არტისტი მოაზროვნე ადამიანი უნდა იყოს

© http://rustavelitheatre.geმსახიობი მურმან ჯინორია
მსახიობი მურმან ჯინორია - Sputnik საქართველო
გამოწერა

 მანანა ტურიაშვილი

 მაყურებლის საყვარელ მსახიობს, ბატონ მურმან ჯინორიას რუსთაველის თეატრის საგრიმიორო  ოთახში შევხვდით. მისი მონო-სპექტაკლი „ქარი მწყურია მე პირდაპირი“, ახალი დამთავრებული იყო და დაღლილი, მაგრამ ბედნიერი მსახიობი თაყვანისმცემლებს გულთბილად ესაუბრებოდა. ჩვენ გულღიად გაგვიღო კარი მასპინძელმა და საახალწლო, მხიარულ განწყობაში, მისთვის ჩვეული, პროფესიული აზრები გაგვიზიარა.

© www.kino-teatr.ruმურმან ჯინორია - "წიგნი ფიცისა"
მურმან ჯინორია - წიგნი ფიცისა - Sputnik საქართველო
მურმან ჯინორია - "წიგნი ფიცისა"

 — რატომ უყვართ ადამიანებს შობა-ახალი წლის წინა დღეებში ხუმრობა, გახალისება. რატომ, იმიტომ რომ ზეიმია?

 — ალბათ იმიტომ, რომ ყველა ცუდი ამბავი  ძველ წელს უნდა გაჰყვეს და იმედი აქვთ, რომ ახალ წელს ოცნებებს აიხდენენ, ამიტომ ეფერებიან მას.

 — ბატონო მურმან, რა არის თქვენთვის იუმორი?

 — იუმორის გარეშე, არაფერი არსებობს. ჰამლეტს თამაშობ, დონ ჟუანს თუ მეფე ლირს, ეს ბრწყინვალე როლები იუმორის გარეშე ფერმკრთალდება. იუმორი  ცხოვრების      არსია და მისი საშუალებით, ყველაფერს საღად ხედავ.

 — იუმორისტული შემთხვევა, ალბათ გქონდათ?

 — იუმორის მეტი რა მქონია! ისე, იუმორი არ არის ტელევიზიაში, რადიოში თუ პრესაში მოჭარბებული კომედიური ამბები, სადაც მავანი ცდილობს სასაცილოდ გაითამაშოს, მაგრამ ხშირად გასამხიარულებელი ამბები სიბრიყვეში გადადის.

ავიღოთ გალაკტიონის პოეზიის ტრაგიზმი, მისი უდიდესი სევდა. ჩემ სპექტაკლში „ქარი მწყურია მე პირდაპირი“,  სანამ „მთაწმინდის მთვარეს“ და „ლურჯა ცხენებს“ წავიკითხავ, მანამდე უნდა შევამზადო მაყურებელი, ამიტომ მის გამოსაფხიზლებლად სპექტაკლში ასეთი ლექსი ჩავრთე:

 „გზად გურულ ქალს ვეუბნები,

 რომ გზაც ვარდით ნაფერია,

 ის ყურს მიგდებს,

 მკაცრად ამბობს, „მაი აფერია“.

 როცა ამგვარ რამეს ჩართავ, მაყურებელს ეხსნება გონება და გაიფიქრებს: „ვაა, რა კარგია ცხოვრება!“ და აი, მერე უკვე ართულებ და ეუბნები: არც ისე მარტივია ცხოვრება! ჩარლი ჩაპლინი, ხომ თავის თავსაც დასცინის, საერთო მდგომარეობასაც, ათას რამეს ამზეურებს, მაგრამ მისი იუმორი ბრიყვული კი არ არის, პირიქით, ის გიჩვენებს ყველაფერს: ამოგიხსნის სიღარიბის, გამოუვალი მდგომარეობის, დიქტატორობის და ა. შ. პრობლემებს. რატომ? იმიტომ, რომ იმდენად ღრმა არის მისი სათქმელი, რომ მას ამოხსნა უნდა. დღეს, ამოხსნა დაგვავიწყდა, ჩვენ მხოლოდ  მაყურებელის გართობა გვინდა და როცა ჩვენი გადაცემებისათვის მიყურებია, სატანჯველს შევუპყრივარ, ვინაიდან სასაცილო ამბების და ხუმრობები მოყოლა — ამოხსნა არ არის. მე პრეტენზია მაქვს, ამოვხსნა ტექსტი, ამბავი. ჩემ ვერსიას ზოგი მიიღებს, ზოგი არა, მაგრამ ჩვენს საქმიანობაში, აზროვნება უნდა ჩანდეს.

