2015 წელს “თელასის” მიერ ჩადებული ინვესტიციების მოცულობა 28,4 მილიონი ლარს შეადგენს

© Telasiთელასი, ენერგეტიკა
თელასი, ენერგეტიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
2015 წლის 11 თვის განმავლობაში კომპანია „თელასმა“ 2 მილიარდ 173,2 მლნ. კვტ/ს ელექტროენერგია შეისყიდა, რაც 158 მლნ. კვტ/ს-ით აღემატება 2014 წლის 11 თვის მაჩვენებელს.

თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. მიმდინარე წელს სს „თელასმა“ გააუმჯობესა კომპანიის ფინანსურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, თბილისის ელექტროქსელის ტექნიკური მდგომარეობა და აბონენტთა მომსახურების ხარისხი, კომპანიის პრესსამსახური იტყობინება. 

 2015 წელს “თელასის” მიერ საწარმოო და არასაწარმოო სფეროში ჩადებული ინვესტიციების მოცულობა 28,4 მილიონი ლარს შეადგენს. ამ თანხიდან 14,2 მილიონი ლარი ტექნიკური გადაიარაღების, რეკონსტრუქციის და კაპიტალური რემონტების პროექტების  განხორციელებას მოხმარდება, ხოლო 14,24 მლნ. ლარი ახალი აბონენტების მიერთების და ქსელის გაფართოების პროექტებზე დაიხარჯება.

 წელს ქვესადგურებში „ნავთლუღი-220“, „გლდანი-220“ და „ვარკეთილი“ კომპანია „თელასმა“ დახურული გამანაწილებელი მოწყობილობების რეკონსტრუქცია-მოდერნიზების პროექტები განახორციელა. ქვესადგურში „ორხევი“ ღია გამანაწილებელი მოწყობილობის და მართვის პულტის მოდერნიზაცია ჩატარდა. დასრულდა ორი ცენტრალური გამანაწილებელი მოწყობილობის №6000 და №6025 სრული რეკონსტრუქცია. შვიდ ქვესადგურში საჰაერო ელექტროგადამცემ ხაზებზე  სარელეო დაცვების რეაბილიტაცია განხორციელდა. აგრეთვე შეიცვალა 41 მოძველებული საკაბელო ხაზი და გაყვანილია 38 ახალი სარეზერვო საკაბელო ხაზი, რომელთა საერთო სიგრძე 47 კილომეტრს შეადგენს.

 ქვესადგურიდან „ბაგები“ დაბა წყნეთის მიმართულებით ახალი საკაბელო ხაზი აშენდა. არსებული 12-კილომეტრიანი მოძველებული საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი ხშირად გამოდიოდა მწყობრიდან, რაც ელექროენერგიის შეწყვეტის მიზეზი ხდებოდა. ამასთან დაკავშირებით კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება ახალი  საკაბელო ტრასის გაყვანის შესახებ, რამაც საგრძნობლად გააუმჯობესა წყნეთის ელექტრომომარაგება.

 რაც შეეხება ქსელის გაფართოებას, წელს კომპანიამ 17 ათასზე მეტი ახალი აბონენტის მიერთების სამუშაოები ჩაატარა.

 2015 წლის 11 თვის მონაცემებით 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქსელში დაფიქსირებული ტექნიკური ინციდენტების რიცხვი 7,8%-ით, ხოლო ელექტროენერგიის დანაკარგების მაჩვენებელი 0,32% შემცირდა.

 2015 წლის 11 თვის განმავლობაში კომპანია „თელასმა“ 2 მილიარდ 173,2 მლნ. კვტ/ს ელექტროენერგია შეისყიდა, რაც 158 მლნ. კვტ/ს-ით აღემატება 2014 წლის 11 თვის მაჩვენებელს. აგრეთვე, 2014 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით ამა წლის 11 თვის განმავლობაში მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის რაოდენობა 155,1 მლნ. კვტ/ს-ით გაიზარდა.

 მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის რეალიზაციის კუთხითაც. 2015 წლის იანვარ-ნოემბერში ელექტროენერგიის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა  შარშანდელ 11 თვის მაჩვენებელს 33,2 მილიონი ლარით გადააჭარბა.

 მიმდინარე წლის მანძილზე სამი განახლებული ბიზნეს ცენტრი გაიხსნა — „ტაბახმელა“, „წყნეთი“ და „ვარკეთილი“. ამჟამად დედაქალაქში მოქმედი ათივე ბიზნეს ცენტრი და მათი ფილიალები თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. ბიზნესცენტრებში აბონენტებს შეუძლიათ მიიღონ ნებისმიერი ინფორმაცია ელექტრომომარაგებასთან და ელექტროენერგიის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით, ოპერატიულად მოაგვარონ ნებისმიერი სახის ტექნიკური პრობლემა.

 თბილისის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციის და მოდერნიზების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. კომპანია “თელასი”-ს ინვესტიციები 2016 წელს 31 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 35 გიგავატს შეადგენს.

 

ყველა ახალი ამბავი
0