თბილისში რუსეთის ვიზებზე რიგები დადგა

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მას შემდეგ, რაც მოსკოვმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გადაწყვეტილება მიიღო, მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთში გამგზავრების მსურველთა რაოდენობა.

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. მას შემდეგ, რაც მოსკოვმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გადაწყვეტილება მიიღო, მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთში გამგზავრების მსურველთა რაოდენობა. ვიზების მისაღებად გრძელი რიგები დადგა თბილისში შვეიცარიის საელჩოსთან, სადაც რუსეთის ინტერესთა სექციაა განთავსებული. 

ამ დროისათვის რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობა ვიზების გარეშე შეუძლიათ, ხოლო საქართველოს მოქალქეევს რუსეთში წასასვლელად ვიზები სჭირდებათ. პრეზიდენტმა პუტინმა 17 დეკემბერს გამართულ დიდ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე 23 დეკემბერს გაამარტივა საქართველოს მოქალაქეებზე ვიზების გაცემის პირობები. 

ახლა ვიზების მიღება იოლია

„აქამდე რუსეთის ვიზის აღება ძალზე რთული იყო. ვიმეორებ, მოწვევა უახლოეს მეგობარს ან ოფიციალურ ორგანიზაციას უნდა გამოეგზავნა და იქაც მკაცრი სელექცია ხდებოდა. ახლა კი ნებისმიერი – ფიზიკური თუ იურიდიული – პირის მიწვევით საქართველოს მოქალაქეს შეუძლია აიღოს ვიზა და რუსეთში გაემგზავროს. თუ რომელ ვიზას აიღებს – სასწავლო, სამუშაო, საქმიანს თუ კერძოს, მისი გადასაწყვეტია“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეცწარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ. 

საქართველოს მოქალაქეს შეუძლია  ვიზა აიღოს საქმიანი, სასწავლო, სამუშაო და ასევე კერძო მიწვევის საფუძველზე, რომლითაც მან უნდა მიმართოს რუსეთის ინტერესთა სექციას შვეიცარიის საელჩოში. მიწვევის მიღება შესაძლებელია ელექტრონულადაც, რაც კიდევ უფრო ამარტივებს საქმეს. საბუთების გაფორმება, როგორც ადრე, ახლაც ფასიანია. 

რიგები საკონსულოში

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სავიზო რეჟიმის პირობების გამარტივების შემდეგ შვეიცარიის საელჩოსთან დილიდან ხალხის სიმრავლე შეინიშნებოდა. ყველას რუსეთში გამგზავრება სურდა. 

შეკრებილებს შორის ისინი ჭარბობდნენ, ვისაც აინტერესებდა, რა პროცედურები იყო გასავლელი ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ. „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტთან საუბრისას გაირკვა, რომ ახალი წლის დღესასწაულების შემდეგ ბევრი მათგანი აპირებს ნათესავებთან რუსეთში, უმეტესად, მოსკოვსა და სანკტ–პეტერბურგში გამ გზავრებას. 

ვიზის მიღება ერთ დღეშია შესაძლებელი. ამისათვის წინასწარი ელექტრონული ჩანაწერის გაკეთებაა საჭირო, რაც გარკვეულ დროს  მოითხოვს. შვეიცარიის საელჩოსთან ყოველთვის დგანან მორიგე თანამშრომლები, რომლებიც მოკლედ განგიმარტავენ პროცედურას. 

რუსეთის ინტერესთა სექციის თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ „მსურველების რაოდენობა ბევრად გაიზარდა“, თუმცა არ დაუზუსტებიათ, სტატისტიკურად რამდენი ვიზა გაიცემა დღეში და რა სახის ვიზაზე იყო განაცხადები სავიზო რეჟიმის შემსუბუქების შემდეგ. 

რუსეთში საშოვარზე?

შვეიცარიის საელჩოსთან გაჭიმულ რიგში არავის უთქვამს, რომ რუსეთში სამუშაოდ წასვლა სურს, თუმცა ქართველი ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ხალხი თანდათან მოდის აზრზე. რუსეთის გარდა სავიზო რეჟიმი ევროკავშირმაც გაამარტივა და ახლა საქართველოს მოქალაქეებს ასარჩევად აქვთ, სად წავიდნენ საშოვარზე — რუსეთში თუ ევროპაში. 

საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი და ექსპერტი პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში გამეფებული უმუშევრობის ფონზე, სწორედ რუსეთში გაემგზავრებიან და არა ევროპაში, ვინაიდან სწორედ რუსეთის მსხვილ ქალაქებში ეძებენ სამუშაოს ქართველები. 

„პროპორცია ასეთია, რომ 800 ათასზე მეტი ქართველი იმყოფება რუსეთის ტერიტორიაზე… ისინი იქ მუშაობენ, ფულს უგზავნიან ოჯახებს… ადამიანები ფიქტიურ ქორწინებას აფორმებენ და რა ეშმაკობაზე აღარ მიდიან, ოღონდაც რუსეთში წავიდნენ. მე რუსეთის  ყოფილ საელჩოსთან ახლოს ვცხოვრობ და იქ იმხელა რიგებიდგას ხოლმე, რომ მოძრაობა იკეტება. და ეს იმ პირობებშიც კი, როცა ვიზის მიღება ძნელი იყო“, — უთხრა პეტრე მამრაძემ „რია ნოვოსტის“. 

 


ყველა ახალი ამბავი
0