ირმა ლეჟავა
კინო მაინცდამაინც არ სწყალობს პერიფერიებში მომუშავე მსახიობებსო, — ამბობს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი მანუჩარ შერვაშიძე. თუმცა ბევრი მათგანი საქართველომ სწორედ თავისი კინოგმირებით გაიცნო და შეიყვარა. ახალი 2016 წელი მოგვადგა კარს და ქართული საახალწლო ფილმების „გმირებს“ შევეხმიანეთ. მანუჩარ შერვაშიძეს ბათუმში დავურეკეთ:
- გამარჯობა, ბატონო მანუჩარ. ცოტა ხნით მოგაცდენთ. რეჟისორ რეზო ესაძის „ნეილონის ნაძვის ხე“ გვინდა, გავიხსენოთ, ფილმი, რომელიც თემატურად და აქტუალობით ნამდვილად შეესაბამება დღევანდელობას…
— ფილმის შინაარსი ხომ გახსოვთ? – 31 დეკემბერს ავტობუსში შემთხვევით მოხვედრილ ადამიანებს არაფერი აერთიანებთ — არც რწმენა, არც ზნეობა, არც მიზანი, თითოეული თავის საზრუნავით არის დაკავებული. ისინი ვერასდროს მოხვდებიან ოცნების ავტობუსში და მათი ნაძვის ხე მუდამ ნეილონის იქნება… საოცარი ის არის, რომ 31 დეკემბერს ხდება მოქმედება და იმდენად გაიწელა გადაღება, რომ მოვიდა მაისი. გადაღება გორში მიმდინარეობდა და ჩვენც იქვე, სასტუმროში ვცხოვრობდით. აყვავდა ტყემალი, ატამი… ბოლოს ფილმის ოპერატორმა ლევან პაატაშვილმა ასეთი რამ მოიფიქრა: მისი კამერა იდგა ავტობუსში, იქ იღებდა. მოაყვანინა სამხედრო მანქანა, „მასკიროვოჩნი“ ბოლს რომ უშვებდა, უკან ჩვენი ავტობუსი მიჰყვებოდა, რაც შიგნიდან გადაღებისას ზამთრის ასოციაციას იწვევდა. ერთგან შევისვენეთ და ერთ-ერთი სამხედრო გვეკითხება, — „ჩტო ვი დელაიტეო?“ ვუთხარი: კინოს ვიღებთ-მეთქი. — მერე არ იცით,, ეს ბოლი რომ მოგწამლავთო?— გაგიჟდა კაცი. გადაღების შემდეგ, სასტუმროში რომ დავბრუნდით,საშინელ დღეში ჩავცვივდით ყველანი — მართლა მოვიწამლეთ… კიდევ ბევრი თავგადასავალი გადაგვხვდა ასე — „ნეილონის ახალი წლის“ განმავლობაში.
- ნამდვილ! ახალ 2016 წელს სად და როგორ ხვდებით?
- გადასარევად ვხვდები: დაბადებიდან — ოჯახში, ასე რომ, წელსაც ოჯახში, ჩემს მეუღლესთან — ბათუმის თეატრის მსახიობ, საქართველოს სახალხო არტისტ ნინო საკანდელიძესთან ერთად შევხვდები. თანაც, საიუბილეო თარიღი გვაქვს — 60 წელიწადია, შეუღლებულები ვართ. ოჯახის მეკვლე მე ვარ. ახალი წლის დადგომამდე 5 წუთით ადრე ჩემი მეუღლე ხილით, ტკბილით, კანფეტებითა და ფულით მაგდებს ხოლმე შინიდან. მერე, როცა დამიძახებს, — შემობრძანდიო, კარს ვაღებ და ვილოცები: შემოვდგი მარჯვენა ფეხი, გწყალობდეთ მაღალი ღმერთი. სიმდიდრე, ხვავი და ბარაქა ნუ მოაკლოს ჩემს ოჯახს-მეთქი. ჩემი მეუღლე ლექსებს წერს — მე მიძღვნის და დღესასწაულზე მიკითხავს ხოლმე. ერთის ნაწყვეტს თქვენც წაგიკითხავთ:
„სიბერე მოვიდა, მანუჩარ, რომელიც გვამშვენებს მეტად,
სიმდიდრე, შენც იცი, რაცა გვაქვს — განვლილი ეს წლები ერთად,
ერთი სიხარული და აღმაფრენა, ერთი დაფიქრება და დარდი,
არ იყო არასდროს ღალატი, რაც იყო, ის იყო ნაღდი.
