საით მიდის ქართული ღვინის გზა?

© http://www.adami.geქართული ღვინო
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
გამოწერა

 ირმა ლეჟავა

  მითოსის ხანაში ქართველები ვაზს „სიცოცხლის ხეს“ უწოდებდნენ. იგი ყველაზე მეტად შეიწოვდა მზის ძალას, მზის ძალა ღვინოში გადადიოდა,  ღვინოდან — ქვევრში, „ქვევრიდან — ხაპში,ხაპიდან — დოქში, დოქიდან — ჯამში“ (მ. მაჭავარიანი) და მზისგან მოცემული სიყვარულის ძალა ათრობდა ადამიანს;  წმინდა ნინომ  ქრისტიანობა ვაზის ჯვრით იქადაგა საქართველოში; ქართულ ჩუქურთმაშიც ვაზის სილამაზე ჩააწნეს; ღვთისმშობლის ქართული სადიდებელი — „შენ ხარ ვენახი“ ვაზისა და მზის ერთიანობაა. ვაზს ჩვენში დღესაც ეფერებიან და  გამორჩეულად უვლიან, მისგან მოწეული ყურძნით კი მართლაც ღვთაებრივ სასმელს ამზადებენ და ინახავენ, ვინ —უძველესი ტრადიციით, ვინ — ახლებურად…

 საქართველოს გზებზე თვალში მოგხვდებათ ერთფერი ისრიანი ნიშნულები წარწერით — „ღვინის გზა“. თითოეულს საღვინე სახლამდე — მარნამდე მივყავართ, ყველაფერს კი ტურიზმის ერთ-ერთი მიმართულება — ღვინის ტურიზმი აერთიანებს. ვაზისა და ღვინის ქვეყანაში ღვინის ტურიზმინელ-ნელა იკიდებს ფეხს და თუ — როგორ, ამაზე ტურიზმის სპეციალისტი ია თაბაგარი გვესაუბრება. 

- ქალბატონო ია,  როგორ ჩაეყარა  საფუძველი საქართველოში ღვინის ტურიზმს?

- წარწერას „ღვინის გზა“ ღვინის კულტურის მქონე ყველა ქვეყანაში ნახავთ, ჩვენთან კი, სამწუხაროდ, არც მსგავსი რამ არსებობდა, არც ღვინის ტურიზმის გამოცდილება გვქონდა. საქართველოს „ღვინის გზის“ პროექტი 2011 წელს დავიწყეთ. ამ საკმაოდ გაბედული გადაწყვეტილების  მოსურნე და ინიციატორი სახელმწიფოც იყო და კერძო სექტორიც, მისი გაკეთება სახელმწიფომ და საერთაშორისო ორგანიზაცია „USAID“-მა დაგეგმა, მე კი პროექტის მრჩეველი გახლდით. მიუხედავად სკეპტიკოსთა კრიტიკისა, მაინც გაკეთდა ესკიზი. გვინდოდა, ნიშნულზე ვაზისა და ყურძნის სიმბოლიკა ქართული ყოფილიყო, ფერი კი — საფერავის. თურმე სახელმწიფო სტანდარტი არსებობს და რა ფერსაც გინდა, იმას ვერ გააკეთებ. ამიტომ შეირჩა ის სახე, რაც დღეს გვაქვს. ადამიანთა გარკვეული ჯგუფი თავდაპირველად კახეთში ჩავიდა, აღრიცხა ყველა დიდი თუ პატარა მარანი, გაითვალისწინა, ვის სურდა, მის ობიექტამდე მისულიყო ტურისტი (ზოგიერთი პატარა მარნის მეპატრონემ ბიზნესში ჩართვა არ ისურვა), სია შეჯამდა და ამის მიხედვით დაიდგა ნიშნულებიც. დაიწყო კახეთით, შემდეგ დაემატა ქართლი და იმერეთის ნაწილი და საბოლოოდ 50-მდე მარანი მოხვდა „ღვინის გზაში“, თუმცა ნიშნულები ყველგან მაინც არ არის. 

© ირმა ლეჟავაიმერეთის ღვინის რუქა
იმერეთის ღვინის რუქა - Sputnik საქართველო
იმერეთის ღვინის რუქა

- საით მიდის არსებული ღვინის გზა?

