თბილისი, 1 იანვარი — Sputnik. უკრაინის მოქალაქის ახალი პასპორტის გაცემა პლასტიკური ბარათის (ID-ბარათი) სახით 2016 წლის 1 იანვრიდან იწყება. ახალი დოკუმენტ ორი სახეობის იქნება: ელექტრონული ჩიპებით ჩანაწერისთვის, მათ შორის ბიომეტრიული მონაცემების და ჩიპების გარეშე. 2016-2020 წლებში იმოქმედებს ამჟამად მოქმედი ქაღალდისა და პლასტიკური შიდა ბარათები.
როგორც ხელისუფლება ირწმუნება, პლასტიკური ბარათები სახელმწიფო სერვისის ახალი სახეობების ხელმისაწვდომობისთვის იქნება საჭირო და მას დროთა განმავლობაში მრავალი დოკუმენტის შეცვლა შეეძლება.
თუმცა, სადღესასწაულო დღეების გამო, პლასტიკური პასპორტების უშუალო გაფორმება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციულ სამსახურში 2016 წლის 11 იანვარს იწყება. უკრაინის პრეზიდენტმა ახალ წესს „უკანასკნელი „მშვიდობით!“ საბჭოთა კავშირს“ უწოდა, რადგანაც ძველი უკრაინული პასპორტი საბჭოთა დოკუმენტის ტიპის იყო.
ახალი პასპორტი
პირველი დოკუმენტი შტამპით „უკრაინის მოქალაქე“ 1917 წელს, უკრაინის დემოკრატიული სახალხო რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ გაჩნდა. საბჭოთა პერიოდში უკრაინელები სსრკ-ის მოქალაქის პასპორტებით სარგებლობდნენ, ხოლო 1991 წელს, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, პასპორტის ნიმუში რადენჯერმე დაამტკიცეს. საზოგადოებრივი ორგანიზაცია „უკრაინის ამომრჩეველთა კომიტეტის“ მონაცემებით, 30 ათასამდე უკრაინელ მოქალაქეს დღემდე შეუძლია საბჭოთა ტიპის პასპორტით სარგებლობა.
ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ახალ პასპორტ-ბარათზე გადასვლა ხუთი წლის განმავლობაში განხორციელდება, მათი გაცემა ადამიანის დაბადებიდან მოხდება და ყოველ ათ წელიწადში განახლდება. ამასთან, ელექტრონულ ჩიპზე დუბლირებული იქნება ბლანკზე არსებული ინფორმაცია პასპორტის მფლობელზე: ფოტო, სახელი, მამის სახელი, გვარი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი და ადგილი და გაციფრებული ხელმოწერა. ინფორმაცია უკრაინულ ენაზე დუბლირებული იქნება ინგლისურ ენაზე. ID ბარათზე მონაცემები საცხოვრებელი ადგილის, ეროვნების, რელიგიური კუთვნილების შესახებ არ იქნება.
პასპორტი მოქალაქეს 100-160 გრივნა (მიმდინარე კურსით დაახლოებით შვიდი აშშ დოლარი) დაუჯდება. უფასოდ ID ბარათის მიღება შეეძლება იმას, ვინც პირველად იღებს პასპორტს, ვინც პასპორტის მონაცემებს ცვლის, ასევე ძველი პასპორტის მფლობელს, რომელიც 25 ან 45 წლის გახდა, დაანარჩენ შემთხვევებში პასპორტის გამოცვლა ფასიანი იქნება.
პლასტიკური ბარათი 400 კილობაიტზე მეტ ინფორმაციას დაიტევს, მათ შორის ფოტოგრაფიას, ადამიანზე ზოგად მონაცემებს, ხოლო პერსპექტივაში ელექტრონულ მატარებელზე შესაძლებელი იქნება ინფორმაციის დატანება საიდენტიფიკაციო კოდის, საგადასახადო ისტორიის, სამედიცინო და სხვა მონაცემების შესახებ.
ასევე დაგეგმილია ჩიპზე სოციალური დაზღვევის, ავტომობილის მართვის მოწმობის ინფორმაციის განთავსება. სახელმწიფო სერვისების განვითარების შესაბამისად, ელექტრონული ბარათი მათზე წვდომის შესაძლებლობას მიიღებს, რამაც დროთა განმავლობაში უკრაინელებისთვის სახელმწიფო მომსახურების მიღება უნდა შეამსუბუქოს. ამ დოკუმენტის საშუალებით ელექტრონული სახით სხვადასხვა ოპერაციის განხორციელება იქნება შესაძლებელი. თუმცა, მანამდე, ასეთი ქმედებებისთვის სახელმწიფო მომსახურებების ელექტრონული გასაღებია გასაფორმებელი. ყველაფერ დანარჩენში ბარათი ჩვეულებრივი პასპორტის ანალოგიური იქნება.
შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის განცხადებით, ელექტრონულ მატარებელზე ინფორმაციის დაცულობისთვის უახლესი ტექნოლოგიები გამოიყენება, მათი გაყალბება, ფაქტობრივად, შეუძლებელია, მათ დაცვის დონეების უზარმაზარი რაოდენობა გააჩნიათ. ასეთი პასპორტის მოპარვის ან დაკარგვის შემთხვევაში, მისი გამოყენება ბევრად უფრო რთული იქნება, რამდენადაც ინფორმაციის წაკითხვა ერთიანი კომპიუტერული სისტემით განხორციელდება.
ბიომეტრიული მონაცემები
უკრაინა, რომელმაც გასული წლის ივნისში ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი, აცხადებს, რომ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისკენ ისწრაფვის. უკრაინის ხელისუფლება ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღებას უკვე 2016 წელს ვარაუდობს. ამისთვის ევროპელები კიევისგან კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერებას, საზღვარზე რეფორმების გატარებასა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ევროპულთან შესაბამისობაში (ბიომეტრიული ID ბარათის მსგავსი) მოყვანას მოითხოვს.
კანონი ითვალისწინებს ელექტრონულ ჩიპზე ადამიანის ბიომეტრიული მონაცემების შეტანას — თითების ანაბეჭდს, სახის, დნმ-ის, ხელისგულის, თვალის ბადურისა და სხვა ამოცნობის სქემას. ამასთან, ეს ზომა ნებაყოფლობითია. თუ ადამიანი, რელიგიური თვალსაზრისით, ჩიპიან პასპორტზე უარს იტყვის, ანალოგიური დოკუმენტის მიღებას ელექტრონული მატარებლის გარეშე შეძლებს. ამ შემთხვევაში თავად ბარათზე სპეციალური ნიშანი გაკეთდება.
ბიომეტრიული მონაცემებით საზღვარგარეთის პასპორტების გაცემა უკრაინაში ჯერ კიდევ 2015 წლის დასაწყისში დაიწყო. ეს პასპორტი ორი სახის გაიცემა — ელექტრონული ჩიპით და მის გარეშე. გარდა ამისა, საზღვარგარეთ გასასვლელად ბავშვებისთვის დაბადებიდანვე შეიძლება ამგვარი პასპორტის გაფორმება, თუმცა, 16 წლამდე ბავშვებისთვის პასპორტი ოთხი წლის ვადით გაიცემა. თითების ანაბეჭდების სკანირება უკვე 12 წლიდან დაიწყება და მხოლოდ — მშობლების ნებართვით.
უკანასკნელი „მშვიდობით! საბჭოთა კავშირს
პოროშენკო ახალი პასპორტების შემოღებას, ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში, უკრაინის ისტორიაში საგანგებოდ მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევს.
„ის, რაც დღეს ვნახეთ — საიდენტიფიკაციო ბარათების სახით უკრაინის პასპორტების დამზადების დაწყება — ეს ნამდვილი რევოლუციაა. ეს არის უკანასკნელი „მშვიდობით!“ საბჭოთა კავშირს“, — განაცხადა პრეზიდენტმა ახალი პასპორტების ბლანკების დაბეჭდვის პროცესის გაცნობისას.
ამასთან, პოლიტიკურ-სამართლებრივი რეფორმების ცენტრის ექსპერტი ვიქტორ ტიმოშჩუკი მიიჩნევს, რომ ჩინოვნიკები პასპორტების გაცემაზე ისევ საკუთარი ჯიბის გასქელებას შეძლებენ, და ადამიანებს კვლავ რიგებში დგომა მოუწევთ. თუმცა ამის თავიდან არიდება შესაძლებელია.
„აი, მაგალითად, გერმანიაში, მათ ID-ს თუ შევხედავთ, უკანა მხარეს საცხოვრებელი ადგილი აწერია. თუ ეს ინფორმაცია იცვლება, ახალი ID-ს მიღება აუცილებელი არ არის, უბრალოდ, ასეთივე მცირე ზომის ქაღალდის ეტიკეტი მზადდება, ზემოდან ის წებოვანი ფირით იხურება. და ეს ადამიანს არაფერი უჯდება“, — განუცხადა ტიმოშჩუკმა უკრაინულ გამოცემა „სეგოდნიას“.