მერაბ ხაჩიძე
ჩვენი დედაქალაქი ფართო ქუჩებისა და მოედნების სიმრავლით არ გამოირჩევა. ამას კი მხოლოდ მისი რთული რელიეფის არ განაპირობებს. ბოლო წლების „რეკონსტრუქციებმა“ უარესად გაართულა, ისედაც მძიმე მდგომარეობა. ძნელი სათქმელია, თავის დროზე ვინ ჩაუყარა საფუძველი იმ უაზრო „ტრადიციას“, რომ სადღესასწაულო ზეიმი და კონცერტი, აუცილებლად პირდაპირ ქალაქის მთავარ ქუჩებზე და მოედნებზე უნდა გაიმართოს. ქალაქის მერიისა და რაიონების ხელმძღვანელები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ რამდენ კარავსა და სამწვადეს გამართავს თავის ტერიტორიაზე. ცალკე საკითხია, რამდენად ეთიკურია, როცა დღესასწაულის საზეიმო ნაწილი ძირითადად ჭამა-სმაზეა დაფუძნებული, მაგრამ ამაზე საუბარს სხვა დროისთვის შემოვინახავთ. მთავარი სათქმელი ის ქაოსია, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებს სჭირს.
„თავისუფლებისა“ და „ვარდების“ მოედნებზე სადღესასწაულო სამზადისის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ან მთლიანად, ან ნაწილობრივ შეზღუდულიადა ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში „გამომწყვდეულ“ მგზავრებს საათობით უწევთ საცობებში დგომა. მერე რა მოხდა — მთავარია, რომ ვდღესასწაულობთ. მერიაში კი კაცი არ დაფიქრებულა: ვის რად უნდა ისეთი სადღესასწაულო სამზადისი, ადამიანის ნერვები და განწყობა თუ შეიწირა.
არც ჩასაფრებული ვარ და არც შარიანი „ოპოზიციონერი“, რომ ვიღაცის მოკლე ჭკუით ნაკეთები საქმის გამო ქულები ვიწერო. ჟურნალისტი ვარ ჩემო ბატონო და შეწუხებული ხალხის სახელით მინდა ვიკითხო: მეტეხის ხიდის თავსა და ბოლოში, რამდენიმე ასეულ კვადრატულ მეტრზე, საკონცერტო ეშაფოტები რომ არ ვაშენოთ, ხიდზე მოძრაობა არ გადავკეტოთ და ეს ყველაფერი იქვე, ბევრად დიდი მოცულობის „რიყეზე“ რომ ვიზეიმოთ, არ შეიძლება? ანდა ქალაქის ცენტრის ორი ძირითადი მოედნის პარალიზების ნაცვლად, მწვადი რომ ვაკის პარკში შევწვათ და დაგეგმილი გალა კონცერტიც იქვე გაიმართოს — ვითომ ღმერთი გვიწყენს?! მე აქ ვერ გავიმეორებ და თუკი ქალაქის მესვეურები არ დაგვზარდებიან, შეუძლიათ ადგილზე მოისმინონ „საცობებში“ ჩარჩენილი მძღოლებისა და მგზავრებისაგან ვიღაცების არცთუ სასიამოვნო „მოკითხვები“. იმაზედაც თუ გიფიქრიათ, დღეების მანძილზე ასეთი ჭკუით დაგეგმილი“ პარალიზებით რა ზარალს ნახულობენ სატრანსპორტო კომპანიები და ქალაქის ბიუჯეტი?!
რადგან მე ვიცი, ესე იგი სხვამაც იცის და მერიის სამსახურების ხელმძღვანელები ეჭვი არ არის კარგად ხვდებიან, რომ მიღებული ბევრი უაზრო გადაწყვეტილება პრობლემებს უზრდის უამისოდაც მეგაპოლისად ქცეულ, უკიდურესობამდე გადატვირთულ დედაქალაქს. ზოგიერთისგან მეც მომისმენია აზრი მთელს ამ დავიდარაბაზე, მაგრამ რას იზამ! ზედმეტი ინიციატივით შეიძლება ზემოთ აწყენინო ვინმეს. ესეც არ იყოს, მერიის „მუშაობა“ გადაკეტილ რუსთაველზე უკეთ მოჩანს, ვიდრე ვაკის, ანდა ფუნიკულორის მიმდებარე ტყეპარკებში.
ამ ყველაფერს ერთი, საკმაოდ სერიოზული საფიქრალიც ახლავს. როცა ქალაქისათვის მიყენებულ ზარალზე ვლაპარაკობთ, გვერდს ვერ ავუვლით იმას, თუ როგორ აზიანებენ მუშები და ხელოსნები მოედნებზე ქვაფენილს სპეციალურად საკონცერტო სცენების მოწყობისას. კონცერტის შემდეკ კი ასობით სახელდახელოდ ჩარჭობილი პალოსგან ამოყრილ ქვებს, ასევე სახელდახელოდ აბრუნებენ „თავის ადგილზე“. ამის გამოა, რომ წელიწადში რამდენიმე რემონტის ჩატარება გვიწევს. საახალწლო ზეიმის მოწყობაში ღამე ნათევ და თბილისსა და თბილისელებზე მზრუნველ მერიას უნდა მოვახსენოთ, რომ ერთჯერადი გართობისა კონცერტის გამო, საკუთარ ქალაქს ასე უდიერად სხვაგან არსად ექცევიან. უყვართ, პატივს სცემენ და იმიტომ!
ვიღაც ალბათ იტყვის, ამ საახალწლოდ რა დროს საყვედური და წვრილმანებში კირკიტიაო?! ჯერ ერთი, ეს ყველაფერი არც თუ ისე წვრილმანია და მეორეც: — კარგი იქნება, ისედაც ყოველდღიური ყოფით გადაღლილ საზოგადოებას სწორედ საახალწლოდ, ამ ყოფას თუარ შეუმსუბუქებს — ქუჩაში მაინც ნუ დაუმძიმებს ქალაქის მერია!