გოგა პიპინაშვილის „Дай Бог каждый год, новый год!“

გამოწერა
სცენაზეც ბევრი რამ ხდება და ამას, მაყურებელი ვერ ხედავს! როცა მსახიობი სცენაზე დგას, მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა 100 გრადუსია, ცელსიუსით. ამ ყველაფერზე მსახიობი გოგა პიპინაშვილი გვიამბობს.

ვისაც იუმორი ესმის, ვისაც ხუმრობა შეუძლია, წარმოუდგენელია ახალი წლის დღეებში არ გაახსენდეს თუმანიშვილის თეატრის უნიჭიერესი მსახიობი, თავისი ხელობის დიდოსტატი, გოგა პიპინაშვილი და მის მიერ შესრულებული ოსეფას როლი, სპექტაკლში „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“. მისი იმპროვიზაციის უნარი, თავისუფლების შეგრძნება, უზადო და დახვეწილი იუმორი, ნებისმიერ მაყურებელს კარგ ხასიათზე დააყენებს და სიცოცხლის ძალას შთაბერავს. გოგა პიპინაშვილის „Дай Бог каждый год, новый год!“ და მხიარული ისტორიები, ექსკლუზიურად ჩვენი  მკითხველისათვის.

 —გოგა, იუმორი ნაწილობრივ განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებას…

—სად მაქვს იუმორი? დავკარგე! მქონდა გოდრით და ინტერვიუებში დავცალე!

© www.geocinema.ge"იუმორინა" - გოგა პიპინაშვილი
იუმორინა - გოგა პიპინაშვილი - Sputnik საქართველო
"იუმორინა" - გოგა პიპინაშვილი

-სცენის მიღმა, ხომ ხდება მხიარული ისტორიები, რომელიც მაყურებელმა არ იცის?

—სცენაზეც ბევრი რამ ხდება და ამას, მაყურებელი ვერ ხედავს! როცა მსახიობი სცენაზე დგას, მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა 100 გრადუსია, ცელსიუსით. ამ დაძაბულ ვითარებაში, პაწაწინა ქინძისთავიც, რომ დაუვარდეს ვინმეს, საშინელ რეაქციას იწვევს. მაგალითად, ერთი მსახიობი თამაშობდა ხუცეს, რომელსაც სამღვდელო პირის კაბა ეცვა. ეტყობა, ფეხსაცმლის გამოცვლა ვერ მოსწრო და როცა, ერთ-ერთ ეპიზოდში დაიჩოქა, კაბა აეწია და „ადიდასის ბოტასები“ გამოუჩნდა. სიცილისაგან სული ძლივს მოვითქვით, რეაქცია კარგად დავმალეთ და მაყურებელი ვერ მიხვდა. 

-ამიტომ მიყვარს ეს უხილავი ფარდა მაყურებელსა და სცენაზე მდგომ მსახიობებს შორის, სადაც არტისტის ოსტატობაზეა დამოკიდებული, როგორ შენიღბავს მოულოდნელად დაბადებულ სასაცილო სიტუაციებს. აბა ის, რომ „გაფუჭდეს“ და ეს მაყურებელმა დაინახოს, მტრისას, ცეტი მსახიობის ყურება! 

