თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. ისრაელის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ეჰუდ ოლმერტის სასჯელი შეამსუბუქა და პატიმრობის თავდაპირველი ექვსწლიანი ვადა წლინახევრით შეცვალა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ რადიოსადგურ „კოლ ისრაელზე“ დაყრდნობით.
ხუთმა მოსამართლემ ამგვარად დააკმაყოფილა აპელაცია თელ-ავივის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც 2014 წელს ოლმერტი დამნაშავედ აღიარა. საქმე იერუსალიმში პრესტიჟულ საცხოვრებელ კომპლექს „ჰოლილენდის“ მშენებლობაზე ხელშეწყობის სანაცვლოდ ქრთამის აღებასეხებოდა.
„ჰოლილენდის საქმე“, რომელიც ოლმერტის იერუსალიმის მერად ყოფნის პერიოდს ეხება, მისი მთავრობის მეთაურის თანამდებობის დატოვების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. ამან ოლმერტს პოლიტიკური კარიერის გაგრძელების საშუალება ჩამოართვა.
ოლმერტი ისრაელის ისტორიაში პირველი პრემიერია, რომელსაც თავისუფლება რეალურად აღეკვეთა. ახლა ის, გაუპატიურებისთვის ბრალდებული პრეზიდენტის მოშე კაცავას შემდეგ, ყველაზე მაღალჩინოსანი პატიმარი იქნება.