თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ეძლევა ჩაერთოს აქციაში „აჩუქე წიგნი პატიმარს“, რომელიც 25–27 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საახალწლო წიგნის ფესტივალის ფარგლებში გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.
ორგანიზატორების განმარტებით, წიგნები ბათუმის მესამე სასჯელაღსრულების დაწესებულებას გადაეცემა, რომელიც სამწუხაროდ თანამედროვე ლიტერატურას მოკლებულია.
„ამ აქციით გავამდიდრებთ რა ციხის ბიბლიოთეკას, ცოტათი მაინც შევცვლით პატიმართა ერთფეროვან ცხოვრებას, მარტივი ჟესტით მივულოცავთ ახალ წელს და ვეტყვით, რომ ჩვენ ისინი გვახსოვს“, – ნათქვამია განცხადებაში.
„აჩუქე წიგნი პატიმარს“ აქციის მონაწილეებისადმი მთავარი მოთხოვნაა – გაითვალისწინონ, რომ პორნოგრაფიული, სამშენებლო თემატიკის, ცეცხლსასროლი იარაღისა აწყობისა და ასაფეთქებელი საშუალებების დამზადების ინსტრუქციისშემცველი ლიტერატურა არ მიიღება. პატიმრებს არ გადაეგზავნება ასევე რასობრივი, რელიგიური თუ ნაციონალური მოწოდებების შემცველი წიგნები. წიგნების ზომა 21/30 სმ–ს არ უნდა აჭარბებდეს.
აქციის ორგანიზატორები არიან საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
საახალწლო წიგნის ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება სხვადასხვა წიგნის პრეზენტაცია და ღონისძიებები ბავშვებისათვის.