თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საქართველო ისევ მიიღებს სავალუტო კრიზისს, თუ ლარს ქვეყნის ეროვნული ბანკის მხრიდან მხარდაჭერა არ ექნება, — თვლის ექსპერტი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის საკითხებში ლია ელიავა.
„ბევრი განვითარებადი ქვეყანა გადადის ეროვნული ვალუტის მცოცავ რეჟიმში და ეს ითვლება გარე შოკების აბსორბციის ეფექტურ მეთოდად, თუმცა არასწორია საქართველოში სავალუტო კურსის სრულებით მიშვება, ვინაიდან ჩვენი ეკონომიკა არ არის იმდენად განვითარებული, როგორც სხვა ქვეყნებში. თუ ლარს ეროვნული ბანკის მხრიდან არ ექნება მხარდაჭერა, სავალუტო ინტერვენციების სახით, ჩვენ სისტემატიურად გვექნება ისეთი სავალუტო კრიზისები, როგორიც გადავიტანეთ უკანასკნელი 9 თვის განმავლობაში“-განაცხადა ლია ელიავამ.
ექსპერტის თქმით, დღეს ლარი არ არის მცოცავ რეჟიმში, ის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ინტერვენციების მეშვეობით იმართება.
„ეროვნული ბანკის მონდომების შემთხვევაში ის საკმაოდ წარმატებულად ახერხებს ლარის სტაბილურობის შენარჩუნებას“-აღნიშნა ლია ელიავამ.
საქართველოს ხელისუფლება ეროვნული ვალუტის — ლარის — მცოცავ რეჟიმს შეინარჩუნებს, რაც ქვეყნისთვის მოცემულ რეალობაში ყველაზე მისაღებია.
ამის შესახებ აღნიშნულია სამთავრობო პროგრამაში „ძლიერი, დემოკრატიული და ერთიანი საქართველოსთვის“, რომელიც საქართველოს პარლამენტს, მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან ერთად, ნდობის მოსაპოვებლად წარედგინა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა ეროვნულ ბანკს ხელს შეუწყობს ქვეყნის მონერატული პოლიტიკის ეფექტურად რეალიზებაში. ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის შესაბამისად განისაზღვრება.
„გამომდინარე იმ პროცესებიდან, რომელიც ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის რყევებს მოჰყვა რეგიონში და არსებული გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის შეთანხმებული რეალიზაცია და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთთანამშრომლობა, რომელიც ადეკვატური პოლიტიკის განსაზღვრას შეუწყობს ხელს. მიუხედავად გამოწვევებისა, საქართველოს მთავრობა ლარის მცოცავ რეჟიმს შეინარჩუნებს, რაც ქვეყნისთვის მოცემულ რეალობაში ყველაზე მისაღებია“, — ნათქვამია სამთავრობო პროგრამაში.
ქვეყნის ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება გასული წლის ნოემბრის თვიდან დაიწყო. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გადახედვის შესახებ განცხადება გააკეთა და იგი 5%–დან 2%–მდე დაწია. ხელისუფლებამ კრიზისული მდგომარეობიდან გამოსასვლელად, ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა. საქართველოს მთავრობამ რამდენიმე ხნის წინ განმარტა, რომ ლარის დევალვაციის შეჩერებისთვის დამატებითი რეზერვების გამოყენება მოხდება.
2014 წელს აშშ დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტა 1, 7542 ლარი გახდა, ხოლო 2015 წლის 22 სექტემბერს — 2,4499 ლარს მიაღწია. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი 29 დეკემბერს 2,4060 ლარია.