თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კათალიკოს–პატრიარქის, მცხეთისა და თბილისის არქიეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებიდან 38 წელი შესრულდა.
1977 წლის 25 დეკემბერს, საეკლესიო სინოდის გადაწყვეტილებით, მცხეთის საპატრიარქო ტაძარში კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ინტრონიზაცია მოხდა. ამასთან დაკავშირებით სადღესასწაულო საღმთო ლიტურგია წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწო.
ილია მეორე (ერობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური–შიოლაშვილი) გიორგი შიოლაშვილისა და ნატალია კობახიძის მეოთხე შვილი იყო. 1927 წელს ოჯახი საცხოვრებლად ვლადიკავკაზში გადავიდა, ახალშობილი შობის დღეს ქართულ ტაძარში მონათლეს.
1952 წელს ირაკლი შიოლაშვილმა ვლადიკავკაზის № 22 სკოლა დაამთავრა და იმავე წელს სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო, რომელიც 1956 წელს წარჩინებით დაამთავრა და როგორც საუკეთესო სტუდენტი, მოსკოვის სასულიერო აკადემიის პირველ კურსზე ჩაირიცხა. 1957 წლის 16 აპრილს, კათალიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III –ის ლოცვა-კურთხევით, თბილისის წმიდა ალექსანდრე ნეველის ტაძარში, 24 წლის ირაკლი შიოლაშვილი მეუფე ზინობმა ბერად აღკვეცა და დიდი წინასწარმეტყველის —ილიას სახელი უწოდა.
1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ბერი ილია ხელდასხმულია იეროდიაკვნად, ხოლო 1959 წლის 10 მაისს, კათალიკოს-პატრიარქ მელქისედეკის ლოცვა-კურთხევით – მღვდელ-მონაზვნად მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმიდესი და უნეტარესი პატრიარქის, ალექსის მიერ – წმიდა სერგის მონასტრის ტაძარში და დაჯილდოებულია ოქროს სამკერდე ჯვრით.
1960 წლის 19 დეკემბერს იგი აიყვანეს იღუმენის ხარისხში, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს – არქიმანდრიტის ხარისხში. 1963 წელს ილია მეორე ბათუმისა და შემოქმედის ეპარქიას ჩაუდგა სათავეში, იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის (1963–1972 წლები) რექტორი. 1967 წელს სოხუმის ეპისკოპოსი, ხოლო 1969 წელს– მიტროპოლიტი გახდა.
1977 წლის 9 ნოემბერს კი უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, დაადგინეს პატრიარქის მოსაყდრედ. 1977 წლის 23 დეკემბერს აირჩიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. იმავე წლის 25 დეკემბერს მოხდა მისი ინტრონიზაცია. პატრიარქს მიეკუთვნა სახელი ილია II (ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 1600 წლის წინ, 390-400 წწ. —ში).
პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია იყო და დაახლოებით 30-ზე მეტი მოქმედი ტაძარი.
დღეისთვის სულ 46 ეპარქიაა, პატრიარქის ჩათვლით კი, 47 მღვდელმთავარი, მათგან 2 ტიტულარულია. გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რაოდენობა. თბილისში წმინდა წამების ტაძარი აშენდა. დღეისთვის საქართველოში დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერია და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონი.