თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. ირანის სამხედრო ძალებმა ქალაქ ერ-რამადის გათავისუფლების სპეცოპერაციისას შეძლეს იმ ტერორისტის დაკავება, რომელიც ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ (არაბულად- დაიში) ფინანსთა მინისტრის მოვალეობას ასრულებდა, იუწყება სამხედრო შტაბის საინფორმაციო ბიურო.
„ერ-რამადის მაცხოვრებლებმა უსაფრთხოების სამსახურის ძალებს აცნობეს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ე.წ „ფინანსთა მინისტრი“ მათ ქალაქში იმალება და ტერორისტების დაბომბვის შემდეგ ქალაქიდან გაქცევას გეგმავდა. ის უკვე დაპატიმრებულია“, — ნათქვამია ბიუროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ორშაბათს ირანის არმიამ ერ-რამადის ტერორისტებისაგან გათავისუფლების შესახებ განცხადება გააკეთა.
„ისლამური სახელმწიფო“ ამჟამად მსოფლიოში ყველაზე დიდი საფრთხეა მსოფლიოსთვის. სამი წლის განმავლობაში მან სირიისა და ერაყის მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაიპყრო და თავისი გავლენის გაფართოებას მომავალში ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში გეგმავს.
ტერორისტულ დაჯგუფებასთან ბრძოლის ერთიანი ფრონტი არ არსებობს. დაჯგუფებას ებრძვიან სირიისა და ერაყის სამთავრობო ჯარები, საერთაშორისო კოალიცია აშშ-ის მეთაურობით (ისინი მხოლოდ საჰაერო დარტყმებით შემოიფარგლებიან), ქურთები და ასევე ლიბანელი თუ ერაყელი შიიტი მეამბოხეები. საომარი მოქმედებების შედეგად დაიღუპა ასობით ათასი მშვიდობიანი მცხოვრები, ხოლო რამდენიმე მილიონი ლტოლვილად იქცა.