ვახტანგ კობაიძე
თბილისური ეზო (ვიღაც-ვიღაცეებმა რატომღაც „იტალიური“ რომ შეარქვეს) ძველ უბნებში ჯერ კიდევ საკმაოდაა შემორჩენილი. მასში სულ მცირე 3-4 სხვადასხვა ეროვნების ოჯახი მაინც ცხოვრობს. ლხინსა და ჭირს ერთად იზიარებენ და ცხოვრობენ ასე, ერთმანეთის სიყვარულით და სიამტკბილობით. თუმცა, ბევრია ისეთი, ვინც ცდილობს, რომ საკუთარ ბინას ცალკე, იზოლირებული შესასვლელი გაუკეთოს… თბილისი თანდათან კორპუსებში ჩაიკეტა, სადაც ხშირია, რომ მეზობელი მეზობელს არ იცნობს, სალმითაც კი… ვერისუბანში თბილისურ ეზოში დავიბადე და გავიზარდე, ასე რომ, ასეთი ეზოს ფასი და პეწი ადრეული ასაკიდან შევიგრძენი და შევითვისე. განსაკუთრებით შაბათი დღე მახსენდება, როცა ეზოს მამაკაცები დილიდანვე ემზადებოდნენ, რათა საღამოს ერთად ევახშმათ და კვირის ამბები, ათასი ჭორ-მართალი ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ. ლუკმის გაყოფაც კარგად იცოდნენ, მეზობლობაც და ნათელმირონობაც.
ეს ამბავი ამ საახალწლოდ ჩემმა ძმობილმა რამაზ ჯაფარიძემ ღიმილით გაიხსენა და კარგადაც ვიმხიარულეთ. 1982 წლის ერთ დილით, დამდეგი ახალი წლის წინა დღეები იყო, რამაზი მირეკავს და მეუბნება –„ჩქარა ამოდი, კინაღამ ცეცხლში ამოვიბუგეთო“. სამსახურში ვიყავი, მაგრამ სამსახურს ვინ დაეძებდა… ტაქსი გავაჩერე და მთაწმინდაზე, თხინვალის შესახვევის 11 ნომერში შეშფოთებული საშველად მივაჭერი. ძნელი წარმოსადგენი არ არის თბილისური ეზო, დიდი ალაყაფის ჭიშკრით, სამსართულიანი ძველებური სახლი და რამდენიმე ფლიგელი… ამ ეზოში 7 ეროვნების ოჯახი სწორედ რომ ერთ მუშტად შეკრული ცხოვრობდა და დღესაც ცხოვრობს. მოკლედ, შევაჭერი და…: შუა ეზოში დიდი სუფრაა გაშლილი, ეზოს ბინადრები ქართველი, რუსი, ეზიდი, ებრაელი, სომეხი, ოსი, ერთი ხუთი მეხანძრე და აღმასმკომის თანამშრომელი სუფრას უსხედან, ასე ვთქვათ, ლხინობენ… „მეკვლეს, მეკვლეს გაუმარჯოს, ფეხბედნიერი ყოფილიყავი ამ ახალ წელს“ – შესძახა ძია ოთარ ჯაფარიძემ, (რამაზის მამა) ეზოს უხუცესმა და უბადლო თამადამ და ღვინით სავსე ჯამი გამომიწოდა.
„რა მეკვლე, რის მეკვლე, რა დროს ახალი წელია“ – შევბედე მოკრძალებით.
„შვილო, დაიმახსოვრე, როცა გასაჭირს გადაურჩები ცოცხალი რომ ხარ, მაშინ აქვს ლხინსაც ფასი და მაშინ გიხარია, ახალი წელიც მაშინ დგება“. დავილოცე როგორც ახალი წლის წესი და ადათი მოითხოვს და შევუერთდი ამ უჩვეულო დილას, უჩვეულო „ახალ წელს“. საქმე კი შემდეგში ყოფილა. ღამის ორ საათზე მეორე სართულზე, სამზარეულოში მოფუსფუსე დიასახლისის დაუდევრობას ხანძარი გაუჩენია. მთელი ეზო აქრობდა მეხანძრეებთან ერთად, რომ სხვა სართულებსაც არ მოსდებოდა ცეცხლი, დილისთვის ჩააქრეს, თუმცა ბევრი ვერაფერი გადაურჩენიათ. მესამე სართულიდან, სადაც ხანძარს ვერ აეღწია ოთარ ჯაფარიძეს გადმოუძახია: „აბა ჩვენი გადარჩენის იყოს, სუფრა გაშალეთ, ეზოშიახალი წელი დამდგარაო“. რამაზიმ სარდაფიდან ღვინო ამოიტანა, სახლში ვის რა ნუგბარი და საჭმელი ჰქონდა ის გამოუტანიათ და საახალწლო ზეიმიც შედგა… ლექსის წერასაც კი ვიწყებთ, ერთმანეთს რომ ვხვდებით წასრულს გაცრეცილი სურათებივით ვიხსენებთ.
ეს ლექსი, რომელსაც ბევრი პოეტი მოაწერს ხელს, ჩემმა ძმობილმა და ნათელმირონმა რამაზ ჯაფარიძემ ერთ-ერთ ჩვენს შეკრებაზე წაგვიკითხა… სწორედ წარსულის ნოსტალგიამ დააწერინა:
„მომენატრა სოლოლაკი, მთაწმინდა და ვერა
ის ძველი დრო გამახსენდა, მეგობრები ყველა,
მინდა წარსულს დავუბრუნდე, მე ხომ ზღაპრის მჯერა,
მაგრამ გზის გასაკვლევ ფოთლებს ქარმა დაუბერა…
და დავდივარ ამ ქალაქში, ვეძებ იმ ძველ უბნებს,
ვეძებ იმას ვინც წარსულზე ტკბილად ისაუბრებს,
გაიხსენებს თუ რა პეწი ჰქონდა იმ ძველ ქუჩას,
მოიგონებს ჯანოს, ლევანს, ჩოჩიკას და უჩას,
თუ ყველა ვერ ჩამოვთვალე, ღმერთო (მე) მაპატიე!
ლექსის რითმა აღარ მეყო, რამაზიც ვერ ჩავტიე!
P.S. აქსიომაა, ვინც წარსულს ვერ დააფასებს ის აწმყოს, მითუმეტეს, მომავალს ვერ ააშენებს!