თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. ისრაელის კომპანიის Elbit Cyclone წარმომადგენლებმა სს „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელებისთვის სამოქალაქო თვითმფრინავების მწარმოებელი ქარხნისა და მიმდებარე ტერიტორიის დიზაინის პრეზენტაცია გამართეს, — იუწყება საპარტნიორო ფონდი.
საპარტნიორო ფონდმა Elbit Cyclone-თან ერთად 2015 წლის სექტემბერში თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას დაუდო სათავე. მაღალტექნოლოგიურ ქარხანას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ააშენებენ.
შეხვედრაზე პროექტთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ თვითმფრინავის ნაწილებზე გაზრდილი საერთაშორისო მოთხოვნების გამო Elbit Cyclone ქარხნის ვადამდელი დასრულებით არის დაინტერესებული.
საპარტნიორო ფონდმა, თავის მხრივ, ისრაელის კომპანიის საპროექტო გუნდს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
Elbit Cyclone-ის წარმომადგენლმა მარკურ როზენტალმა დავით საგანელიძე ანალოგიური ქარხნის დასათვალიერებლად, სამუშაო ვიზიტით ისრაელში მიიწვია.
საქართველოს საპარტნიორო ფონდი ეკონომიკის სამინისტროსა და ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-თან ერთად ავიაინდუსტრიისთვის ნაწილების წარმოების ქარხნის შექმნის პროექტს ახორციელებს. პროექტის მიზანი 3 წლის განმავლობაში მაღალტექნოლოგიური, საერთაშორისო სტანდარტების შესატყვისი საწარმოს შექმნაა.
პროექტის თანახმად, ქარხნის მშენებლობა 2017 წლის ბოლოს დასრულდება, ხოლო 2018 წლის დასაწყისში პირველი სერტიფიცირებული პროდუქციის გამოშვება იგეგმება. ქარხანა სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილებს გამოუშვებს, მათ შორის კარებს, აეროდინამიურ ზედაპირებს, საკონტროლო პანელს და სხვა ნაწილებს. საწარმოში შექმნილი პრდუქციის მომხმარებლები საავიაციო ინდუსტრიის ისეთი მსხვილი მოთამაშეები იქნებიან, როგორებიცაა Boeing, Airbus, Bombardier და სხვა.
სამშენებლო სამუშაოებს Royal Development განახორციელებს, ხოლო ქარხნის ოპერირებას JSC Aerostructure Technologies Cylone (ATC) მოახდენს, რომელიც საპარტნიორო ფონდმა და Elbit Cyclone-მა ერთობლივად დააარსეს.
პროექტი, რომლის ღირებულებაც 85 მლნ აშშ დოლაარია, 300 ადგილობრივ მცხოვრებს დაასაქმებს. მათ ისრაელიდან ჩამოსული წამყვანი კვალიფიციური სპეციალისტები გადაამზადებენ. წარმოებული პროდუქცია მთლიანად ექსპორტზე იქნება ორიენტირებული.