—თუმანიშვილის თეატრში დავიბადე, როგორც მსახიობი, აქ გავიზარდე, აქ ვბერდები და ბევრი „ხულიგნობა“ ჩამიდენია. არის ჟანრი, სადაც ტექსტით და ქმედებითაც შეგიძლია იმპროვიზაცია! გააჩნია პიესას, ხომ? ავიღოთ ვოდევილი, სადაც იმპროვიზაციას, თავისუფლებას უფრო მეტი გასაქანი აქვს. თითქოს იოლია ვოდევილში თამაში, მაგრამ ყოველ სპექტაკლზე ბეწვის ხიდზე გადიხარ, ვინაიდან, ამ დროს ზედმეტი „ხულიგნობა“, სცენურ არსს ანგრევს. ძალიან ბევრი ისტორიის გახსენება შემიძლია… მოსაყოლად უხერხულია, მაგრამ ახალი წელია და გავილაღებ: ერთხელ, გაყინულ დარბაზში ვთამაშობდით სპექტაკლს, „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“. ხალხი ლაბადებით და ქუდებით იჯდა. ახლა, წარმოიდგინე, რა ხდებოდა სცენაზე! ვლაპარაკობდით და პირიდან ორთქლი ამოგვდიოდა. მოკლედ, საშინელი სიცივე იყო. სცენებს შორის პატარა შუალედი მქონდა და სამსახიობო ფოიედან, რეკვიზიტით გავსებულ ოთახში შევედი და რას ვხედავ! რეკვიზიტორი ჩაიდანში წყალს  ადუღებს და ამ ორთქლზე თბებიან. უცებ,  შევამჩნიე ღამის ქოთანი, სუფთა და გაპრიალებული. რაღაცა შემიჩნდა, მხიარულ ხასიათზე დავდექი! ლამბაქზე, ჩაიც უხვად ეყარა. ბოლოს და ბოლოს ჩაიდანი ათუხთუხდა, ადუღებული წყალი ღამის ქოთანში ჩავასხი, მერე ჩაიც ჩავყარე და თავსახური დავაფარე… ასე, რომ სცენაზე ღამის ქოთნით შევედი! იწყებოდა ეპიზოდი, სადაც ოსეფა ეძახის თავის მოახლეს, რომელსაც თამუნა გეგეჭკორი თამაშობდა. სხვა ეპიზოდის ტექსტი გამოვიყენე და ღამის ქოთანს თავსახური ავხადე, ყველამ — თამუნამ და მაყურებელმაც ეს ოხშივარი დაინახა. ასეთი ტექსტი მაქვს: „ეს ვისი ნაქნარია?“ და დავუმატე: „მოდი, გამომართვი!“

—რა მოუვიდა თამუნას, წახდა?

-წახდა რომელია, ისტერიკა ჰქონდა! ხელი ვერ მოკიდა ამ ღამის ქოთანს და მერე, მეორე ეპიზოდში გაიტანეს. ეს არის იმის მაგალითი, როცა ერთი მსახიობი, მეორეს ეხუმრება.

—სხვანაირი ხუმრობაც არსებობს?

-დიახ, ჩემო ბატონო! არსებობს ბოროტი ხუმრობაც! ამ ვოდევილში, ეპიზოდი მაქვს, როცა ჩემი ოსეფა ბოძზე ძვრება. საერთოდ ამ სპექტაკლზე, ადრე მივდიოდი, ვინაიდან რთული გრიმის გაკეთება მიწევდა და ამ გრძელ პროცედურას, დრო სჭირდება. სანამ გრიმს გავიკეთებდი, მანამ სცენაზე ავდიოდი და ბოძს ვამოწმებდი — როგორ იყო დამაგრებული! ერთხელ, ჩვეულებრივ ადრე მივედი, შევამოწმე ბოძი, სიმღერის რეპეტიციაც გავიარე და საგრიმიოროში წავედი. დაიწყო სპექტაკლი და ბოძზე ასვლის დროც მოახლოვდა, უცებ ეს ბოძი დაიძრა და დატრიალდა, თან ისე, რომ პირველ რიგში მსხდომ მაყურებლებს ორჯერ გადავუფრინე. ისეთი შიში ვჭამე, რომ არ დამავიწყდება! 

© მ. ტურიაშვილიგოგა პიპინაშვილი
გოგა პიპინაშვილი - Sputnik საქართველო
გოგა პიპინაშვილი

-ვინ გააკეთა, ვერ გაარკვიე?

