თუმცა დროს თავისი კორექტივები შეაქვს და ტრადიციის მისეულ ვერსიას პირდაპირ ფილმებიდან გვაწვდის ხოლმე. ასე მაგალითად, ახალი წლის ღამეს აბანოში წასვლის ყოფითმა ტრადიციამ ელდარ რიაზანოვის ცნობილი კინოჰიტის მერე აბანოსთვის უჩვეულო, რომანტიული დატვირთვა შეიძინა…
ჯერ ისტორიით დავიწყოთ: უცნაურია, მაგრამ X-XV საუკუნეების თბილისური აბანოების შესახებ ცნობები ჩვენამდე ძირითადად არა ქართველებისგან, არამედ უცხოელებისგან მოვიდა.
ცნობილი ფრანგი მოგზაურის, შარდენის ცნობით, თბილისში გოგირდის წყლის აბანოებს მარტო სამკურნალოდ კი არ იყენებდნენ, არამედ როგორც ხალხის თავშეყრის, აზრთა გაცვლა-გამოცვლის, ყოფითი საკითხების გადაწყვეტის და გართობის ადგილს.
მოგვიანებით ჩნდება ქართული დოკუმენტური მასალაც, საიდანაც ირკვევა, რომ თბილისური აბანოების დიდი ნაწილი თურმე კერძო პირთა საკუთრებას წარმოადგენდა, ამიტომ ესა თუ ის აბანო თავისი პატრონის სახელს ატარებდა. ასე მაგალითად, მელიქ ელანას ან ყიასა ვეზირის აბანო…. ან კიდევ სახელებს მათ ხალხი არქმევდა: სახალხო აბანო, ციხის აბანო, დიდი აბანო, პატარა აბანო და ასე შემდეგ… XX საუკუნის ბოლოს თბილისში, აბანოთუბანში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად უძველესი აბანოს ნაშთებიც აღმოჩნდა.
ექსპედიციის ხელმძღვანელი, არქეოლოგი მერაბ ძნელაძე: ,,ჩემი ვარაუდით აბანოთუბანში, 40 მოწამეთა ეკლესიის ტერიტორიაზე აღმოჩენილი აბანოს ნაშთები რომაული უნდა იყოს, ამ აღმოჩენას ქალაქისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს“.
რა თქმაუნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ რიტუალისთვის რომაელები ჩვენს ტერიტორიაზე ჩამოდიოდნენ…
მაგრამ შევეშვათ რომაელებს, თბილისელი ქალებისთვის აბანოს სხვა დატვირთვაც ჰქონდა. ძველ თბილისში ხანუმები და სადედამთილოები გასათხოვარ ქალებს მხოლოდ,,ევას სამოსში“ აფასებდნენ და არჩევდნენ. ალბათ ესეც ბედის ირონია იყო, რომ სასიძოს მიერ არჩეულ სატრფოს კანდიდატურას მომავალი სადედამთილოს აბანოში ვიზიტის მერე, შესაძლოა, სერიოზული ალტერნატივაც გასჩენოდა. ქალებისთვის აბანოში წასასვლელად თბილისში კონკრეტული დღე, რატომღაც, სამშაბათი იყო გამოყოფილი. ამ დღეს აბანოში წამსვლელი ქალები სახლიდან ალიონზე გამოდიოდნენ, რათა კაცებს ისინი ფერ–უმარილის (ანუ თანამედროვე ენით რომ ვთქვა, მაკიაჟის) გარეშე არ დაენახათ. სახლში შებინდებისას ბრუნდებოდნენ, ამდენად ქალები მთელი დღე აბანოში რჩებოდნენ, იქვე სადილობდნენ, ერთობოდნენ და ქალაქურ ჭორ–მართალსაც ადგილზე იგებდნენ.
თბილისში აბანოში წასვლის ტრადიცია დღემდე არსებობს და ძველებური მექისის სერვისიც ისევ აქტუალურია, დღეს უკვე ქალაქის სტუმარმაც იცის, რომ მას სამკურნალო–გამაჯანსაღებელი ეფექტიც ახლავს. მით უფრო, თუ საქმე გოგირდის წყლების ისტორიულ აბანოს ეხება.
გადავწყვიტე, გამეგო ახალ წლამდე, ზუსტად 31 დეკემბერს თუ მიდიან თბილისელები აბანოში, ამის გარკვევა ერთ აბანოში ვცადე. (რეკლამაში რომ არ ჩაგვეთვალოს–აბანოს არ ვასახელებთ).
– მაინტერესებს 31 დეკემბერს, ანუ ახალი წლის ღამეს თუ მოდიან აბანოში კლიენტები?
– რათქმაუნდა მოდიან, ძირითადად მამაკაცები, რადგან ქალები ამ დროს საახალწლო სუფრას ამზადებენ ხოლმე…
–ტრადიციული ქისა ისევ არის?
–აბა როგორ? თანაც, კარგი მექისეები გვყავს.
–კაცები, არა?
–მექისეები უფრო კაცები არიან.. სამი მექისე გვყავს: ალიკა, თემო და კუკა..
– კუკა ზედმეტი სახელია?
–კი, ისე კუკარაჩა ჰქვია...
–კუკარაჩა აბანოში? ეს რაღაც ახალია, ადრე ეს სახელი მარტო მილიციელთან ასოცირდებოდა… თქვენს მექისეებს ეს ძველი ხელობა ტრადიციული წესით აქვთ ნასწავლი?
–აბა, რაა? ტანს ზელენ, საპონს უსვამენ, ამასაჟებენ კიდეც. ასეთი მასაჟი სხეულში სისხლის მოძრაობას აწესრიგებს.
–რაიმე განსაკუთრებული ამბავი ხომ არ გახსენდებათ?
–განსაკუთრებული არაფერი მომხდარა: მოდიან ბანაობენ, სასმელსაც სვამენ და მიდიან…
სიტყვამ მოიტანა და, აბანო თბილისში ქალაქური ბოჰემის ნაწილსაც წარმოადგენდა, ამიტომ ორთაჭალის ბაღებში დაწყებული ქეიფი აუცილებლად აბანოთი მთავრდებოდა. იმ ფაქტის შესახებ, რომელიმე შეზარხოშებული ყარაჩოღელი გორის მაზრის ნაცვლად ქუთაისის გუბერნიაში აღმოჩენილიყო,– ისტორია დუმს.
ყველა შემთხვევაში, ტრადიციის გაგრძელება მაინც ღირს, ჯერ ერთი, ეს თქვენს ჯანმრთელობას არგებს, ანუ გაამებთ, მერე კიდევ, რა იცით, რა ხდება? ამბობენ, ფორტუნას განსაკუთრებით ახალი წლის ღამეს მოულოდნელი პასაჟები ჩვევიაო…