აუცილებლად მიდით, იცოდეთ, გელიან

© photo: Sputnikსაახალწლო თბილისი
საახალწლო თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადამიანური ისტორიები!

ვახტანგ ხუნდაძე

ამ დღეებში, სპუტნიკი —საქართველოს პორტალზე, ჩემი მეგობრის, ვახტანგ კობაიძის მოგონება —„ნაადრევი „ახალი წელი“ ანუ თბილისური ეზოს მადლი“ გამოქვეყნდა. ჟურნალისტმა გაიხსენა ამბავი, რომელიც ახალი წლის წინა დღეებში მთაწმინდაზე, თხინვალის შესახვევის 11 ნომრის მობინადრეებს გადახდათ. იქაურებმა, თავიანთი ოპტიმიზმითა და გაუტეხლობით, სახტად დატოვეს საშველად მისული მეხანძრეები და რაიონის მესვეურები. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მაშინ, დახანძრული სახლის ეზოში, წინასწარ, ვადამდე აღნიშნეს ახალი წელი. მეკვლეც ჰყავდათ და მადლიერების განცდაც ჰქონდათ — ყველაფერი რომ უმსხვერპლოდ დამთავრდა. ერთი წლის შემდეგ, 1983 წლის დეკემბერში, მეხანძრეებთან ერთად ახალი წლის აღნიშვნის მოთავე, საოცრად კოლორიტული და ყველასგან დაფასებული პიროვნება, ოთარ ჯაფარიძე მოულოდნელად გარდაიცვალა. ახალ წლამდე ხუთი დღით ადრე დავკრძალეთ ბატონი ოთარი. ქელეხის შემდეგ, ბიჭები (მაშინ, ჯერ კიდევ ბიჭები გვეთქმოდა) ოჯახებში წავედ-წამოვედით.

წლის ბოლოსთვის დამახასიათებელ ფუსფუსში, დრო უცებ გაფრინდა და ახალი წელიც მოგვადგა. სამსახურიდან შინ გვიან მისულს, მშვენიერი სუფრა დამხვდა გაშლილი. მე და ჩემი მეუღლე აპრილში პატარას ველოდით და გამორჩეულად კარგ ხასიათზე ვიყავით 1984 წლის მოლოდინში. ჩვეულებისამებრ, საათზე ადრე, თოფის სროლამ გვამცნო ახალი წლის დადგომა. შედლუხი კარგა ხანს გაგრძელდა და, ცოდვა გამხელილი ჯობსო, მეც არ დავაკელი ხელი. ცოტა ხანში, ახალგაზრდები შინიდან გავიკრიფეთ — ყველა თავის გზით წავიდა. მეც მოვკიდე ხელი ფეხმძიმე ცოლს, სიდედრ-სიმამრი, სადღესასწაულო გადაცემის იმედად, ტელევიზორს ჩავაბარე და ქუჩაში გამოვედით. წინასწარ არ გვქონდა გადაწყვეტილი, პირველად ვისთან მივიდოდით და, საერთოდ, რა თანმიმდევრობით მივულოცავდით ახლობლებს ახალი წლის დადგომას. მანქანაში რომ ჩავსხედით, მორიდებით შევაპარე ჩემი სურვილი — ჯაფარიძეებთან ავიდეთ, მგლოვიარედ არიან, დღეს მაგათ ყველა მოერიდება და ჩვენ მაინც მივულოცოთ-მეთქი. მორიდება იმიტომ დამჭირდა, რომ ფეხმძიმე ქალს შეიძლება სულაც არ მოსწონებოდა ახალი წლის დადგომისთანავე მწუხარე ოჯახში მისვლა. არც დაფიქრებულა, ისე დამთანხმდა, ძალიან კარგს ვიზამთო.

ორი საათი ახალი დაწყებული იყო, ჯაფარიძეების კარზე რომ დავაკაკუნეთ. აღარც მახსოვს, ვინ გაგვიღო. შევედით, მივულოცეთ. ვხედავ, მოწყენილები სხედან ნუნუ დეიდა, რამაზი და მისი მეუღლე — ლალი, მარიანა… ნელ-ნელა ხასიათი შეეცვალათ. საუბარს ღიმილიც გამოერია, ჭურჭელი ახმაურდა, სუფრა გახალისდა და დავიწყეთ. მალე ირაკლი შემოგვიერთდა — ოჯახის უფროსი შვილი, ფიგურული სრიალის ქართულის სკოლის ბურჯი. დალოცვილმა კახურმა თავისი ქნა — აგვალაპარაკა, აგვაჭიკჭიკა, ხასიათი გამოგვიკეთა. ცოტა ხანში ყველაფერი დალაგდა — ხსოვნა, ახალი წელი, ხვავი და ბარაქა, ძეობის სურვილი, სიყვარული, მეგობრობა… ორი საათი საკმარისი აღმოჩნდა, იმედის ვეებერთელა მარცვალი გაღვივებულიყო. დავემშვიდობეთ მასპინძლებს და შინ დავბრუნდით. სხვაგან წასვლა აღარ მოგვიწადინებია. ბედნიერები ვიყავით: ჩანაფიქრმა გაგვიმართლა, ოჯახში ხალისიანმა განწყობამ, იმედმა დაიბუდა. 

რატომ გავიხსენე ეს ამბავი. სიკვდილ-სიცოცხლე განუყრელნი არიან და ვერ განსაზღვრავ, როდის და სად ჩამოჰკრავს მწუხარების ზარი. და მაინც, ახალი წლის წინ რომ გავიგებ, მავანი და მავანი გარდაიცვალაო, განსაკუთრებით მებრალება ჭირისუფალი. ძვირფასი ადამიანის წასვლას ემატება თალხ ფერებში გათენებული ახალი წელი, რომელსაც, აგერ, ახლა, ვინ იცის, რა გეგმებით, რა  იმედით ელოდნენ. მერწმუნეთ, ამ მგლოვიარე ადამიანებს, ყველაზე მეტად ჭირდება თქვენი ნუგეში და თანადგომა. აკი, ლხინში ხშირად იყავით ერთად. მოდი, გვერდზე გადავდოთ ცრურწმენით გაჯერებული ეჭვები და,თუ სადმე წავალთახალი წლის მისალოცად, უწინარესად მათთან მივიდეთ, ვისთვისაც ჩვენი დანახვა, ჩვენგან მოფერება ყველაზე დიდი ნუგეში იქნება. მერწმუნეთ, ეს ნაბიჯი, ეს სტუმრობა არასდროს დაგავიწყდებათ.

ახალი, 2016 წლის მობრძანებას გილოცავთ, ძვირფასო მეგობრებო, სიკეთის ქმნა დაგებედოთ!


ყველა ახალი ამბავი
0