თბილისი, 1 იანვარი — Sputnik. ჩვენ საქართველოს ჩვენი ოცნების ქვეყნად ვაქცევთ, განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავისუფლების მოედანზე საახალწლო მილოცვისას.
თავისუფლების მოედანზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, რომლებმაც ახალი წლის შეხვედრა გარეთ გადაწყვიტეს. საქართველოს პრეზიდენტი სცენაზე ახალი წლის დადგომამდე ერთი წუთით ადრე გამოვიდა და 2015 წლის ბოლო წამების დათვლაში მიიღო მონაწილეობა.
„ძალიან მინდა, რომ მომავალი წელი იყოს ბედნიერების, დღეგრძელობისა და გამარჯვების წელი. მომავალი წელი საქართველოს დამოუკიდებელობის აღდგენის 25 წლისთავია. ამ 25 წლის განმავლობაში ჩვენმა და ჩვენი მამების თაობამ ძალიან ბევრი შეძლო. შეძლო ის, რომ მოიტანა დღევანდელი საქართველო, ქართული ღირებულელები“, — განაცხადა პრეზიდენტმა.
„ის დამოუკიდებლობა, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ ჩვენ უნდა ვაქციოთ თავისუფლებად. თავისუფლება კი ნიშნავს, ვიყოთ ისეთები, როგორიც ვართ. თავისუფლება ნიშნავს, რომ დავივიწყოთ ის შუღლი, რომელიც გვქონდა. დავივიწყოთ ის შეცდომები, რომელიც გვქონდა. თავისუფლება ნიშნავს, გვიყვარდეს ერთმანეთი, გავხადოთ საქართველო ნამდვილად ისეთი, როგორზეც ჩვენი წინაპრები ოცნებობდნენ“, — განაცხადა მარგველაშვილმა.
ქართველ ხალხს ახალი წელი მიულოცა საქართველოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
„მივმართავ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და დებს! მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს ყველა მიღწევა, ყველა წარმატება თქვენიც არის, თუმცა, მხოლოდ ჩვენი ერთიანობით იქნება ეს წარმატება სრულყოფილი“, — განაცხადა კვირიკაშვილმა საახალწლო მილოცვაში.