- ტურისტის გზამკვლევი ნიშნული მარნამდე უნდა მივიდეს — ქართულად სწორედ ასე ჰქვია საღვინე სახლს, მიუხედავად მისი მასშტაბურობისა,მარანი კი თავის ფუნქციას აუცილებლად უნდა ამართლებდეს. ტურისტს იქ  სათანადოდ უნდა მოემსახურონ. პირველ რიგში, უნდა დახვდეს მასპინძელი;  გამართული ინფრასტრუქტურა — სველი წერტილი;  მაღალხარისხიანი ღვინო — ეს მარნის პრესტიჟის საკითხიც არის და ქართული ღვინის რეპუტაციისაც; უცხო ენაზე მოსაუბრე ადამიანი, რომელიც იქ დასაქმებულია დროებით ან მუდმივად, ან ოჯახის წევრია, რომელიც სტუმარს გაუძღვება მარანში, გაასინჯებს ღვინოს, მოუყვება მარნის ისტორიას, თუ ტრადიციული საღვინე ჭურჭელი — ქვევრებია, ქვევრებზეც უამბობს. ტურისტი ინტერნეტით წინასწარ აირჩევს  მარანს და მერე ისე სტუმრობს მას. ვიღაცას დიდი ინდუსტრიული მარნის მონახულება სურს, ვიღაცას — საოჯახო პატარა მარნის. უმეტესად ტურისტს ტრადიციული მეღვინეობა აინტერესებს.

© ირმა ლეჟავაშიდა ქართლის ღვინის რუქა
შიდა ქართლის ღვინის რუქა - Sputnik საქართველო
შიდა ქართლის ღვინის რუქა

- გულისხმობთ ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციას, რომელიც „იუნესკოს“ არამატერიალური კულტურის ძეგლთა ნუსხაში მოხვდა?

- დიახ, ცხადია. ვინც პატარა ქალაქებსა და სოფლებში პროექტში ჩართვის სურვილი გამოთქვა, ჩასვეს კიდეც, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრი ისეთი მარანია, ყველა მოთხოვნას რომ ვერ ამართლებს. დამაკმაყოფილებელი არ არის ინფრასტრუქტურა;  დასახვეწიასტუმრის მიღების ფორმა —ტურისტი მიდის და მარანში არავინ ხვდება,სახლი დაკეტილია, მასპინძელი — სადღაცაა, ტელეფონს არავინ პასუხობს და ა.შ. ზოგან ხვდებიან, მაგრამ ტურისტს თარჯიმანი არ ახლავს, მარანში კი უცხო ენაზე მოსაუბრე არავინაა, სტუმარს მარნისა და ღვინის პრეზენტაცია რომ მოუწყოს. დიდმა მარნებმაცკი, სადეგუსტაციო დარბაზები რომ აქვთ, სწორედ დეგუსტაციის ფორმა უნდა დახვეწონ. ამიტომ, ახალი პროექტი რომ დაიწყება, აუცილებლად კარგად უნდა განისაზღვროს კრიტერიუმები, რის მიხედვით ვუკეთებთ წარწერას. 

- ვინ ამოწმებდა მარნებს არსებული კრიტერიუმებით და მომავალში ვინ შეამოწმებს?

- თვითონ კრიტერიუმები არ იყო სწორად განსაზღვრული, რამაც გამოიწვია შეცდომები. მაგალითად, მკაფიოდ არ იყო ჩამოყალიბებული, ვის უნდა განესაზღვრა ღვინის ხარისხი, არ ვიცოდით, ლაბორატორიული კვლევა უნდა ჩაგვეტარებინა თუ ნიადაგი შეგვემოწმებინა, რით იყო შეწამლული; ნამდვილად ბიოღვინო იყო მარანში თუ ორგანული და ა.შ. ძალიან ბევრი კითხვა ჩნდებოდა. მაგრამ ვიფიქრეთ, რომ იდეის განხორციელებაზე უარი მაინც არ უნდა გვეთქვა. მთავარი იყო, დაგვეწყო. მეორე ეტაპზე ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ.კრიტერიუმების დასახვეწად ძალიან მნიშვნელოვანია  საინფორმაციო და საგანმანათლებლო ტრენინგები. არ ვამბობ,  საქართველოში გლეხს ღვინის დაყენება ვასწავლოთ-მეთქი, მაგრამ როგორ წარადგინოს ღვინო სტუმართან და რაზე ისაუბროს, აუცილებლად დასახვეწია.