© https://www.youtube.comმურმან ჯინორია - "ქარი მწყურია მე პირდაპირი"
მურმან ჯინორია - ქარი მწყურია მე პირდაპირი - Sputnik საქართველო
მურმან ჯინორია - "ქარი მწყურია მე პირდაპირი"

 მახსენდება გენიალური რამაზ ჩხიკვაძე, ის ხომ გენიალური ადამიანი და გენიალური ხელოვანი იყო. ჩვენ ერთად ვთამაშობდით „მეფე ლირში“, კინოფილმებში… მან ძალიან კარგად იცოდა თავისი როლების სათქმელი, ზეამოცანა, მაგრამ თითქოს ყველაფერს აბითურებდა და თან მაყურებელზე, პარტნიორებზე ფიქრობდა. თავისი იუმორით ისე გამოაცოცხლებდა სიტუაციას, რომ ყველას აფხიზლებდა.

 ერთ ამბავი გამახსენდა, რომელიც გადმოცემით ვიცი: რუსთაველის თეატრში, მიხეილ თუმანიშვილი რეპეტიციას ატარებდა, რომელსაც ესწრებოდნენ ჩვენი საამაყო მსახიობები:  რამაზ ჩხიკვაძე, მედეა ჩახავა, გოგი გეგეჭკორი, ეროსი მანჯგალაძე, სალომე ყანჩელი… სამაგიდო რეპეტიციებია, სადაც ხდება აზრების,  მიმართულებების დადგენა, დასკვნების გამოკვეთა და ა. შ… „დაიწყეთ!“ უთხრა მსახიობებს ბატონმა მიშამ. ცოტა ხანში გაბრაზებულმა გაჩერა: „სტოპ! სტოპ!.. რა ხდება? რა არის? ამ სიტყვებს როგორ ისვრით? არც რეპლიკებზე ფიქრობთ, ვერც პარტნიორს გრძნობთ იმიტომ, რომ ამოცანები არ გაქვთ. დიალოგი ისე მიდის, რომ ამოცანები დაკარგულია! ძალიან გთხოვთ იპოვოთ ეს ამოცანები, რომ დიალოგი დიალოგს დაემსგავსოს! აბა, დაიწყეთ!“ ახლა, ჯერ ერთმა თქვა რეპლიკა, მერე მეორემ და მოვიდა რამაზ ჩხიკვაძის ჯერი, რომელიც ამ დროს მაგიდის ქვეშ შემძვრალიყო. პარტნიორმა ჩასძახა: „რამაზ, შენი რეპლიკაა!“ რამაზმა ქვევიდან ახედა და თუმანიშვილის გასაგონად თქვა: „ერთი წუთით, რა! ამოცანა დავკარგე, ვიპოვი და ამოვალ, რა!..“ ამ დროს, მან ძალიან კარგად იცოდა ამოცანა! აი, ეს არის იუმორი და არა, რაღაცა კურიოზული ამბების მოყოლა.

