თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. თურქული დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ქართველი მეზღვაურების დასაქმება გამარტივდება. ეს შესაძლებელი გახდა საქართველოსა და თურქეთს შორის მეზღვაურთა კომპეტენციის სერტიფიკატების ორმხრივი აღიარების თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის შედეგად, რომელიც გაფორმდა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის შესაბამისი კონვენციის ფარგლებში, იტყობინება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
აღნიშნული მემორანდუმზე ხელმოწერა უმნიშვნელოვანესი ისტორიულ მოვლენაა ორი ქვეყნის საზღვაო ადმინისტრაციების ურთერთობისთვის, მიღებული შედეგი საშუალებას აძლევს ქართველ მეზღვაურებს დასაქმდნენ თურქული დროშის ქვეშ მცურავ 600-მდე საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართულ გემებზე.
მემორანდუმზე ხელმოწერა შედგა თურქეთში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დელეგაციის ვიზიტის დროს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს აღნიშნული სააგენტოს დირექტორმა კაპიტანმა მამუკა ახალაძემ და თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეებისა და კომუნიკაციების სამინისტროში შემავალი საზღვაო საქმეებისა და შიდა წყლების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელმა ბატონმა მეჰდი გონულალჩაკმა.