—იმ საღამოს ძალიან გავბრაზდი, მინდოდა გამერკვია, თუ ვინ ჩაიდინა ეს ვითომ ხუმრობა, მაგრამ სანამ გამოვიცვლიდი, თითქმის ყველა წასული იყო! საქმის გასარკვევად, მეორე დილით თეატრში ადრე მივედი, მაგრამ ამ ამბავზე უკვე მეცინებოდა: წარმოვიდგინე, როგორ დავფრინავდი და ვიძახდი „ვაი, ვაი…“

ამ სპექტაკლს, ყოველთვის ახლდა განსაკუთრებული ხულიგნობა, რომელსაც ხან ვგეგმავდით, ხან სპონტანურად ვაკეთებდით. არ დამავიწყდება ერთი ისტორია, რომლის შემდეგ მსახიობმა სპექტაკლი ვეღარ გააგრძელა. ამ მსახიობისთვის წვენს ამზადებდნენ — ვითომ ღვინოა და წარმოდგენაში უნდა დაელია. შევედი, რეკვიზიტორებთან და დავინახე, ძირ-წაჭრილი შამპანურის ბოთლი. რეკვიზიტორს ვეუბნები: „რას მიქვია პატარა ჭიქა, მოდი დიდი სასმისით დავალევინოთ!“ ამ ბოთლს თავზე დავახურე და ამოვატრიალე — გამოვიდა უზარმაზარი ბოკალი. მერე, აღვშფოთდი: „რა წვენს უკეთებთ! ცოდოა ის ბიჭი!“ და მე დავიწყე მომზადება: ავიღე თითქმის ნახევარი კილოგრამი შაქარი და თბილ წყალში ისე კარგად ავურიე, რომ უზარმაზარი, სქელი ქაფიც მოიგდო! მოკლედ, წებო გავაკეთე, რა! მერე, მოვძებნე რევოლვერი, მივეცი ზურა გეწაძეს, რომელსაც სპექტაკლში ჩოხა-ახალუხი ეცვა და ვთხოვე: „ეს იარაღი ქამარში ჩაიდე, თუ არ დალია და წინააღმდეგობა გაგიწია, პირდაპირ ფეხებში დაუმიზნე!“ ზურა ამყვა და მითხრა: ყველაფერს გავაკეთებო.

—გია როინიშვილს უმზადებდი, ამ ოინს?

—დიახ!.. დაიწყო ეპიზოდი, გიას ხელში ეს ბოკალი უჭირავს და იძახის: „არ ვსვამ, არ სვამ!“ — ჭიქაზე ხელი მიეწება და მიხვდა, რომ ტკბილია! ამ დროს ზურამ იარაღი დააძრო და ფეხებში ესროლა. ისეთი ხმა გავარდა, რომ მას მართლაც შეეშინდა — უცებ მოიყუდა და  ამ „ნაღებით“ პირი ამოევსო. ესე იგი, ტუჩები მიეწება, ხმას ვეღარ იღებდა… მერე, როცა კულისებში გამოვიდა, კარგად გამოირეცხა პირი, მაგრამ ვერ ლაპარაკობდა. „რა დამალევინეთ?“ ამასაც ვერ ამბობდა!

- გოგა, მახსენდება შენი ოსეფას ერთი ფრაზა: „Дай Бог каждый год, новый год!..“ ამ სპექტაკლში, როგორ გაჩნდა ეს ფრაზა?

-ამ წარმოდგენისთვის გამოთქმებს ვაგროვებდი, ვიწერდი… შემდეგ, რომელიც მომეწონებოდა, სპექტაკლში ვიყენებდი. ერთხელ, ზაზა მიქაშავიძემ მოყვა მეზობელ სეროჟაზე, რომელიც თურმე ამბობდა: „Дай Бог каждый год, новый год!“ ძალიან მომეწონა ეს ფრაზა, მოვძებნე ადგილი და სპექტაკლში ჩავსვი. ამის მერე, ამ წინადადებაზე, მაყურებლის სიცილ-ხარხარი არ ცხრებოდა! ჰოდა, შენ და მკითხველსაც მინდა გითხრათ: „Дай Бог каждый год, новый год!“

© www.geocinema.geგოგა პიპინაშვილი
გოგა პიპინაშვილი - Sputnik საქართველო
გოგა პიპინაშვილი


 

ყველა ახალი ამბავი
0