ნინო ქუთათელაძე
თუ ძველი სტილით ვიანგარიშებთ, ის წელს 116 წლის გახდებოდა, თუ ახალი სტილით — 115-ის. არადა, თითქოს გუშინ იყო, თავისი ბუბუნა ხმით ლექსებს რომ კითხულობდა საქართველოს რადიოთი: „ეს თოვლია თუ მიმინომ დააფეთა მტრედები?“
ახლაც ზამთარია, სადაცაა ალბათ თოვლიც წამოვა და იქნებ ვინმეს წარმოუდგეს კიდეც მტრედისხელა დაფეთებული ფანტელები, პირველყოფილი სიწმიდით რომ ფარავენ დედამიწას. თუმცა ყველა პოეტი თავის შედარებას უძებნის ბუნების ამ სასწაულს. გალაკტიონის თოვლი ხან იისფერია, ხან — ალმაცერი, პაოლო იაშვილის თოვლი პირველი სიყვარულივითაა. „პირველი თოვლი მე მაგონებს პირველ სიყვარულს“ — იტყვის ის. თუ დავფიქრდებით, თითოეული მათგანის თოვლი ამღლებულთან, ღვთაებრივთან, წმიდასთან ასოცირდება, დიდი ილიას თქმისა არ იყოს, ადამიანის ბინძური ფეხი რომ არ შეხებია. გიორგი ლეონიძის თოვლი კი ყველაფერთან ერთად, ხვავრიელია. ამისთანა თოვლზე უბრალო გლეხი იტყოდა: „რა ბარაქიანად თოვსო!“ დიახ, პოეტი თოვლის დახასიათებისასაც ხელგაშლილია, ფანტელებისთვის არ ენანება ფერი და სიდიდე და თოვს მის ლექსში მტრედებად და მტრედისფრად.
გიორგი ლეონიძე 27 დეკემბერს დაიბადა, მაგრამ თავის დღეობას მშობლიურ პატარძეულში მაისის ბოლო კვირა დღეს იხდიდა ხოლმე. ამ დღეს მან „გოგლაობა“ უწოდა. და იცით, რატომ? საქართველოს თავისუფლების დღე შეფარულად რომ ეზეიმა. დღეს ჩვენ კარგად გვესმის პოეტის გულის ტკივილი, თავისუფლების წყურვილით შეძრული მისი სამყაროს გოდება.
ყველაზე უმცროს „ცისფერყანწელს“ როცა მეგობრები შემოეცალნენ, როცა მის ოჯახსაც არ ასცდა 30-იანი წლების რეპრესიების საშინელება, სხვა რა გზა იყო, შეფარვით უნდა ეზეიმა თავისუფლება, შრომაში ჩაეკლა წყურვილი. ისიც შრომობდა, შრომობდა თავდაუზოგავად, ეძიებდა დაკარგულ წინაპართა საფლავებს, თითქოს ამით უნდოდა ამოევსო უსაფლავოდ გადაგებულ მეგობართა სამარე. მან იპოვა და თავისი ხლით მტვერი გადააცალა დავით გურამიშვილის საფლავს უკრაინაში, დიდ ხანს ეძებდა ბესიკის უკანასკნელ თავშესაფარს და იპოვა კიდეც რუმინეთის ქ. იასში, დაეძებდა ფიროსმანის საფლავსა და ტილოებს, წერდა გამოკვლევებს, მან დაარსა მთაწმინდის მწერალთა მუზეუმი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურულ მუზეუმად გადაკეთდა და დღეს მის სახელს ატარებს, 1957-66 წლებში ხელმძღვანელობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტს, მისი ხელმძღვანელობით გამოდიოდა ალმანახი „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, რედაქტორობდა „ლიტერატურულ მატიანეს“. ალბათ აქ მისი სამეცნიერო ნაშრომების ჩამოთვლაც შეიძლება, მაგრამ დღეს მხოლოდ მისი დაბადების დღის აღნიშნვა გვინდა და რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა შევეხოთ მის ბრწყინვალე პოეზიას.
სასკოლო პროგრამაში გიორგი ლეონიძის მხოლოდ რამდენიმე ლექსია შეტანილი, მაგრამ ლიტერატურული საზოგადოება „ყივჩაღის პაემანთან“ ერთად, რომელიც ჯერ კიდევ 1928 წელს დაიწერა, აუცილებლად დაასახელებს „ოლეს“. ორივე ეს ლექსი ისე ახლოს დგას „ცისფერყანწელთა“ საერთო იდეოლოგიასთან, რომ მათ გარეშე წარმოუდგენელია საუბარი ქართული ლექსის დიდ ნოვატორებზე.
დგახარ, როგორც სახრჩობელა, — თვით გახრჩობენ მთები;
დაკიდებულ არწივს ჰგევხარ მომსხვრეული ფრთებით.
რაშო მიწას მიჭედილო, ვეღარ აიქროლე;
პარტახო და ნამეხარო, მარტოხეო ოლე!
ეს თვით პოეტის სულია, ეს ბოლოსდაბოლოს, საქართველოა, რომელსაც პოეტის სულში გაუდგამს ფესვი. „სახრჩობელა“, „მთები“, მიწას მიჭედილი რაში, „მომსხვრეული ფრთები“, რომელსაც გაქროლების საშუალებას არ აძლევს ბედისწერა… ის მარტოა ამ სამყაროში, მარტო და უთავისუფლო. მე ამ ლექსს ლირიკულ პოემას ვუწოდებდი. აქ თითოეული სტრიქონი იმდენ ასოციაციას იწვევს, ერთი დილიდან რომ დაიწყებ, მათ ჩამოთვლას მეორე დილამდე ვერ დაამთავრებ. ეს არის თავისუფლების ჰიმნი, სიყვარულის უთავბოლო ტკივილი, რომელსაც დასასრული არ გააჩნია. ამბობენ, სიმარტოვეში იბადებაო ჭეშმარიტება და იქნებ ჩვენც ვიპოვოთ ეს გზა.
გიორგი ლეონიძის სამშობლო მშვენიერია, მშვენიერი ქართული სიტყვებით დახუნძლული, ჯერაც რომ ელოდება თავის გამკითხავსა და გამომმზეურებელს.
ლიტერატურულმა კრიტიკამ მეორე მსოფლიო ომის თემაზე შექმნილი ლექსებისთვის „საქართველოს დიდი ჭირისუფალი“ უწოდა. გახსოვთ ალბათ: „ღიმილის ბიჭი ვიყავი, ბეჭზედ არწივი მეხატა“. ეს ლექსი მერე სიმღერად აჟღერდა და ომში დაღუპული ბიჭების გლოვის ზარად იქცა. აქაც „სამშობლო“ იყო მისი „ლექსის სახელი“, მისი „გულის ფეთქვა“.
თავისი პროზაული წიგნის „ნატვრის ხის“ შესავალში გიორგი ლეონიძე აღნიშნავს: „დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო! — ასე იტყოდნენ ჩემს ყრმობაში. ჩემი სოფლის ტყისპირებში ყოველ გაზაფხულზე ია ბღუჯეულად ამოდიოდა, არემარე სულ ლურჯად გადაიბურებოდა ხოლმე. მეგონა მთელი ქვეყნის დედებს აქ ეტირათ“. ვისაც ჰგონია, რომ ეს სიტყვები მხოლოდ საკუთარ დედას უძღვნა პოეტმა, ძალიან ცდება. სამშობლოსაც ხომ დედას ვეძახით ქართველები. დედა ხომ ყველაფრის საწყისია, ჩვენი მოდგმისაც, ჩვენი ცნობიერებისაც და ჩვენი მომავლისაც. ჩვენი ქვეყნის სილამაზე კი ჩვენი ბედისწერაა, იქნებ სასჯელიც, რადგან, მართლაც არავინ იცის, „საიან მოდის სილამაზე და საით მიდის“.
27 დეკემბერი გიორგი ლეონიძის დაბადების დღეა. მინდა ყველას მივულოცო ეს დღე და რაკი ახალი წლის წინა დღეებია, გიორგი ლეონიძის საყოველთაოდ ცნობილი სტრიქონი გავიხსენო: „ჩემო სამშობლოვ, შენი მეკვლე ვარ…“ გიორგი ლეონიძის მსგავსი საქართველოს სიყვარულით გულანთებული მეკვლეები არ დაგლეოდეთ ოჯახსა და სამშობლოში, საახალწლო სუფრასთან არ დაგვიწყებოდეთ „გოგლაურას“ შესმა, როგორც პოეტი იტყოდა: იმათ გაუმარჯოს, ვინც ახლა იბადება!