ვიწვალეთ, ვიჯაფეთ, ვიშრომეთ, უქნარებს ვუცქერდით ზიზღით,
ფარ-ხმალის დაყრა არ გვიყვარდა, აზიდვა ვიცოდით ტვირთის.
გავუძლოთ, გავუძლოთ, — ვიძახდით, დროც ჩაგველია ფიქრით,
მომავალს შევყურებთ იმედით, დაღლილი გულით და ფიქრით“…
-შესანიშნავია, ბატონო მანუჩარ. ახალ 2016 წელს როგორ მიულოცავთ საქართველოს?
- ღმერთმა ბედნიერად ამყოფოს ჩემი ხალხი. ვენაცვალე ყველას. სიმდიდრე ნუ მოკლებოდეს, ჯანმრთელობა, გამრავლება, ყველას ვულოცავ, განსაკუთრებით ვულოცავ ჩემს ბათუმლებს; განსაკუთრებით ვულოცავ ჩემს ქალიშვილს, შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს. და კიდევ, ყველაზე მეტად ვულოცავ ჩემს უსაყვარლეს მეუღლეს ნინო საკანდელიძეს.
- იდღეგრძელეთ და იხარეთ — თქვენც გილოცავთ!
მეორე „გმირი“ წლებია, მთელი საქართველოს მეკვლეა (განსაკუთრებული სიხშირით სწორედ საახალწლოდ უჩვენებენ მისი მონაწილეობით ფილმს — რეჟისორ გურამ პატარაიას „კუჩხი ბედინერს“) — ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობ გოვენ ჭეიშვილს ქუთაისში ტელეფონით დავუკავშირდი.
- მოგესალმებით, ბატონო გოვენ. ცნობილი მეკვლე ბრძანდებით და წინა საახალწლოდ ამიტომაც გაწუხებთ.
- ჩემი გმირი — კოჩია თავის ბროლიასთან ერთად მართლაც ძალიან პატივსაცემი პიროვნება გახდა.
- ბროლია საიდან მოიყვანეთ?
- პატრონიანი ძაღლი იყო და იმდენად ნიჭიერი და არტისტული, რომ პატრონი რასაც ეტყოდა, ჩვენზე უკეთ ის აკეთებდა. მოკლედ, დუბლს არ აფუჭებდა.
— ისე, ბატონო გოვენ, მეკვლისთვის მართლა დიდი მნიშვნელობა აქვს „ტექსტს“?
- აბა, რა? ტექსტსაც დიდი მნიშვნელობა აქვს და მეკვლესაც.
- გახსოვთ, ოჯახებში რა ტექსტით გხვდებოდნენ?
- ჰოო… „ვინც არ უნდა იყო მანდ, მდიდარი თუ ღარიბი, მაშვრალი თუ… (ფიქრობს და ვერ იხსენებს) სიხარულით გიღებ კარს, შენი ბედი დამებედოს!“ მერე შერბოდა ბროლია და მე ვყრიდი „კაფენტს“.
- ალბათ ფილმმა პოპულარულ მეკვლედ გაქციათ. როგორი ფეხი გქონდათ?
- სადაც შევედი და გაუთხოვარი ქალი დამახვედრეს, ყველა გავათხოვე.დღესაც მეხვეწებიან მეზობლები, ჩვენთან შემოდიო. ერთხელ ვკითხე, კი მაგრამ, ვინ გყავთ ამდენი, გასათხოვარი-მეთქი?