© http://rustavelitheatre.geმურმან ჯინორია და რამაზ ჩხიკვაძე - "მეფე ლირი"
მურმან ჯინორია და რამაზ ჩხიკვაძე - მეფე ლირი - Sputnik საქართველო
მურმან ჯინორია და რამაზ ჩხიკვაძე - "მეფე ლირი"

კიდევ ერთი ამბავი  გამახსენდა, რომელიც საზღვარგარეთ, რობერტ სტურუას „მეფე ლირის“ გასტროლზე მოხდა: ცხადია, რომ უცხოელებს ჩვენი ენა არ ესმით და იქ უფრო თამამი იყო რამაზ ჩხიკვაძე. ისეთ მიმართულებას აძლევდა ეპიზოდს, ისეთ რამეს გააკეთებდა, რომ პარტნიორებს აფხიზლებდა და ისინიც, მასთან ერთად გამოსავალს ეძებდნენ. ამ დროს იბადება იმპროვიზაცია და წარმოდგენა ცოცხალი ხდება… 

 ვართ საზღვარგარეთ, ლირს ბატონი რამაზი თამაშობს და მე კენტის როლს. იქ ერთი ეპიზოდია, სადაც კენტმა ვითომ სახე შეიცვალა და მეფე ლირთან მიდის, ვინაიდან მისი მეგობარია, უყვარს და მასთან სამსახური უნდა. ის მის გულს ხედავს და არა, მის დესპოტიზმს და დიქტატორობას. ბატონი რობერტის სპექტაკლში დეკორაცია თეატრს ჰგავდა, სცენაზე ლოჟა იდგა. იქ იყო ერთი ეპიზოდი: კენტი გამოდის ლოჟიდან, ამ დროს ბატონი რამაზი მაყურებელთან ზურგით დგას და მან უნდა მკითხოს: „ვინ ხარ?“ და მე უნდა ვუპასუხო: „ადამიანი!“… ბედად ეს სცენა ისე იყო გადაწყვეტილი, რომ მე შინდისფერი ნიღაბი მეკეთა და აი, დამიძახა: „ვინ ხარ?“ მე ძალიან მოვინდომე  და ინტონაციურად ისე ვუპასუხე, რომ „ადამიანი“-ს ნაცვლად გამომივიდა: „Адамян“ და იქ ბატონმა რამაზმა უმალ დაიწო: „ვა, ადამიან! სომეხი ხარ, კაცო?“ ამ რეპლიკაზე, ახალგაზრდა მსახიობები სიცილით დაიხოცნენ. ბატონი რამაზი აღარ მომეშვა და გაგრძელა: „კაცო, ჩვენთან ავლაბარში, ადამიანის სახელობის თეატრია და იქ ხომ არ მუშაობ?“ ძალიან სწრაფად მიმდინარეობდა ეს იმპროვიზაციული დიალოგი. მერე ჩვეულებრივ, შექსპირის ტექსტით გავაგრძელეთ ეპიზოდი. როცა პარტნიორი ასეთ ხუმრობას იწყებს, არ უნდა გაგეცინოს, უნდა მოთოკო შენი ნერვები და ამ მოთოკვაში და დაძაბულობაში სცენა ცოცხლდება. აი, ასეთი იყო ბატონი რამაზი. ბევრი კარგი რამ ხდება სცენის მიღმა, მაგრამ ეს კარგი რამ უხამსობად არ უნდა გადაიქცეს. აი, ხომ მიხვდით, როგორ გააკეთა ბატონმა რამაზმა? მე მახვილი ცოტა არასწორად დავსვი და ვთქვი „Адамян“. მან თქვა რეპლიკა: „ვაჰ, ადამიან?“, დაიწყო, და აღარ მომეშვა, ვინაიდან შექსპირის ტექსტებში ხუმრობას აგრძელებდა… ჩვენი იუმორი სცენაზე ყველას ესმოდა, მაგრამ მაყურებელს არა!

 ნორმალური მსახიობი გრძნობს მაყურებელს, რომელიც ხან გულითადია, ხან ძალიან თანამედროვე, მაგრამ ნუ გვგონია, რომ ის მგრძნობიარობით არტისტს ჩამოუვარდება. მსახიობის ხელოვნება, გასართობი საშუალება არ არის. არტისტი მოაზროვნე ადამიანი უნდა იყოს, ამიტომაც დგას ამაღლებულ ადგილზე — ფიცარნაგზე.  

ყველა ახალი ამბავი
0