© ირმა ლეჟავაკახეთის ღვინის რუქა
კახეთის ღვინის რუქა - Sputnik საქართველო
კახეთის ღვინის რუქა

- ღვინის დაყენების ხარისხით საქართველოს რომელი კუთხე გამოირჩევა?

- ძნელი სათქმელია. ძალიან ცუდი ღვინოც გაგვისინჯავს და ძალიან კარგიც. სიმართლე გითხრათ, ჯერ არ ჩამოგვიყალიბებია, როგორ უნდა შევარჩიოთ ღვინოები. ვთქვათ, შეიძლება  არსებობდეს მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც ყოველწლიურად, ყოველი რთველის შემდეგ შეამოწმებს ხარისხს.მაგრამ როგორც ჩანს, ხარისხს მაინც ბაზარი და მოთხოვნა უკეთ განსაზღვრავს.  სიმართლე გითხრათ, არც ვარ მომხრე ამ კომისიების, რადგან ის შეიძლება კორუფციის წყარო გახდეს. ამიტომ დაზუსტებით ჯერ ვერაფერს გეტყვით.

-  უფრო მეტად რომელი კუთხის მარნებით  ინტერესდებიან ტურისტები?

- კახეთი იმდენად სახელგანთქმულია ღვინით, თანაც, მეღვინეობის გასავითარებლად აქ წელს დიდი ინვესტიციები ჩაიდო, ამიტომ ბევრად უსწრებს სხვა რეგიონებს როგორც ტურისტული ინფრასტრუქტურით, ასევე, ღვინის წარმოებითა და ხარისხით. თუმცა არანაკლებია ქართლისა და იმერეთის ღვინოები და დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი რამდენიმე წლის შემდეგ საქართველოს ყველა იმ რეგიონს მოიცავს, სადაც ვენახია და ღვინის დაყენება — ტრადიციული. 

© ირმა ლეჟავაქვემო ქართლის ღვინის რუქა
ქვემო ქართლის ღვინის რუქა - Sputnik საქართველო
ქვემო ქართლის ღვინის რუქა

- საქართველოს „ღვინის გზის“ რუკებიც ხომ არსებობს? ვინ ადგენს მას?

- ზოგადად, რუკის შედგენა ნებისმიერ კერძო კომპანიას შეუძლია, მთავარია, ამ გზის საზღვრები არ დაარღვიოს. საზღვარგარეთის ტურიზმის საერთაშორისო ცენტრებში რუკების დიდი არჩევანია და მომხმარებელზეა დამოკიდებული, რომელს აირჩევს. ამიტომ რუკების, ბროშურების, ინფორმაციის მრავალფეროვნება ჩვენთანაც აუცილებლად უნდა იყოს. ჩვენთან „ღვინის გზის“ რუკა დეფიციტია. როგორც ვიცი, მხოლოდ 2 რუკა გვაქვს: ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ დაბეჭდილი. ამიტომ შემდეგი ეტაპისთვის ყოველმხრივ  უნდა მოვემზადოთ, რადგან ამ სფეროს განვითარებით გაცილებით მეტ ტურისტს მოვიზიდავთ, რაც კერძო მეწარმესაც დიდ სარგებელს მოუტანს და სახელმწიფოსაც.

ღვინის ეროვნულ სააგენტოს დღეისთვის მხოლოდ ქართული ღვინის გეოგრაფიის მაჩვენებელი რუკები აღმოაჩნდა, როგორც გვითხრეს, საქართველოს „ღვინის გზის“ რუკა მხოლოდ პროექტის პირველი ეტაპის ერთ-ერთ განმხორციელებელს — ღვინის კლუბს აქვს. ვფიქრობთ, პროექტის მეორე ეტაპი გაცილებით სრულყოფილი და ამ კუთხითაც მრავალფეროვანი იქნება.

 


ყველა ახალი ამბავი
0