- რამდენიმე წლის წინ რომ გესაუბრეთ, მითხარით, ოჯახში ვხვდები ახალ წელს და ჩემი უმცროსი ვაჟია მეკვლეო. წელს სად და როგორ ხვდებით?
- საახალწლო ტრადიციად მართლაც ოჯახში შეხვედრა მქონდა. მაშინ ბედნიერი კაცი ვიყავი, მეუღლე ცოცხალი მყავდა. არც ახლა მინდა სახლის გამოკეტვა, მენანება, შვილები კი მეხვეწებიან, ჩვენთან ჩამოდიო — ბორჯომში და თბილისში ცხოვრობენ, მარტო რა უნდა აკეთოო. არვიცი, რას გადავწყვეტ.
- თუ შინ დარჩით, მეკვლე ვინ იქნება?
- ატყდება რეკვა და ვნახოთ, პირველი ვინ მოვა. ადრე მეზობელი მოდიოდა ხოლმე, მეორე სართულიდან, სულ საჩუქრებს ვჩუქნიდი და უხაროდა, მაგრამ სხვაგან გადავიდა. საერთოდ, ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ ცუდი თვალის კი მჯერა. ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი, ოღონდ საკუთარ თვალზე ვლაპარაკობ. ქალს პირდაპირ კი არ ვუყურებ! თუ კოჭისკენ გავაპარე თვალი, იმ წუთას ფეხი აერევა. ჰოდა, რას ვერჩი, კაცო (იცინის)?
- რას უსურვებთ ამ ახალ წელს საქართველოს, მის მოქალაქეებს?
- რას უნდა ვუსურვებდე?— სიკეთეს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყველა ჩემიანს. მე ჯერ თუ ჩემიანს არ ვუსურვე, სხვას ვერაფერს ვუსურვებ; საკუთარი თავი თუ არ გიყვარს და შენიანები, სხვას ვერ შეიყვარებ; შენი ქვეყანა თუ არ გიყვარს, სხვას რა ფასი აქვს! მინდა, ბედნიერი იყოს, ბოლოს და ბოლოს, იმიტომ, რომ არ არის დასაკარგი ქვეყანა და არც ჩვენ ვართ დასაკარგი ხალხი, მით უმეტეს — ჩვენი ქალაქი ქუთაისი. ბევრი ვერც ხვდება, რა ქალაქში ცხოვრობს, რამდენი წლის ქალაქში და მინდა, რომ სიკეთე, სიყვარული, სიხარული, პირველ რიგში, ჩემს ქალაქში იყოს და მერე ქალაქში, სადაც 33 წელიწადი გავატარე და თუ რამეს წარმოვადგენ, სწორედ მისი დამსახურებაა — ჩემს თბილისში, მერე კი — მთელ საქართველოში.
ისე, რა შემოიღეს ეს —მაიმუნის წელიწადი მოდისო. ქართული დაგვავიწყდა? ჯერ მარტო ყველა დღეს და თვეს გასაოცარი ქართული სახელი ჰქვია. სუფრასთან რომ ვჯდები, სადღეგრძელოებს წინაპრებიდან ვიწყებ. ჭერის დღეგრძელობით კომუნისტები იწყებდნენ ქეიფს. ფესვი თუ არ არის და დედა ენა, რამეს ფასი აქვს? რა ვიცი, მე ასეთი ქართველი ვარ და… ისე, პასპორტში ეროვნებით „ქუთაისელი“მიწერია. ახალი წელი დგება და, ვისაც უნდა, მაიმუნურად იცხოვროს, ჩვენ კი ვიყოთ კაცურად. ვისურვებ, ერთმანეთისთვის თვალებში შეხედვის არ შეგვრცხვენოდეს და ერთმანეთი გვყვარებოდეს. ისეთი ამბები ხდება, მეშინია ეს გრძნობა არ დავკარგოთ და ამიტომ განსაკუთრებულად ისევ და ისევ სიყვარულს გისურვებთ.
- დიდი მადლობა, ბატონო გოვენ. მრავალ ახალ წელიწადს დაესწარით მშვიდობით.