თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. ქართულმა მხარემ, საერთაშორისო წესების შესაბამისად, რუსეთში გამდიდრებული ურანის პარტია გააგზავნა, განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიგლა აგულაშვილმა.
აგულაშვილი ხუთშაბათს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ინსტიტუტს ეწვია, საიდანაც ურანიანი კონტეინერი გამოიტანეს და აეროპორტში გადატანეს.
„ჩვენ მაღალი გამდიდრების ურანი ქვეყნიდან გავიტანეთ. ეს დიდი მიღწევაა ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით. საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში. ჩვენ ტექნიკური მხარდაჭერა გავუწიეთ ქართულ მხარეს და კარგია, რომ ერთობლივი ეფექტური მუშაობით ეს პროექტი წარმატებით დასრულდა“, – განაცხადა აგულაშვილმა.
მისი განცხადებით, „მაღალი გამდიდრებული ურანი დადგენილი წესებით მწარმოებელ ქვეყანას – რუსეთს დაუბრუნდება“.
როგორც სამინისტროში აღნიშნეს, გამდიდრებული ურანის საქართველოდან რუსეთში გატანას საფუძვლად დაედო 2014 წლის 25 მარტის ბირთვული უსაფრთხოების ჰააგის სამიტის კომუნიკე, რომელიც სახელმწიფოებს მაღალგამდიდრებული ურანის მარაგის შესამცირებლად შესაბამისი ზომების მიღებას ავალდებულებს.
საქართველოს თავის ტერიტორიაზე გამდიდრებული ურანის მარაგი უკვე აღარ აქვს. რეპატრიაციის სანაცვლოდ ქვეყანა ორი მლნ აშშ დოლარის ოდენობის კომპენსაციას მიიღებს.
ადრე საქართველოში ურანს თბილისის იზოტოპების ინსტიტუტი და თბილისის გარეუბანში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბირთვული რეაქტორის კვლევით საქმიანობაში იყენებდნენ. რეაქტორის მუშაობა 1990 წელს შეჩერდა.