სტალინის „დაბრუნება“ და ქობულაძის ფარდა

© http://www.ambebi.geმსახიობი იაკობ ტრიპოლსკი
მსახიობი იაკობ ტრიპოლსკი - Sputnik საქართველო
გამოწერა

  ვახტანგ კობაიძე

 95 წლის წინ, 31 დეკემბერს ფასანაურში დაიბადა იაკობ ტრიპოლსკი – რამდენ სიკეთეს და სითბოს იტევს ეს სახელი და გვარი, რამდენი  სიხარული მოუტანია მის ნათელ   კაცობას. თითოეულ ჩვენთაგანს, ვინც ერთხელ მაინც შესწრებია მისი ნიჭიერების გამობრწყინებას ქართულ სცენაზე, ვისაც ერთხელ მაინც მოუსმენია მისი ხავერდოვანი ხმა, ანდა, წუთით მაინც შეხვედრია ცხოვრებაში ამ საოცრად მართალ კაცს, არ შეიძლება ტკივილად არ დარჩენოდა მისი გარდაცვალება.

ეს ფოტო, რომელიც ძია იაშას უკანასკნელი სურათი აღმოჩნდა, მეგობრებთან ერთად, მამაჩემის 70 წლის იუბილეზეა გადაღებული. კარგად მახსოვს, იმღერა კიდეც. ესეც მისი ბოლო სიმღერა იყო. 

 ახლა რასაც გავიხსენებ,  მგონი, კარგად დაგვანახებს მის დიდბუნებოვნებას.

 1972 წელს უნივერსიტეტიდან მოსკოვში მივლინებით ვიყავი. იმავე დროს, ძია იაშა „მოსფილმში“, ცნობილ რეჟისორ იგორ ტალანკინთან, ფილმში „მიზნის არჩევა“, სტალინის როლზე იყო მიწვეული. ერთად ვცხოვრობდით სასტუმრო „მოსკვას“ აპარტამენტებში. ისე მოხდა, რომ მე მივლინება დავამთავრე, ძია იაშამ – გადაღება და თბილისისკენ მატარებლით ერთად გამოვემგზავრეთ. ზაფხული იყო, ძალიან ცხელოდა. ამას ისიც დაემატა, რომ მაინცდამაინც ჩვენი ვაგონის კონდიციონერი არ მუშაობდა. გაუსაძლის მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ის დღე როგორღაც გადავიტანეთ. მეორე დილით ვაგონის გამცილებელს შევჩივლეთ, რომელმაც მატარებლის უფროსი მოიყვანა.

 ფილმის გადაღებებზე ვსაუბრობდით. ფანჯარასთან, მაგიდაზე, სტალინის როლში გადაღებული მისი ფოტოსურათები ეწყო. მატარებლისუფროსმა რომ შემოიხედა, ჯერ ძია იაშას შეხედა, მერე ფოტოებს, ისევ ძია იაშას და გაოცდა: ბატონო იაკობ, თქვენ?.. რით შემიძლია დაგეხმაროთ?… ძია იაშამ თბილად შეჰღიმა: „იქნებ ცოტა გაგვაგრილოთ, სხვა არაფერი გვინდა“…

 უფროსი წამით დაფიქრდა, მერე კუპედან გავიდა, ხუთ წუთში სახანძრო ნაჯახით დაბრუნდა და ვაგონის დერეფნის რამდენიმე ფანჯარა ჩაამსხვრია: „ბატონო იაკობ, მთავარია, თბილისამდე გრილად იმგზავროთ, ვაგონს ეშველება“, – ღიმილით მიმართა იაშას.

© ოჯახის არქივიიაკობ ტრიპოლსკი
იაკობ ტრიპოლსკი - Sputnik საქართველო
იაკობ ტრიპოლსკი

 საუზმეზე მივიწვიეთ (როსტოვში ცოტა თევზი და ძეხვი ვიყიდე, პურიც გვქონდა). სუფრას დახედა. ამასობაში მატარებელი სადგურ „ბელორეჩინსკში“ გაჩერდა.ერთ წუთს მადროვეთო,– ჩაილაპარაკა და კუპედან გავიდა. ცოტა ხნის შემდეგ ხელდამშვენებეული დაბრუნდა. იმ დროს რკინიგზის ბაქნებზე მოსახლეობა ოჯახებიდან გამოტანილი პროდუქტებით ვაჭრობდა. შემადგენლობის უფროსმა შემოსვლისთანავე კმაყოფილებით შემოგვღიმა: შემოიტანა მოხარშული დედალი, მჟავეულობა, სოკოს მარინადი, რუსული ღვეზელი, „ჟიგულოვსკის“ ცივი ლუდი. ერთი ბოთლი „სტოლიჩნიც“ მოაყოლა, თვითონაც წაიხემსა და კუპედან გასვლისას გვითხრა: ჯერ ეს მცირედი… საქართველომდე უნდა მაცალოთო… და, აი, საქართველოში შემოვედით. მატარებელი სამტრედიის სადგურში გაჩერდა. ამოვიდა ხალხი, კუპესთან რიგი დადგა, მოჰქონდათ ღვინო, ხაჭაპურები, წიწილები და შემწვარი გოჭი. თურმე, ჩვენს უნებლიე მასპინძელს სამტრედიის რკინიგზის უფროსთან მატარებლიდან დაურეკავს – დამხვდით, „სტალინი“ მომყავსო. სადგურში განრიგით გათვალისწინებულზე მეტ ხანს გავჩერდით, ჩვენც ვისიამოვნეთ, დამხვდურმა სამტრედიელებმაც და ასე, ქეიფ-ქეიფით გავაგრძელეთ გზა. თურმე წინ კიდევ ერთი სიურპრიზი გველოდა. შემოვედით გორში და იქაც იგივე სურათი დაგვხვდა. გორელებმაც გულმხურვალედ მიგვიღეს. მაშინ რკინიგზის სადგურში, თვალსაჩინო ადგილას, სტალინის დიდი სურათი ეკიდა. გორელები კი ცოცხალ იაშა-სტალინს ეგებებოდნენ. აქაც კარგა ხანს გავჩერდით. იქ, ჩვენმა ერთ-ერთმა მასპინძელმა თქვა: ბატონო იაკობ, თბილისში კარგ ამბავს ვერ დაგახვედრებენ, ოპერის თეატრი დაიწვა და მასთან ერთად, სერგო ქობულაძის ცნობილი ფარდაცო.

 ძია იაშას კრიჭა შეეკრა.ერთი ჩაილაპარაკა: „ვერ წარმოიდგენთ, არტისტისთვის რა ძნელია, აკვანი რომ დაგეწვება, ეს ხომ ხალხის საუნჯე და ისტორიაა“… ეს იყო და ეს. თბილისამდე ხმა აღარ ამოუღია…

 P.S. ორიოდ დღის წინ სასიამოვნო ინფორმაცია გავიგე, სერგო ქობულაძის დიდებული ფარდა აღუდგენიათ და კვლავინდებურად დაამშვენებს თბილისის ოპერის თეატრს.

© Sputnik / STRINGERსერგო ქობულაძის სახელგანთქმული ფარდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში
სერგო ქობულაძის სახელგანთქმული ფარდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში - Sputnik საქართველო
სერგო ქობულაძის სახელგანთქმული ფარდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში

ყველა ახალი ამბავი
0