თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. საუდის არაბეთის უსაფრთხოების ორგანოებმა ყაზახეთის ხუთი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც ტერორისტულ ორგანიზაციებში გაწევრიანების მცდელობაში არიან ეჭვმიტანილნი, იუწყება კვირას საუდის არაბეთის გაზეთი „ალ-ჯაზირა“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.
გამოცემის ინფორმაციით, ეჭვმიტანილები „სწრაფი პრევენციული სპეცოპერაციის“ შედეგად წინააღმდეგობის გარეშე აიყვანეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საუდის არაბეთში ტერორიზმის ბრალდებით ყაზახეთის მოქალაქეები დააკავეს.
საუდის არაბეთის სამეფოს სპეცსამსახურებმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში სულ 75 ადამიანი დააკავეს, რომლებიც, სავარაუდოდ, ტერორისტულ ორგანიზაციებში გაწევრიანებას ცდილობდნენ. მათგან ნახევარზე მეტი საუდის არაბეთის მოქალაქეები არიან, დანარჩენები კი — სირიის, პაკისტანის, ყაზახეთის, ინდოეთის, იემენის, ეგვიპტის, პალესტინის, იორდანიის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და აშშ-ის მოქალაქეები.